ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ერთადერთი გზაა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ მათი დაძლევა და დავდოთ უფრო კარგი შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია - ძლიერი მერი, რომელსაც კარგად ესმის მუნიციპალიტეტი, მშობლიური მხარე და ბოლომდე მოწადინებულია ყველა იმ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც დგას ესა თუ ის რეგიონი.
„მივესალმები ამ ულამაზეს მხარეს, გამორჩეულს თავისი ბუნებით და შრომისმოყვარე ხალხით. ბევრი არ არის აქ ნამყოფი და არ იციან აქ არსებული პოტენციალის შესახებ. ძლიერი რეგიონები - ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, შემუშავებულია გეგმა, რომელიც განსაკუთრებულად რეგიონებისკენ არის მიმართული, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა რეგიონის პოტენციალის ათვისება და ამას დროული და თანმიმდევრული განვითარება სჭირდება, რომელსაც 2012 წლიდან ვახორციელებთ. მინდა, ვისაუბრო უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც 2018 წელს განხორციელდა.
საკანონმდებლო რეფორმამ, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურული თუ რეგლამენტის კანონში ცვლილებებით, საბოლოო ჯამში შეძლო სამართლებრივი საფუძველი ჩაგვეყარა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკისთვის.
საქართველოს ყველა კუთხე გამორჩეულია, მათ შორის გამორჩეულია ჩხოროწყუ. არ შემიძლია, არ ვახსენო ის პროექტები, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ ოჯახს, რეგიონს და რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს. საუბარია იმ აგროტურიზმზე, იმ დაკრედიტებაზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. ვნახეთ თხილის შემგროვებელი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები, რაც მიუთითებს, რომ ეს პროგრამები მუშაობს. „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებები არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ სოფლის მეურნეობას, ძალიან ბევრი პოტენციალი და იდეაა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად შეუძლიათ თავიანთი ნიჭი მშობლიურ კუთხეს მოახმარონ. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. აუცილებელია თქვენი აქტიურობა არჩევნებზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.