ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ორსულებში კორონავირუსის დელტა ვარიანტი უფრო აგრესიული ფორმით მიმდინარეობს და იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, შესაძლოა, შედარებით მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს.
"ზოგადად, დელტა შტამი, უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და შედარებით მძიმე მიმდინარეობა შესაძლებელია გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. უფრო უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც ზოგადად ორსულობის პერიოდში ორგანიზმს აქვს და ამ შტამის ქცევას",-თქვა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას გაბუნიამ ასევე ისაუბრა კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის დამატებით ღონისძიებებზე. ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აცრის მნიშვნელობას და თქვა, რომ ვირუსის პრევენციისთვის ორსულებისთვის მნიშვნელოვანია აცრა და არსებული რეგულაციების - სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა.
ამასთან, გაბუნიამ თქვა, რომ მიმდინარე კვირაში ორსულების კონსულტაციისთვის დაემატება ონლაინკლინიკა, რომელიც მეან-გინეკოლოგთა ჯგუფით იქნება დაკომპლექტებული. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად ინფიცირებული ორსულებისთვის, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, დამატებით რეკომენდაციებს გასცემენ. ასევე, ბინაზე მყოფი ინფიცირებული ორსულებისთვის ემატება, პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ინფიცირებულ ორსულს სპეციალიზებულ კლინიკაში მისვლა შეეძლება. გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ორსული ინფიცირებულებისთვის მობილიზებულია სპეციალური საწოლებიც.