ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ სექტემბრის ბოლოს საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა 2 მილიონს უნდა შეადგენდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდეს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა...
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც გმირულად ემსახურება ჩვენს მოსახლეობას. არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. გარდა ამისა, უნდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალია აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. უახლოეს რამდენიმე დღეში მილიონ ადამიანს ავცრით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ორჯერადად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასობრივი ვაქცინაციის ფონზე და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უფრო მაღალი მოთხოვნა „ფაიზერზე“ მოდის, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი შეიქმნას?
ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან საქართველო ეტაპობრივად იღებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს.
„რამდენადაც ვიცი, ტექნიკური უზრუნველყოფა, „ფაიზერი“ იქნება თუ სხვა, ჩვენთან აპრობირებული და ოპერირებაში მყოფი ვაქცინა, დეფიციტში არ იქნება. დღეს არსებული რესურსის ათვისება უნდა მოხდეს და ამის შევსება იქნება დროული, ამის გარანტია მოსახლეობას ნამდვილად აქვს.
ჩვენთან ვაქცინა ერთად არ მოდის და ეს ნაწილ-ნაწილ შემოდის, ეს ასეც უნდა იყოს კანონით. როგორც არის მისი მოხმარების წესები და სტანდარტები, მუდმივად ახალი პარტია უნდა შემოდიოდეს, მისი დაყოვნების მაჩვენებლები დაცულია“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ვაქცინების დეფიციტის შექმნას არ გამორიცხავს:
„ერთჯერადად მილიონი აცრილი არაფერს ნიშნავს და ორჯერადად 350 ათასს არ აღემატება აცრილთა რაოდენობა. ჩვენ დღეში გვჭირდება 40 ათასი აცრა, რომ ნოემბრისთვის სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდეს. მაგალითად, ბევრს ინფორმაცია არ აქვს ვაქცინაციაზე, ბევრს ფასიანი ჰგონია „ფაიზერი“. ამიტომაც, უნდა ითქვას, რომ საინფორმაციო კამპანია არ არსებობს“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ For.ge-სთან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება.
„ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში არის, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ყველა ვაქცინას შეუძლია მთავარი ფუნქციის შესრულება - ადამიანის სიკვდილობის და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირების ფუნქცია.
ადამიანები მეტი ნდობით Pfizer-ის მიმართ არიან განწყობილები, ამაში უჩვეულო არაფერია. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება. ამის საფრთხე პრაქტიკულად არ არის და ახლა მთავარია არსებული ვაქცინები ავითვისოთ, მეორე დოზები გავიკეთოთ და უფრო ინტენსიური გახდეს ვაქცინაცია იმისთვის, რომ შემოდგომისთვის ახალი შემთხვევების მატებისგან მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული გვყავდეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა 30 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვაქცინაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ეს პროცესი რეგიონებშიც უნდა გაფართოვდეს.
„მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ რეგიონები და ეს არეალი უნდა გაფართოვდეს. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩვენი სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან. რეგიონებში დადიან და სოფლად, ადგილზე ცრიან მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია.
კარგი ტენდენციაა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმართ მზაობა გამოიჩინა და არსებული სკეპტიციზმი ეტაპობრივად იხსნება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ ამის მნიშვნელობა. ყოველდღიურად უნდა ვესაუბროთ. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.