საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ დარჩა მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში შესაძლო ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.
დაინტერესებულ გუნდებს შორის „მილანიც“ იყო და Calciomercato-მ დაწერა, რატომ თქვა „როსონერიმ“ უარი 20 წლის ქართველ ფეხბურთელზე. მიზეზი „რუბინის“ მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო ფასი გახდა.
წყაროს თანახმად, პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ ჩათვალეს მიზანშეწონილად, როცა ყაზანელთა ფასი გაიგეს - 20 მილიონი ევრო. „როსონერის“ მესვურებმა მიიჩნიეს, რომ კვარაცხელიაში ეს თანხა გადაჭარბებული იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.