თეოლოგ ლევან აბაშიძის განცხადებით, საპატრიარქოში და პატრიარქის გარემოცვაში საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია. როგორც თეოლოგი ამბობს, შეიძლება საპატრიარქოს ძალიან უნდა მოუწოდოს მრევლს ვაქცინაციისაკენ, მაგრამ შეიძლება მრევლის სადღაც 40%-მა ზურგი აქციოს და საერთოდ აიყაროს გული ეკლესიაზე, რაც გასათვალისწინებელია.
for.ge ლევან აბაშიძეს ესაუბრა.
ეკლესია ამბობს, რომ აცრილიც და აუცრელიც თანაბრად არის ეკლესიის ნაწილი და წმინდა ზიარების შემთხვევაში ეკლესია მრევლს არ დაყოფს - აცრილებად და აუცრელებად. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ აცრილებსა და აუცრელებს შორის დაწყებულია გაუცხოება. აცრილის მაგალითად მოჰყავს ის, რომ კონკრეტული სასულიერო პირი აიცრა და ამიტომ სხვებიც უნდა აიცრან. ამ თემაზე საუბრობს ყველა სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ როგორია თქვენი, როგორც თეოლოგის პოზიცია?
ლევან აბაშიძე: ეკლესია ამბობს გარკვევით - ჩვენ, საეკლესიო საკითხებში არანაირი დისკრიმინაცია არ გვექნება და წერტილი. რაც შეეხება სხვა საკითხს, უკვე შემოდის სოციალური საკითხი, რომელსაც მთლიანად ვერ გავმიჯნავთ. აქ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი. ერთი - რასაკვირველია, ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და ამიტომ, ჩვენ არ უნდა გავრიყოთ. მეორე - ასეთი მოსაზრებაც არსებობს - მე, რომ არ ავიცრები ამითი საზოგადოების მხრებზე ტვირთს ვდებ. მაგალითად, არსებობს ისეთი საშიში დაავადება როგორიც არის იგივე წითელა, ბავშვის აუცრელობა შეიძლება გახდეს წყარო იმისა, რომ ეს დაავადება გადასცეს სხვას. ამერიკაში იყო ასეთი დავა - ღვედის გამოყენება ადამიანის თავისუფლების დარღვევა იყო თუ არა. არგუმენტი იყო ის, რომ შენ შეიძლება ღვედი არ გაიკეთო, მაგრამ ავარიაში რომ მოხვდე, დაშავდები და სახელმწიფოს მხრებზე დააწვები. იმიტომ, სახელმწიფო ვალებულია უმკურნალოს ავარიაში მოხვედრილ ადამიანს. ამიტომ აცრა - ეს არის სოციალურ-პოლიტიკური საკითხი და ამაზე საქართველოს ეკლესიას ცალსახა აზრი არ გამოუთქვამს. არც ის უთქვამს, რომ სოციალური პასუხისმგებლობაა და სჯობს, რომ აიცრათ და არც ის უთქვამს, რომ აცრა საფრთხის მატარებელია. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად არ უთქვამთ. ხაზგასმით ვამბობ - საქართველოს ეკლესია მაქსიმალურად ნეიტრალურია ამ საკითხში და ამიტომ ორივე მხრიდან ესხმიან თავს. უფრო ლიბერალები.
ლიბერალების ეს თავდასხმა აშკარაა. როგორ ფიქრობთ, რატომ ესხმიან თავს ეკლესიას და რატომ ითხოვენ კატეგორიულად, რომ ეკლესიამ და ამ შემთხვევაში უწმინდესმა მოუწოდოს მრევლს აცრისკენ? მე მაქვს ჩემი თავისუფლება, თქვენ გაქვთ თქვენი თავისუფლება...
- მათი ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ლიბერალების აზრზე ვარ. ლიბერალების ლოგიკა ასეთია - თუკი ჩვენ ავიღებთ, რომ ეს არის დაავადება, რომელიც საშიშია ადამიანისთვის, მათ შორის შენი მოყვასისთვის და ასევე, თუ ავიღებთ იმას, რომ აუცრელი ადამიანი ბევრად უფრო ადვილად ხდება გადამტანი, ასეთ შემთხვევაში ისინი ამბობენ - თუკი აცრა იცავს ადამიანის სიცოცხლეს, თუკი აცრა არის საზოგადოების წინაშე შენი პასუხისმგებლობა და მოყვასის მიმართ სიყვარული, მაშინ ჩვენი ეკლესია რატომ არ დგება აქეთ მხარეს? მათ სხვა ეკლესიის მაგალითები მოჰყვათ, მათ შორის საბერძნეთის ეკლესიის, სადაც მსოფლიო პატრიარქი პირდაპირ მოუწოდებს ყველას, რომ აიცრან და რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც ასე იყოს. მე არ ვამბობ, რომ მათ პოზიციაში ლოგიკა არ არის. შეიძლება ამას დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ და ეს სხვა საკითხია. თვითონ ეს გზაგასაყარი გასაგებია ჩვენთვის. ჩემი აზრით, აქ საუბარია იმაზე, რამდენად ვენდობით სახელმწიფო იქნება, თუ საზოგადოების უმრავლესობა ამ პოზიციას, რომ აცრა მართლაც ეხმარება საზოგადოებას, თუ პირიქით არის რაღაც ცუდი? თუ აცრა მართლა რეალურად გვეხმარება, მაშინ ლოგიკურია კითხვა - რატომ არ იცრები?
მსოფლიო პატრიარქის და იგივე რომის პაპის მაგალითად მოყვანა შეიძლება ლოგიკური იყოს? ალბათ, დამეთანხმებით, რომ ადამიანს ვერ დააძალებ იმას, რისი გაკეთებაც მას არ უნდა. ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში და მე თუკი ვინმე მაიძულებს ავიცრა, გამოდის, რომ არ ვარ თავისუფალი. იძულება სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ადამიანისთვის?
- საჭესთან მჯდომ ადამიანს ვაძალებთ, რომ როცა წითელი აინთება გაჩერდეს? - ხომ არ ვაძალებთ? ამიტომ, მთლად ეგრე არ არის, ნუ განვაზოგადებთ. ჩვენ თუ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, საზოგადოებას აქვს გარკვეული წესები და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის ნებაყოფლობითი, თუ - არა. ოფიციალურად აცრა არის ნებაყოფლობითი, მაგრამ ახლა ჩნდება ისეთი ელემენტები, როცა არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად მაინც გიბიძგებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ლატარიასაც ათამაშებენ.
სექტემბრიდან საქართველოც იწყებს ანალოგიურად ლატარიის გათამაშებას...
- დიახ. სპეციალური საიტია, სადაც შეგიძლიათ ბევრი რამე მიიღოთ ფასდაკლებით იმ შემთხვევაში, თუკი აცრილი ხართ. მაგალითად, უცხოეთში თუ მიდიხართ, უკვე ისინი გთხოვენ აცრას. ამიტომ, აქ საკითხი არ დგას ისე, რომ ადამიანს რაც უნდა იმას აკეთებს, ვერ აკეთებს, რაც უნდა იმას. შეიძლება ძალიან მინდა წითელზე გავიარო, მაგრამ კანონი მიკრძალავს. მე, მაგალითად ვასწავლი, პირდაპირ არ მთხოვენ, მაგრამ როგორც მასწავლებელს ირიბად მთხოვენ რატომ არ ვარ აცრილი. ვინც არ არის აცრილი იმას ეკითხებიან - რატომ არ ხარ აცრილი? შენ საქმე გაქვს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, აი რატომ არ იცრები დაგვისაბუთეო. ანუ, არ არის ასე ადვილად საქმე.
არაპირდაპირმა იძულებამ შექმნა ძალიან რთული ვითრება. აცრილი ადამიანი აუცრელისგან ითხოვს განმარტებას, რატომ არ იცრება, მას როგორც კეთროვანს ისე უყურებს, ანუ საზოგადოება ორად არის გაყოფილი. სად არის გამოსავალი?
- პრეტენზიები ყველა მხარეს არის. თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ არის მღდველი, რომელიც ამბობს, რომ ბლუთუზით ვიჭერ ვინ აცრილია და ვინ არა. პირველი განათლებით ფიზიკოსი ვარ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის სრული აბსურდი. ბლუთუზით ვერ დაიჭერ ადამიანი აცრილია, თუ არა. ასეთი ტექნოლოგია არ არსებობს. შეიძლება 100 წლის მერე იყოს. ამბობენ, რომ აცრილებს სამი წლის შემდეგ გართულება ექნებათ და შვილს ვერ გააჩენენ, სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს ორივე მხარე.
მაგალითად ავიღოთ ისრაელი - ასეა თუ ისე, ტრადიუციული და რელიგიური ქვეყანაა. რომ თქვეს ავიცრებითო, მართლაც 90% აიცრა. აქ არ არის მარტო ლიბერალიზმზე საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ პანდემია სერიოზული პრობლემაა მთელ ქვეყანაში. ჩვენ პირველ ტალღას გადავურჩით, იტალიაში და სხვა ქვეყნებში ნახეთ რა მოხდა. არ არის ასე ადვილი. ამიტომ მესმის ორივე მხარის. მე თვითონ ავიცერი, იმიტომ რომ, მეცნიერი ვარ, მესმის რა არის ვაქცინა და როგორ მუშაობს. მირჩევნია ვაქცინაციის შემდეგად რაღაცა გართულება მქონდეს, ვიდრე კოვიდი შემეყაროს მძიმე ფორმით. სხვებსაც ვურჩევ აიცრან, მაგრამ არ ვარ იმის მომხრე, რომ იძულება იყოს.
ამ პროცესში მთავარია, რომ იძულება არ იყოს...
- მედიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში 40% თუ არ აიცრა, მათი ლოგიკით ეს 40% თვითონაც ავად გახდება, ერთმანეთთსაც დაავადებენ და სხვებსაც. ჯერჯერობით დიდია აცრილთა რიცხვი, მაგრამ თუ აუცრელი დარჩა 50% ვინც ანტივაქსერია, ასეთ შემთხვევაში, მათი თვალსაზრისით, დადგება პრობლემა, რადგან ჩვენ გვჭირდება აცრილების 65%.
ანტივაქსერები - ეს არ არის მარტო საქართველოში, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქცია. თქვენ ისრაელის მაგალითი მოიყვანეთ, სადაც მოსახლეობის თითქმის 90% იყო აცრილი, მაგრამ ვითარება არის ძალიან რთული. ადამიანებმა ვერ გაიგეს რა სარგებელს აძლევს მათ აცრა. პრობლემა არის, მაგრამ აცრით ვერ გვარდება, ეს ხომ ფაქტია?
- არ არის ასე. თქვენ ამბობთ, რომ ისრაელში თითქმის ყველა აიცრა და მაინც არის პრობლემა, გასაგებია, მაგრამ გეტყვით იქ რა პრობლემაა. ისრაელში 90% რომ აიცრა, მათ ჩათვალეს მორჩა, პანდემია დაამარცხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „დელტა“ შტამი ემართება აცრილებს. ამიტომ წამოვიდა კიდევ ერთი ტალღა. სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ აცრამ ბოლომდე ვერ უშველა, თორემ საერთო ჯამში როგორ ვერ უშვალა. ანუ, აცრა „დელტა“ შტამიდან ბოლომდე ვერ გიცავს, მაგრამ ქვეყანა რომ არ ყოფილიყო აცრილი, ბევრად დიდი პრობლემა ექნებოდა და ეს გასათვალისწინებელია. მე ვიცი, რომ შეიძლება „დელტა“ შტამი დამემართოს, მაგრამ რადგან ორჯერ აცრილი ვარ, ისეთი მძიმე ფორმით არ მექნება.
ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ორჯერ აცრილი გარდაიცვალა, თუმცა საქართველოში ორჯერ აცრილი 10%-ზე მეტია. შესაბამისად, თუ ეს ორჯერ აცრა არაფერს არ შველის, მაშინ 70 გარდაცვლილიდან 7 მაინც უნდა იყოს ორჯერ აცრილი, მაგრამ ასეთი სულ ორია - მამა აკაკი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, გადანერგილი ღვიძლი ჰქონდა, ეს ხომ იცით რასაც ნიშნავს. მეორეს რაც შეეხება, მეორე აცრიდან მეოთხე დღეს დაავადდა კოვიდით, არადა ორი კვირა უნდა უნდა იყოს გასული. მეცნიერულად თუ მივუდგებით სრულად ვაქცინირება სრულად იცავს სიკვდილისგან. ვინც ჩემს გარშემო გარდაიცვალა, ყველა აუცრელი იყო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ - მე მაინც ჯანმრთელი ვარ, არაფერი არ მომივა. ზოგმა დააგვიანა კიდეც ექიმთან მისვლა. მთლად ასეც არ არის, რომ აცრა არ იცავს. აცრა იცავს, შეიძლება 100%-ით არ იცავს, მაგრამ იცავს.
ძალიან მარტივია და ძალიან ბევრს გაუჩნდება ეს კითხვა და განსაკუთრებით იმ კატეგორიას, ვინც აცრის წინააღმდეგია - თუ აცრა არის გამოსავალი, მაშინ რატომ არ ამბობს ეკლესია რომ ეს ბიოლოგიური ომი დავამარცხოთ აცრით?
- რა თქმა უნდა, გაუჩნდება ეს კითხვა მკითხველს და მეც გამიჩნდება, მაგრამ მე შემიძლია ჩემი ვარაუდი გითხრათ. ერთი მიზეზი - თვითონ საპატრიარქოში და პატრიარქის გარემოცვაში არის საკმაოდ ბევრი, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია. მეორე მიზეზი - ზოგადად, ეკლესიურ მორწმუნეებში არის ბევრი ანტივაქსერი. მესამე მიზეზი - იგივე საპატრიარქოს სულ ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ხანდახან შეიძლება საპატრიარქოს ძალიან უნდა ეს გამოაცხადოს, მაგრამ მაშინ შეიძლება მრევლის 40%-მა ზურგი აქციოს. შეიძლება ბევრს იმდენად მოხვდეს გულზე, რომ საერთოდ აიყაროს გული ეკლესიაზე და ესეც გასათვალისწინებელია.
აქ შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზი, ან ამ მიზეზების კომბინაცია. იცით, რომ მე საპატრიარქოში ვმუშაობ როგორც კონსულტანტი და ჩემი მხიდან ვურჩევ, რომ საპატრიარქომ უფრო მეტი თქვას. იმიტომ, რომ საპატრიარქოს დღევანდელი პოზიცია უფრო მეტად ვაქცინის საპირისპიროა. გარედან ასე მოჩანს, იმდენად მკვეთრად ამბობენ, რომ ჩვენ ამაში არ ვერევით, ჩვენი საქმე არ არის, ეს არის სამედიცინო სფეროს საქმე და ა.შ. ერთი დადებითი სიტყვა არ უთქვამთ.
თქვემ ხომ იცით, რომ საპატრიარქო ცდილობს ხელისუფლებასთან იყოს კარგ ურთიერთობაში. ამჟამად ხელისუფლების მთელი პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ უნდა ავიცრათ, მაგრამ ეკლესიას აქვს მკაცრად ნეიტრალური პოზიცია. ერთი სიტყვა დადებითი არ უთქვამს ვაქცინაციის სასარგებლოდ. რაც შეეხება თვითონ მღვდელმთავრებს, უმაღლესი მღვდელმთავარი, პატრიარქის ძმისშვილი მიტროპოლიტი დიმიტრი საჯაროდ აიცრა, მაგრამ არიან სხვა სასულიერო პირები, რომლებიც აცრის საწინააღმდეგოდ გამოდიან. ეს იმიტომ, რომ ეკლესიაში ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არის, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხზე. ჩვენი ეკლესია ამბობს, რომ ეს არაა ეკლესიის გადასაწყვეტი, ხანდახან ამბობს, რომ ვენდობით მეცნიერებს და მედიკოსებსო. თუკი ენდობი მედიკოსებს, მედიკოსების დიდი უმრავლესობა გვეუნება, რომ ავიცრათ. თქვენს კითხვას, რომ დავუბრუნდეთ - კარგი რომ იყოს მაშინ უწმინდესი გამოვიდოდა, არ არის მთლად ასე. შეიძლება ვაქცინაცია მართლა რაღაცა წყალობა იყოს ჩვენთვის, მაგრამ ეს საპატრიარქოსთვის არ არის ასეთი ადვილი გადასაწყვეტი.