ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების - „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ შესახებ უახლესი კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.
„ინაქვიტირებული ვირუსები (სინოვაკი და სინოფარმი) არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ორი ბოლოდროინდელი სტატიით. ორივე ძალიან პრესტიჟულ და სანდო ჟურნალშია გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებელი). ერთი ლანცეტში გამოსაქვეყნებელი პრე-პრინტია. რაც იმას ნიშნავს რომ ჯერჯერობით სტატიას რეცენზია არ გაუვლია, მაგრამ გაივლის. მეორე დაიბეჭდა New England Journal of Medicine-ში (NEJM), ანუ რეცენზია გავლილი აქვს“, - წერს ვაქცინოლოგი.
ამ კვლევების ფონზე შესაძლებელია თუ არა, რომ ჩინური ვაქცინით ორსულები და ბავშვები აიცრან, რა დადებით ჩვენებები აქვთ „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“? for.ge-ს კითხვებს ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე პასუხობს.
ნინო გოგიჩაძე: ჩემის პოსტში ორ კვლევაზე ვსაუბრობ და წყაროც მითითებული მაქვს. New England Journal of Medicine-ში (NEJM)- ის კვლევა 2 სექტემბერს გამოქვეყნდა. ამ კვლევას ლიცენზია გავლილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის დროს ჩილეში „ალფა“ და „გამა“ ვარიანტები ცირკულირებდა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გამა“ და „დელტა“ ვარიანტებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ძალიან ეფექტურია მძიმე კოვიდის შემთხვევაში და მისგან გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასარიდებლად.
რაც შეეხება მეორე კვლევას, ეს არის ლანცეტის პრე-პრინტი. პრე-პრინტი რას ნიშნავს - ვიდრე ჟურნალში გამოაქვეყნებს მეცნიერი კუთვნილ ნაშრომს, „საფლიშენი“ უნდა გააკეთოს და შემდეგ რეცინზია უნდა გაიაროს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდინარე, სანამ რეცენზიას გაივლის, პრე-პრინტებით იბეჭდება კვლევები. ამ პრე-პრინტის თანახმად, ეს კვლევა ჩინეთშია ჩატარებული, სადაც „დელტა“ ცირკულირებდა. ვაქცინების ეფექტურობა ფილტვების ანთების წინააღმდეგ არის 69.5% და 100%-იანი ეფექტურობა აქვთ მძიმე დაავადების წინააღმდეგ. დავამატებ, რომ აღნიშნული რიცხვები ვერ გადაითარგმნება ანალოგიურად, ჩინეთში რა რიცხვებიც არის, არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოშიც იგივე იქნება.
აღნიშნული კვლევები გასაგებია, მაგრამ ჩინურ ვაქცინას არც ამერიკა აღიარებს და არც ევროპის უმეტესი ნაწილი, რატომ?
- ზოგადად, ევროპაში და ამერიკაში რაიმე პროდუქტი რომ აღიარონ, მარეგულირებელმა უნდა თქვას, რომ ეს პროდუქტი კარგი არის. „სინოფარმასა“ და „სინოვაკის“ მწარმოებელმა კომპანიებმა იციან, რომ ამერიკაში გატანა არ სჭირდებათ, რადგან მსოფლიოს აქეთა ნაწილში საკმაოდ დიდი ბაზარი აქვს დაკავებული. მეორე მომენტია, აღნიშნულ ვაქცინებზე რა მონაცემებიც გვაქვს, ამერიკის მარეგულირებლიდან თანხმობის უფლებას ვერ მოიპოვებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინური ვაქცნები ცუდია.
რაც შეეხება ევროპას, როგოც ვიცი „სინოვაკს“ განცხადება შეტანილი აქვს, რომ ევროპის ბაზარზე მოხვდეს. თუმცა, ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. იმისთვის, რომ ავტორიზაცია გაიაროს, დიდ რაოდენობის მონაცემები უნდა წარადგინოს - როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ეფექტურობაზე. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ამერიკა და ჩვენნაირი ბევრი ქვეყანა არსებობს. ჩვენც ჩვენი მარეგულირებელი გვყავს, რომელიც თავად წყვეტს გაითვალისწინებს თუ არა ევროპის მარეგულირებლის რეკომენდაციებს. ჩვენნაირი ქვეყნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უჯერებენ. „სინოფარმსაც“ და „სინოვაკსაც“ ჯანმოს პრე-კვალიფიკაცია გავლილი აქვთ. სწორედ ამიტომაც აქვს გაცემული რეკომენდაცია გამოყენების მიზნით.
ამერიკაში რატომ არ არის ჩინური ვაქცინა, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ამერიკა ვაქცინას თავად აწარმოებს?
- რა თქმა უნდა, საკუთარი ვაქცინაც აქვთ და „ასტრაზენეკაც“ კი არ დასჭირდათ, რომელიც ევროპის წარმოების არის. მეორე მიზეზია - იმისთვის, რომ ამერიკის ბაზარზე გასვლის ულება მოიპოვო, ბევრად უფრო მეტს უნდა აკმაყოფილებდე.
რა განსხვავება არის „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ შორის?
- არსებითი განსხვავება არ არის. ორივე არის დინაქტივირებული ვირუსის ვაქცინა. აბსოლუტურად ორივე ერთნაირად მზადდება. უბრალოდ, სხვადასხვა მწარმოებელი ჰყავს. ერთნაირი ვაქცინებია, როგორც „მოდერნა“ და „ფაიზერი“. კი, იქ არის პატარა სხვაობები, მაგრამ ძალიან მცირე სხვაობაა.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინირების შემდეგ, საჭირო გახდება ბუსტირება?
- შესაძლებლობა არის, ამაზე გადაჭრით პასუხს ვერ გაგცემთ - ვერც კის გეტყვით და ვერც არას. ამ ეტაპზე მეცნიერება ორად არის გახლეჩილი. ერთი მხარე ამბობს, რომ ბუსტერი დაგვჭირდება, მეორე მხარე იძახის, რომ არ დაგვჭირდება, რადგან ე.წ. უჯრედული იმუნიტეტს, რომელსაც მეხსიერება აქვს და ამ უჯრედებს მეხსიერების გამოყენებით ანტისხეულების გამომუშავება შეუძლიათ. მე ვფიქრობ, რომ დაგვჭირდება, რადგან ორჯერადად აცრილებში ინფიცირების რაოდენობა წამოვიდა.
ასევე ორსულებში დ ბავშვებში კოვიდინფიცირება საკმაოდ არის მომატებული. ცნობილია, რომ ორსულებისა და მოზარდების აცრა „ფაიზერით“ არის შესაძლებელი. ამ კვლევების მიხედვით, შესაძლოა, რომ ჩინური ვაქცინითაც მოხდეს მათი აცრა?
- ამ ეტაპზე 16 წლის ქვევით მოზრდებზე მონაცემები არ გვაქვს. „ფაიზერი“ ორსულებში ოფიციალურად შეიძლება. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ჯანმოს რეკომენდაცია არის, რომ კი, შესაძლებელია, ორსულებისა და მეძუძური დედების აცრაც. რას ეყრდნობა ეს რეკომენდაცია - ორივე ვაქცინა არის ინვაქტირირებული ვირუსით, შესაბამისად, ეს ნიშნვას - ადამიანი რომ აიცრება, თეორიული შანსიც არ არსეობს იმისა, რომ ვაქცინით გამოწვეული კოვიდი დაემართოს. ეს ვირუსი მკვდარია და გამრავლების უნარი არ აქვს. რადგან ამ ვაქცინას გამრავლების უნარი არ აქვს, ნაყოფისთვისაც უსაფრთხოა. უბრალოდ, კვლევები არ არის და ჯანმოც ამბობს, რომ წარსულის გამოცდილებით ვიძლევი რეკოენდაციას. უახლოეს მომავალში უფრო მეტი კვლევა წამოგვეწევა და უფრო მეტს გავიგებთ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოშ რა ვაქცინებიც ხელისაწვდომია, ყველა უსაფრთხოა.
დაბოლოს მინდა გკითხოთ, ორჯერად აცრილებში კოვიდინფიცირების გართულებამ და ჰოსპიტალიზაციამ იმატა. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ვაქცინა ხომ არ იწვევს ვირუსს? ამაზე რა პასუხი შეიძლება, რომ გასცეთ საზოგადოებას?
- გეთანხმებთ, რომ ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები ბევრი დამძიმდა. თუმცა, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების 0,3% მოხვდა ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში. ეს 1 მარტიდან 17 აგვისტოს პერიოდის მონაცემებია. თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ ვაქცინებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, კოვიდი გამოიწვიონ. არცერთ ამ ვაქცინას არ აქვს გამრავლების უნარი.