საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სპეციალისტების მიერ, კვლავ მძიმედ ფასდება. საკოორდინაციო საბჭო დამატებითი რეგულაციების შემოღებას გეგმავს. კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ჯერ კიდევ რთულია თქმა იმისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 14 აგვისტოდან გაჩერებულია, გაანახლებს თუ არა 4 სექტემბერს მუშაობას.
მედიკოსების ნაწილის შეფასებით, პირველ რიგში, ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და მოსახლეობამ ის რეკომენდაციები დაიცვას, რაზეც სპეცილისტები კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საუბრობენ.
24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 ადამიანი გარდაიცვალა. მსგავსი სტატისტიკა გვაქვს დაახლოებით ბოლო სამი კვირაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ჩატარებული აცრის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 010 096 აცრაა ჩატარებული. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია. ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.
ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე For.ge-სთან აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მოქმედი რეგულაციები დაიცვას - როგორც სამედიცინო პირბადის ტარება, მნიშვნელოვანია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.
ლადო კახაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და აიცრან.
„არსებული რეგულაციები, რომელიც მეცნიერების მიერ არის აპრობრიბული, უნდა შესრულდეს. გამოუვალი მდგომარეობაა, ერთ მხარესაა ვირუსი, მეორე მხარეს - ადამიანი თავისი ტვინით. რეგულაციების მკაცრად დაცვის პირობებში, შესაძლოა ტრანსპორტიც ავამუშაოთ.
კიდევ არის ვაქცინაცია, რომელსაც სავალდებულოდ არ ვაცხადებთ ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარე. გონიერ ადამიანს მივმართავთ, რომ აიცრას, ეს არის შესაძლებლობა ვაჯობოთ პანდემიას. დამატებითი რეგულაციები, თუ ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, ცუდია, პამდემია პოლიტიკაზე მაღლა დგას.
არიან მონდომებული ადამიანებიც, - მილიონს გადააჭარბა აცრების რაოდენობამ, - ესაა ბოლოს, დაჩქარებული ტემპის შედეგად მიღებული. გამოდის, რომ შეგვძლებია. დღეში 30-40 ათასი რომ ავცრათ, თვეში მილიონს გადავაჭარბებთ. ახალ წლამდე შესაძლოა ის რეგლამენტირებული 70% რეალისტური გავხადოთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ამბობს, რომ დამატებითი რეგულაციების შემოღება ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის. მისი თქმით, მნიშვნელივანია არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მკაცრი კონტროლი.
„რა რეგულაციებიც არსებობს, ის უნდა შესრულდეს. პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებების აღკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს, რაც სამწუხაროდ არ ხორციელდება, განსაკუთრებით თბილისს გარეთ. ვფიქრობ, მთავარი იარაღი სწორედ ეს არის.
აუცილებელია ყოველ დღე ადამიანებისთვის ახსნა-განმარტება, რატომ არის საჭირო პირბადე ატარონ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აიცრას, - როდესაც ხალხმრავალ ადგილას ხვდებიან, ორჯერადად აცრილმაც უნდა ატაროს პირბადე. კარგია, რომ მილიონს გადააჭარბა ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, - სამიზნე მოსახლეობის მცირე ნაწილიც კი არაა.
დიდად ვერ დავინახე ეფექტი იმის, რომ ტრანსპორტის გაჩერებამ მობილობის შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, ძალიან დიდ უსიამოვნებას და პრობლემებს უქმნის ადამიანებს, ყოველდღიური საჭიროების დაკმაყოფილებისთვის გადაადგილების პრობლემა ექმნებათ მათ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლს დაეხმარა.
თამარ გაბუნიას თქმითვე, ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის 7410 პაციენტია, მათგან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში იმყოფება 376 ადამიანი.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები არის. ტრანსპორტის შეზღუდვა დაეხმარა ეპიდემიის კონტროლს. ადრეა იმაზე საუბარი, ამის შენარჩუნება რამდენად მოხდება, მაგრამ მობილობის ნებისმიერი კლება იწვევს მეტ შესაძლებლობას ვაკონტროლოთ მდგომარეობა. იგივე მოლოდინი გვაქვს დღევანდელ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რესტორანი არის ის გარემო, სადაც აქტიურად ხდება ინფექციის გავრცელება, ეს გზა უკვე გამოვიარეთ. რესტორანში ყოფნის შემცირება და კონტროლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასევე ნებისმიერი თავყრილობის მიმართ დაწესებული რეგულაციების აღსრულება.
„ყველასთვის საყურადღებოა ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის მდგომარეობა მიმდინარე პანდემიის პირობებში. შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. გუშინ დადასტურებულია 5924 შემთხვევა, რაც გარკვეულწილად სამშაბათის ეფექტიც არის. საშუალოდ, დაახლოებით 4500-დან 5000-მდე მერყეობს შემთხვევების რაოდენობა გასული ერთი კვირის განმავლობაში. გასულ 24 საათში იყო გარდაცვლების 60 შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის არის 7410 პაციენტი, აქედან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 376 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. საწოლი მობილიზებულია 8022, ეს არის მაქსიმალური დატვირთვა, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს დამატებითი საწოლის მობილიზებას სომატური განყოფილების პროფილის ცვლილების ხარჯზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.