პრემიერი: რამდენიმე დღეა, საქართველო პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში

პრემიერი: რამდენიმე დღეა, საქართველო პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ავღანეთიდან ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში

ჩვენმა გამორჩეულად ღირსეულმა ჯარმა მიიღო მონაწილეობა და ძალიან ღირსეულად იმსახურა ავღანეთში, რითაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მისიაში და ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში. სამწუხაროდ, ამ მისიას არ ჩაუვლია დანაკარგების გარეშე, 32 ჩვენი გმირი სამხედრო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ძალიან ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა განაგრძობს NATO-სა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორი ამერიკის, ევროპისა და საერთაშორისო თანამეგობრობის.

„რაც შეეხება, ზოგადად ჩვენ მონაწილეობას ნატო-ს და საერთაშორისო მისიებში, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობის ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში. კერძოდ, უკვე რამდენიმე დღეა საქართველო აქტიურადაა ჩართული ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში. უკვე 2 000-მდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტის მეშვეობით, ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მეშვეობით.

ამას გარდა ჩვენ თხოვნით მოგვმართეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დონორმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, რომლებიც წლებია ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას განვითარებაში. მათ მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარების საკითხში. ამას გარდა მომართვა იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან და ეროვნული განვითარების დემოკრატიის ინსტიტუტისგან. ჩვენ მათი თანამშრომლების დროებით რელოკაციაში, გადმოყვანაში ვეხმარებით, დავეხმარეთ უკვე რამდენიმე ათეულ ადამიანს და ეს პროცესი წარმატებით ხორციელდება. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი აქტორი და მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობის და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული პარტნიორი ამერიკის, ევროპის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.