„აცრილიც და აუცრელიც თანაბრად დაუცველია ჩვენს ქვეყანაში. კეთილი ინებეთ, ვინც ხართ მაგ საბჭოში, აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ზუსტად იმ შეცდომებზე, რასაც ახლა ვიმკით“, - ამ სიტყვებით გააკრიტიკა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის მართვის სტილი.
ნატო დუმბაძის აზრით, თუკი არჩევნების დროს ვქირაობთ პიარს, კონსულტანტს, რატომ არ შეიძლება, ჩამოიყვანონ რომელიმე უცხოელი, რათა პანდემიის მართვა სწორ რელსებზე გადაიყვანოს. მით უმეტეს, რომ მკურნალობის „გაიდლაინები“ ნახევარმა მსოფლიომ შეცვალა, არც ჟანგბადის ნაკლებობა აქვთ და კლინიკები ყველგან აღჭურვილია. ნატო დუმბაძეს ებრაელი ექიმის მაგალითი მოჰყავს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს იმ „გაიდლაინებს“ უზიარებს, რამაც სიკვდილიანობა მინიმუმამდე დაიყვანა.
მას შემდეგ, რაც ორჯერადად აცრილი ადამიანები საქართველოში დაიღუპნენ, ამან უფრო მეტი ნიჰილიზმი გამოიწვია აცრის მიმართ. ორი დოზით ვაქცინირებული გარდაცვლილი პაციენტი 63 წლის მწერალი ვაჟა შაქარაშვილი აღმოჩნდა. როგორც მისი ქალიშვილი ამბობს, ზოგიერთები ირწმუნებოდნენ, თითქოს ვაჟა შაქარაშვილს სიმსივნე ჰქონდა, თითქოს ის 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სინამდვილეში, ქალიშვილის მტკიცებით, მამას ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და არც ხანდაზმული არ ყოფილა. პირიქით, ძალიან ეშინოდა ვირუსის და ორი წლის განმავლობაში იჯდა სახლში, რადგან ფრთხილობდა. ქალიშვილი ფიქრობს, რომ ორჯერ აცრის მიუხედავად, მამამისის სხეულში ჯერ კიდევ არ იყო გამომუშავებული ანტისხეულები.
ვაჟა შაქარაშვილის შემდეგ ანჩისხატის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ისიც ორჯერ აცრილი იყო. ერთეული ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად, ქართველი ეპიდემიოლოგები აცრისკენ მოგვიწოდებენ.
პარალელურად, საქართველოს მსგავსად, მთელ მსოფლიოში გაზრდილია ანტივაქსერული მოძრაობა. სხვათა შორის, ანტივაქსერები ძალიან ხშირად იშველიებენ ცნობილი ვირუსოლოგების მოსაზრებას, მათ შორის, ლუკ მონტანიეს აზრს, რომ „მასიური ვაქცინაცია სრულიად დაუშვებელია პანდემიის დროს, რადგან ის ახალი ვირუსული შტამების გაჩენას იწვევს, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ვაქცინების მიმართ“. ამ მოსაზრების ავტორი აკადემიკოსი, ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატია.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ მასაც მოსმენილი აქვს რამდენიმე ვირუსოლოგის აზრი, მათ შორის, ყველაზე უფრო ავტორიტეტულის ფრანგი მონტანიეს შეხედულება, რომელმაც აღმოაჩინა აივ-ინფექციის, ანუ შიდსის გამომწვევი ვირუსი.
„რა თქმა უნდა, ლუკ მონტანიე ავტორიტეტული ვირუსოლოგია და მას აქვს თავისი მოსაზრება, მაგრამ მეორე მხარეს დგას დანარჩენი ცივილიზებული სამყარო, უამრავი ავტორიტეტული ორგანიზაცია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის უკანაც არის ათასობით სამედიცინო ექსპერტი, ექიმი თუ მეცნიერი. უკვე ჩატარებული უამრავი კვლევა და გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში ათჯერ დაბალია სიკვდილიანობა და მძიმე მდგომარეობა. ეს არის სტატისტიკა. იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაცია, ბევრად დაბალია სიკვდილიანობა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. ლეტალობის ერთეული შემთხვევები, სამწუხაროდ, ვაქცინირებულებშიც იქნება, მაგრამ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, და ჩვენ გვაქვს რამდენიმე კლინიკასთან ხშირი კონტაქტი, ყოველ შემთხვევაში, თბილისის კლინიკების მესამედთან მაინც გვაქვს ურთიერთობა, ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ რეანიმაციებში, ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში, სადაც წვანან არავაქცინირებული ადამიანები, ისინი ათჯერ მეტად დაუცველნი არიან ვაქცინირებულებთან შედარებით“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
მისივე თქმით, ცხადია, არის შემთხვევები, როცა კორონავირუსი ვაქცინირებულებთანაც მიმდინარეობს მძიმედ, მაგრამ, თუ შევადარებთ ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს, ეს განსხვავება ათჯერ ნაკლებია. ამიტომ ამ სტატისტიკიდან უნდა ამოვიდეთ და არა ერთი და ორი თუნდაც ავტორიტეტული მეცნიერის მოსაზრებიდან. ყველა მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ უნდა დავეყრდნოთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი დევი ტაბიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აცრილიც და აუცრელიც თანაბრად დაუცველია. For.ge-სთან საუბრისას დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ადამიანი აცრილი რომ არაა და დასნებოვნდება, ეს არავის უკვირს, მაგრამ, თუკი ერთჯერადად აცრილს დაემართება კორონავირუსი, ნაკლები შანსია, მდგომარეობა გართულდეს და ლეტალურად დამთავრდეს. ორჯერადად აცრილის გარდაცვალების შემთხვევა, დევი ტაბიძის თქმით, საერთოდ არ ყოფილა, ამიტომ თანაბრობაზე საუბარი ზედმეტია.
„მარტო საქართველოში რომ იყვნენ ანტივაქსერები, რა გვიჭირდა, მთელ მსოფლიოს ჰყავს თავისი ანტივაქსერები, გვინახავს მათი გამოსვლები, გვინახავს საპროტესტო აქციები აკრძალვებთან დაკავშირებით, ეს იგივე ანტივაქსერობაა. რას დავარქმევთ, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ანტიკამპანიაა“,- აღნიშნა დევი ტაბიძემ.
რაც შეეხება ცალკეულ უცხოელ ვირუსოლოგთა მოსაზრებას, რომ მასიური ვაქცინაცია დაუშვებელია პანდემიისას, რადგან ის ახალი ვირუსული შტამების გაჩენას იწვევს, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ვაქცინების მიმართ, დევი ტაბიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ვაქცინაცია კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს.
„თუ ვაქცინაციას არ ჩაუტარებენ ადამიანებს, გენოციდი მერე ნახეთ, როგორი იქნება“, - მიიჩნევს იგი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციებია, რაც იმისთვის კეთდება, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობა შეირყეს. პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობის შერყევა კი ერთი სერიოზული საფრთხეა.
„ცხადია, აცრილებიც იღუპებიან, რადგან 100%-იანი დაცვა ამ ვაქცინას არ აქვს, მაგრამ ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს. სხვა საშუალება მედიცინას ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ ვაქცინის ეჭვქვეშ დაყენება არაფრით არ შეიძლება. ჯანდაცვის სისტემა ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული სისტემაა, ჩვენ არ გვაქვს ამაზე უფრო ეფექტური და მძლავრი მექანიზმი, რომ თავი დავიცვათ. თუ ამის მიმართ ნდობა დადგა ეჭვქვეშ, ამის ალტერნატივაა ქაოსი. ასეთი ანტისისტემური ნაბიჯების გადადგმა საშიშია. თუ არსებობს პროტოკოლის შეცვლის აუცილებლობა, ეს უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის შიგნით უნდა განიხილონ. გარედან შევუტიოთ ამ სისტემას, ეს დივერსიაა“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.