სუხიშვილების პოსტ–მოდერნიზმი

სუხიშვილების პოსტ–მოდერნიზმი

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა. ანსამბლი "სუხიშვილები" მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგა და 16 ცეკვა წარმოადგინეს.

 

ერთ-ერთი სიახლე ცეკვა ხორუმის პოსტმოდერნისტული ვერსიაა.

ანსამბლის ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის თქმით, ხორუმს 70 მოცეკვავე ასრულებს, რომელთაგანაც 40-ს სოლო გამოსვლა იქნება.

 

საახალწლო პროგრამისათვის იკერება ახალი საცეკვაო კოსტიუმები, რომლის ესკიზებსაც თავად ნინო სუხიშვილი ქმნის. კონცერტები სულ ორი დღის განმავლობაში გაიმართება. საახალწლო კონცერტები ფილარმონიაში, როგორც ნინო სუხიშვილი ამბობს, ,,ერთი ამოსუნთქვით", შესვენების გარეშე ჩატარდება.

 

ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით ეს ღრმად ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული ქორეოგრაფიაა.

 

პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიურის" სტატუსი. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა.