თბილისს გამორჩეული ხიბლი დააბერტყა მამაზეციერმა. ულამაზეს რელიეფს ორგანულად ერწყმოდა ის ფუნქცია, რამაც განსაზღვრა მისი უკვდავებაც. ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ ქალაქს დღემდე არ შეცვლია ის დატვირთვა, რაც ქართველთა მეფემ დაუსახა. კულტურათა ურთიერთობების გზაშესაყარს არ შეიძლებოდა მენტალურად განსხვავებული ხასიათი და აზროვნება არ ჩამოეყალიბებინა.
ურთიერთშემწყნარებლობას, ურთიერთპატივისცემას სულ სხვა კულტურულ რეალობაში გადაჰყავდა აბრეშუმის საქარავნო გზას დამდგარი აღმოსავლელი თუ დასავლელი ვაჭრები, რომელნიც გათანგულნი იყვნენ ყაჩაღთა მუდმივი თარეშით. თბილისში განსხვავებული სიტუაცია იყო. აქ მათ პურითა და მარილით ხვდებოდნენ, ამიტომაც თბილისს ”სიხარულის სახლს” ეძახდნენ.
რა გახლდათ ჩვენი დედაქალაქის გამორჩეულობის მიზეზები, როგორ ყალიბდებოდა ეს ურთერთობები, რა წინაპირობები ედო საფუძვლად მას? ამ კითხვებს პასუხობს ცნობილი კინორეჟისორი, ისტორიულ თემაზე შექმნილი არაერთი შესანიშნავი ფილმის ავტორი მერაბ კოკოჩაშვილი.
აღმოსავლურ ლიტერატურაში თბილისს ”სახლი სიხარულისა” ეწოდება. რამ განაპირობა ამგვარ პრიზმაში ჩვენი დედაქალაქის წარმოჩენა?
- თბილისს ფუნქცია აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება. თბილისი არის კავკასიის ცენტრი, აქედან მოდის ყველაფერი, კავკასიის ხალხების ერთიანობა და ურთიერთკონტაქტები სწორედ თბილისში იჯაჭვებოდა, სავაჭრო გზები თბილისზე უნდა გასულიყო, ვაჭრები და მოგზაურები თბილისს ”სიხარულის სახლს” უწოდებდნენ.
ვაჭრობა ადრე უდიდეს ხიფათთან იყო დაკავშირებული, ყაჩაღობა საკმაოდ გავრცელებული გახლდათ და ამ უბედურების შემდეგ მოგზაურები რომ მოხვდებოდნენ ქალაქში, სადაც ყველაფერი სხვაგვარად იყო, ამან შექმნა საფუძველი, რომ მას ასეთი სახელი დაარქვეს. ის რომ აქ იკრიბებოდნენ კავკასიის ხალხები და არა მარტო ისინი, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ განსაკუთრებული ურთიერთობები უნდა დამყარებულიყო. ერთი მხრივ, იყო “სახლი სიხარულისა“, მეორე მხრივ იყო ქალაქი, რომელიც ორმოცჯერ მაინც დაარბიეს და ორმოცჯერვე აღდგა ფერფლიდან. მარტო თემურ ლენგის დროს ათჯერ იქნა იავარქმნილი თბილისი. სწორედ ეს იყო ის რეალობა, რომელმაც ჩამოაყალიბა აქ მცხოვრები ადამიანების თვისებები. თუ გინდა “სიხარულის სახლი“ იყო, უნდა გქონდეს ურთიერთგაგების შეგრძნება, შესაძლებლობა და უნარი.
რით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ თბილისმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ორმოცგზის ფერფლიდან აღსდგა?
თბილისი ინგრეოდა მტერთა შემოსევების დროს და მაინც არ ნებდებოდა არასოდეს. ამის მიზეზი ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების თავისებურებებში უნდა ვეძებოთ, საქართველო იყო დასავლურ ეკონომიკურ პრინციპებზე აგებული ქვეყანა, ხალხმა იცოდა, რომ ეს მათი ქალაქი იყო. აქ იყო მათი სახლი, მათი მიწა, მათი ვენახი, ამიტომაც ომის შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ და ისევ სახლდებოდნენ თავიანთ სამოსახლოზე.
აღმოსავლური ეკონომიკური პრინციპების დროს სულ სხვა ვითარება იყო. იქ ყველაფერი პირველ პირს - ხონთქარს, შახს, ყაენს ეკუთვნოდა. ისინი ანაწილებდნენ ყველაფერს. მათ შეეძლოთ მიეცათ ქვეშევრდომებისათვის მიწა და შემდეგ ისევ წაერთმიათ. არ იყო იქ კერძო საკუთრება. ჩვენთან მეფეები ქალებიც იყვნენ და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არსებული სურათის ჩამოყალიბებისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დანგრეულს აღდგენა სჭირდებოდა, აღადგენდნენ ისინი, ვისი მიწა და ქალაქიც იყო თბილისი და მეორეს მხრივ, რახან თბილისი იყო ცენტრი და აქ თავს იყრიდა სხვადასხვა რელიგიები, უნდა მონახულიყო ურთიერთობის პრინციპი ამ რელიგიებთან. სხვანაირად თბილისი ვერ იარსებებდა. თბილისის ფუნქციიდან გამომდინარე ეს ორი მხარე მისი არსებობის მთავარი პირობა იყო ჩვენი ერისთვის. ამაზე შენდებოდა კულტურაც, რომელსაც ზუსტად ასეთივე ხასიათი ჰქონდა.
საინტერესოა თქვენი პოზიცია - რითაა გამორჩეული თბილისური კულტურის თავისებურებები?
- თბილისური კულტურა ქართული კულტურისაგან ცოტათი განსხვავებულია. არის თბილისური სიმღერები, თბილისური ინსტრუმენტები, თბილისური სასმისები, თბილისური არქიტექტურა. ქართველი იღებდა კულტურულ ფრაგმენტებს სხვა ერების კულტურებიდან, გარდაქმნიდა ისე როგორც მას მოსწონდა და საბოლოო ჯამში იძლეოდა იმ პროდუქტს, რომელიც მისი ეროვნული პროდუქტი იყო. რაც მთავარია ეს ყველაფარი ყალიბდებოდა თავისი არსით უაღრესად ქართულ პროდუქტად. თბილისი ამ ურთიერთობების წყალობით ძალიან იოლად ითვისებს სხვისი კულტურიდან პროგრესულ მომენტებს, მაგრამ ზუსტი ასლით ამას არასდროს ყლაპავს. მას გარდაქმნის თავის გემოზე, რითაც ეს ყველაფერი ქართულად ყალიბდება.
შეიქმნა ისეთი ქალაქი, ბევრი სხვადასხვა ელემენტის შემოტანის და გარდაქმნის უამრავი კონკრეტული მაგალითი იყო. მეცხრამეტე საუკუნეში, როცა თბილისში იტალიური ოპერა შეიქმნა, იღებდნენ არიებიდან სხვადასხვა სიმღერებს, დაამღერებდნენ გიტარაზე სამ ხმაში და აქედან გამოდიოდა ქართული, თბილისური რომანსი. ვფიქრობ, ეს პრინციპები არის ძალიან პროგრესიული ნებისმიერი ერისა და ადამიანის ცხოვრებაში.
ამასწინათ ჩემი ფილმისთვის ერთ-ერთ ეპიზოდს ვიღებდით. ერთი ირანული წარმოშობის ადამიანი გამოგველაპარაკა. აქაურობა იერუსალიმიაო, გვიმტკიცებდა. ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა... ბუნებრივია გიხარია რომ ნებისმიერი ერის წარმომადგენელს თბილისური ფენომენი ბოლომდე აქვს გაცნობიერებული.
ბოლო დროს ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ ისრაელთან, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობს. რამდენად შეინარჩუნა ამ ხალხმა თბილისური ცხოვრების წესი? ღამდენად ახსოვთ საქართველო?
- ბოლო ხანს რამდენჯერმე მომიწია ისრაელსა და ეგვიპტეში მუშაობა. უცებ გამოარჩევ საქართველოდან ჩასულ ებრაელს, იმ თვისებებით, რომელიც ერთი მხრივ ქართული კულტურის მატარებელია და მეორე მხრივ თვისებებით, რომელიც მათი ეროვნული მრწამსიდან გამომდინარეა. არა მხოლოდ სალაპარაკო ენით, ქცევით, მიღებით... ოჯახებში ქართული ხასიათი აქვთ შენარჩუნებული. სტუმართმასპინძლობის წესებს განსაკუთრებულად იცავენ, სუფრის უცებ გაშლის ქართული წესი უმაღლეს დონეზეა დაცული.
ისრაელში საოცრი შეგრძნება გებადება, მგონია რომ ყველამ უნდა მოინახულოს ეს ქვეყანა. ეს უზარმაზარი კულტურების ცენტრია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ებრაულია. როგორც თბილისში, იქაც ბევრი ქრისტიანული ტაძარია და გვერდით სინაგოგაა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად უდიდესი განსხვავებებისა, ბევრი რამ გვაქვს საერთო ებრაელებთან. თბილისიდან ჩასულმა ებრაელმა ყველამ იცის ქართული ენა, ახალგაზრდებმაც იციან.
ჩემი ფილმის ჩვენებისას საკმაოდ ბევრი კითხვა გაუჩნდათ, ძალიან აინტერესებთ როგორ ვართ, მართალია ისინი მატერიალურად ყოჩაღად არიან, მაგრამ იქ ურთულესი სიტუაციაა. რამდენიმე ათეული წელია ასმილიონიან არაბულ ქვეყნებთან უწევთ ომი, ექვსმილიონიანი ისრაელი მათ უმკლავდება და იმ რეჟიმში ცხოვრობს ახლა, რა რეჟიმშიც თავის დროზე თბილისის მოსახლეობა ცხოვრობდა.
თბილისურ თემას თქვენ საკმაოდ საინტერესო ფილმი მიუძღვენით – “სახლი სიხარულისა“, რომელიც უკვდავი “ქეთო და კოტეს“ გადაღების კულუარულ ეპიზოდებს ასახავს. რაზე მუშაობთ ახლა?
– ახლა ვმუშაობ ფილმზე, რომელსაც დავარქვით “ღვინის აკვანი“. საქართველოშია ნაპოვნი ყურძნის უძველესი წიპწები. არის ველური წიპწაც და გაკულტურებულიც. ეს მიანიშნებს იმას, რომ აქ ცხოვრობდნენ ის ტომები, რომელთაც ადგილზე სოფლის მეურნეობას მოკიდეს ხელი. იქ სადაც წიპწებია ნაპოვნი, ხორბლის უამრავი მარცვლეულიცაა დაცული. ნაპოვნია ჭურჭელი, სადაც ღვინის ლექია შემორჩენილი. ეს იმას მიანიშნებს, რომ ჩვენთან იცოდნენ ღვინის დაყენება.
ეს ის ადგილია, სადაც შემგროვებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადადის ადამიანი, სადაც თესავს და მოსავალს იღებს. ეს უზარმაზარი ნახტომია იმ პერიოდისთვის კაცობრიობის ისტორიაში, თუ ველური წიპწები თარიღდება მე-60 საუკუნით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, თბილისის გარეუბანში დიღომში ნაპოვნი გაკულტურებული წიპწები მესამე-მეორე ათასწლეულს, ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. აქ ფორმირდება მეურნეობის სხვადასხვა დარგები. ყოველივე ამან ბიძგი მისცა იმ რეალობას, რომ ამ ადგილას ჩამოყალიბებულიყო კულტურული ურთიერთობების ბურჯი.
ვახტანგ გორგასალის გადაწყვეტილება გენიალური იყო. მან იმ ადგილას დაარსა ქალაქი, ის ფუნქცია შესძინა, რომელიც თექვსმეტი საუკუნეა არ იცვლება. ქართველი მეცნიერები ამბობენ, რომ ქართველი ტომები არც არსად წასულან და არც არსაიდან მოსულან. ისინი სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ვახტანგამდე თბილისის ტერიტორიაზე უამრავი უძველესი კულტურის ნიმუშია აღმოჩენილი, რაც მიანიშნებს, რომ აქ მანამდეც არსებობდა მოსახლეობა.
როგორ გაიხსენებთ თქვენი ჭაბუკობისდროინდელ თბილისს? ღა კოლორიტით ხასიათდებოდა მაშინდელი ჩვენი დედაქალაქი?
- ეს იყო საოცარი გარემო თავისი ცხოვრების წესითა და საკუთარი მორალური კონსტიტუციით. თავისებური რიტუალი იყო ტრავმაიზე შეხტომა და ჩამოხტომა, ეს მართლაც ერთგვარი ექსტრემი გახლდათ. ზოგიერთი ჩემი ნაცნობისთვის ეს რიტუალი ტრაგიკულად დასრულდა. თავიდანვე მიზიდავდა ის არაჩვეულებრივი არქიტექტურა, რაც მეიდანზე იყო. სხვათა შორის, თბილისში ბოლო პერიოდში როცა 30 წლის წინ დაიწყო ძველი ქალაქის რეგენერაცია და რეკონსტრუქცია, ძალიან საინტერესოდ გაკეთდა ბევრი რამ. ბევრი ირონიაც იყო - იმ პროექტის შემოქმედს შოთა ყავლაშვილს `ბალკონსკი~ შეარქვეს. მან აივნები გარეთ გამოიტანა. უმთავრესად აივნები ეზოს შიდა ნაწილი იყო, თუმცა, ავლაბრისკენ გარე აივნებიც ძალიან ბევრია შემორჩენილი.
თბილისის სავიზიტო ბარათი ყოველთვის იყო გოგირდის აბანოები...
- ეხლა აბაზანები რომ გვაქვს სახლში, სად იყო ადრე?!. კვირაში ერთხელ დედაჩემი მაძლევდა მანეთს თუ ორ მანეთს, უნდა დავმჯდარიყავი ჯერ ერთ ტრამვაიზე, მერე მეორე ტრამვაიზე, რომ იქ მებანავა. მთელი ის უბანი გოგირდის არომატით იყო გაჯერებული. აბანოდან რომ გამოდიოდნენ ქალები, მათი ვერცხლის ბეჭდები გოგირდისაგან სულ გაშავებული იყო.
ერთი ფილმი მქონდა ჩაფიქრებული, ვერ მოხერხდა მისი გადაღება, თბილისურ გართობებზე, თამაშებზე, ყეენობაზე იყო. ყეენობა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს შახსეი-ვახსეი. ბევრი თათარი ცხოვრობდა მეიდანზე, ყველა მუსლიმანს თათარს ეძახდნენ. ომის შემდგომ პერიოდში მინახავს როგორ ირტყამდნენ და ისერავდნენ სხეულს თათრები. სულ სისხლი სდიოდათ, არ ზოგავდნენ საკუთარ თავს.
ამ რიტუალისას ასახულია ერთ-ერთი რელიგიური გმირის ტანჯვის სცენა. სხვათა შორის, ანალოგიური მომენტი ქრისტიანობაშიც არის. სამხრეთ ამერიკაში არის ტრადიცია, ჯვარზე აკრავენ ადამიანებს, რომელნიც იმ წამებას გამოცდიან თავიანთ თავზე, რაც ქრისტემ გამოიარა. მუსულმანობას უამრავი რამ აქვს ქრისტიანობიდან აღებული, ამიტომაც არაფერია გასაკვირი, რომ უამრავი ასოციაცია ჩნდებოდეს მათ რიტუალებში ქრისტიანულ კულტურასთან. სწორედ ამ რეალობებითაა ნაკვები თბილისური კულტურაც.