ტირასპოლის „შერიფმა“ ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მოლდოვურმა გუნდმა ზაგრების „დინამოსთან“ პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა (3:0) შეინარჩუნა და პირველად ისტორიაში მოლდოვური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია.
ზაგრებში „შერიფმა“ საქმის ბოლომდე მიყვანა ძალიან იოლად და მშვიდად მოახერხა და სასურველი ნულოვანი ფრე დააფიქსირა. ამრიგად, ტირასპოლელებს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ...
ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ დანიის ჩემპიონი „ბრონდბიუ“ მეორე მატჩშიც იმავე ანგარიშით დაამარცხა, როგორც შინ - 2:1. შედეგად, ორი თამაშის ჯამში 4:2 მოიგო და ჯგუფში ითამაშებს.
ყველაზე დაძაბული და დრამატული „შახტარი“ – „მონაკოს“ წყვილი გამოდგა. უკრაინელებმა პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგეს, მაგრამ ლვოვში „მონაკო“ ძალიან კარგად თამაშობდა. პირველივე ტაიმში ვისამ ბენ იედერმა დუბლი შეასრულა და მონეგასკები დაწინაურდნენ. გარდა ამისა, ნიკო კოვაჩის გუნდს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, რისთვისაც საბოლოო ჯამში დაისაჯა. 74-ე წუთზე მარლოსმა შეამცირა სხვაობა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. იქ „შახტარს“ ძალიან გაუმართლა და „მონაკოს“ არ გაუმართლა: 113-ე წუთზე აგილარმა ავტოგოლი გაიტანა, უნიებლიედ, უწყინარ სიტუაციაში და ფრე 2:2, ორი მატჩის ჯამში კი რობერტო დე ძერბის გუნდს დარჩა გამარჯვება (3:2) და ჩემპიონთა ლიგის საგზური.