„სწავლის დაწყება და მობილობის გაზრდა ეპიდსიტუაციას გააუარესებდა და ის მინიმალური შედეგი, რაც ამ შეზღუდვებით მივიღეთ, წყალში ჩაიყრებოდა“

„სწავლის დაწყება და მობილობის გაზრდა ეპიდსიტუაციას გააუარესებდა და ის მინიმალური შედეგი, რაც ამ შეზღუდვებით მივიღეთ, წყალში ჩაიყრებოდა“

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამასთან, ყველა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში დაიწყებს, ერთადერთი გამონაკლისია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. სკოლებში სასწავლო პროცესი კი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან სამი კვირის თავზე, ის შედეგი არ დადგა, რასაც სპეციალისტები და მთავრობის წარმომადგენლები ელოდნენ. შესაბამისად, ამ და სხვა, გარკვეული შეზღუდვების გახანგრძლივების აუცილებლობა ნამდვილად იყო.

როგორც ალექსანდრე გოგინავამ For.ge-ს უთხრა, მობილობის გაზრდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების საფუძველია.

„მოსალოდნელი იყო, რომ ეს ასე გადაწყდებოდა, რადგან ჩვენთან ვერ მივიღეთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მეტად გაუმჯობესება, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. ამიტომ, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის დისტანციურად დაწყება და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ვადის გადაწევა, ბუნებრივია.

ჩვენ რეალურად არ გვაქვს იმდენად უკეთესი ეპიდსიტუაცია, რომ შეზღუდვები მოგვეხსნა. სწავლის დაწყება და მობილობის გაზრდის სხვა საშუალებები, ეპიდსიტუაციას გააუარესებდა და ის მინიმალური შედეგიც კი, რაც ამ შეზღუდვებით მივიღეთ, წყალში ჩაიყრებოდა“, - თქვა გოგინავამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აანონსებს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის, საქართველოში 2 მილიონი პირი უნდა იყოს აცრილი, რაც, მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაასტაბილურებს.

„კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც გმირულად ემსახურება ჩვენს მსოოახლეობას. არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. გარდა ამისა, უნდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალია აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. უახლოეს რამდენიმე დღეში მილიონ ადამიანს ავცრით ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ორჯერადად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

30 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 164 402 აცრა. როგორც NCDC აცხადებს, 1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 27.3%, ხოლო სრულად აცრილია 383 454 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.4%-ია.

ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, ვაქცინაციის პარალელურად, პანდემიის დასასრულებლად მნიშვნელოვანია წესებისა და რეკომენდაციების დაცვა. როგორც ინფექციონსტმა აღნიშნა, თუკი გვსურს, რომ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, აუცილებელია მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და სახელმწიფოს მიერ მკაცრი კონტროლი.

„ერთ თვეში ეპიდსიტუაცია რამდენად გაუმჯობესდება, ამაზე ცალსახა აზრის დაფიქსირება რთული იქნება, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, თუ ჩვენ დავიცავთ რეკომენდაციებს, პლუს ვაქცინაციაც წავა ისეთი ტემპით, რა ტემპითაც ახლა მიდის და კიდევ უფრო მეტად მოიმატებს დღიურად აცრილთა რაოდენობა, მივიღებთ 30-35 ათას ვაქცინირებულ ადამიანს დღიურად, პლუს სახელმწიფო უზრუნველყოფს არსებული რეგულაციების კონტროლს და აღსრულებას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთი თვის თავზე შესაძლებელია, რომ გვქონდეს გაუმჯობესებული ეპიდსიტუაცია.

მინდა, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა 2 მილიონამდე ავიდეს, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, თანაც, თუნდაც 2 მილიონამდე ავიდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბოლომდე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით და ასევე, მხოლოდ ვაქცინაციის წარმატებით წარმართვა არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია არსებული რეგულაციების აღსრულება და რეკომენდაციების დაცვა იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია გაგვიუმჯობესდეს და რაღაც შედეგი დავინახოთ სექტემბრის ბოლოს.

ამიტომ, მხოლოდ ვაქცინაცია არ არის გამოსავალი, გამოსავალია ზოგადად, კომპლექსურად რეკომენდაციების დაცვა, რეგულაციების აღსრულება სახელმწიფოს მხრიდან. თუ ეს ყველაფერი იდეალურად მოხდება, რა თქმა უნდა, სექტემბრის ბოლოს ჩვენ ბევრად უკეთესი ეპიდსიტუაცია გვექნება, მაგრამ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან.

თუ ჩვენ ვაქცინაციას ჩავუტარებთ სკოლაში მომუშავე პერსონალს და ასევე, ქვეყანაში გადაწყდება 14 წლიდან ვაქცინაცია და დაიწყება ამ კონტიგენტში აცრების ჩატარება, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავა და, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს თავისუფლად შესაძლებელია, რომ ჩვეულებრ განახლდეს სწავლება საკლასო ოთახებსა და უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

XALIBI ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილების მიმღების თავზე გავიარე დილა-საღამოს............... ამ დაუნებმა კურორტები ვერ დაკეტეს, ეხლა რესტორნებში რია-რიაა და ტრანსპორტი ყოფილა მთავარი გამავრცელებელი........... ყველა დეგენერატი რატომ ხდება საქართველოში ჩინოვნიკი, ვინ დაგვწყევლა ასე?!
2 წლის უკან