პოლიციამ ბრაზილიასა და არგენტინას შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ფეხბურთელების მიერ სანიტარული ნორმების დარღვევის გამო შეწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა სან-პაულუში, სტადიონ „არენა კორინტიანსზე“ მიმდინარეობდა, მაგრამ მე-7 წუთზე მოედანზე პოლიციელები და ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გავიდნენ.
მათ არგენტინელი ფეხბურთელების - ჯოვანი ლო ჩელსოს, კრისტიან რომეროს, ემილიანო მარტინესა და ემილიანო ბუენდიას დაკავება სცადეს. ისინი ინგლისის პრემიერ-ლიგაში თამაშობენ, ბრაზილიაში მოქმედი რეგულაციების თანახმად კი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ბრაზილიელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ფეხბურთელებმა მესაზღვრეებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს, რათა კარანტინისთვის აერიდებინათ თავი.
პოლიციის ჩარევის გამო არგენტინის ნაკრებმა მოედანი დატოვა და შეხვედრა არ დაუსრულებია. მოგვიანებით ფეხბურთელებმა ქვეყანა დატოვეს.