ოპოზიცია ამჯერადაც ვერ თანხმდება, ამ შემთხვევაში არჩევნების გადადებაზე. ნაწილი მომხრეა, ნაწილი წინააღმდეგი, საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვინც თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არც არჩევნების გადადება უშველის, არც გადმოწევა და არც თარიღის შეცვლა, ის მარცხი უნდა მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს, ამის შემდეგ კი 3 წელი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს საზოგადოებასთან ერთად.
„მან (მიხეილ სააკაშვილმა) თქვა, რომ არჩევნები არათუ უნდა გადაიდოს, არამედ უნდა გადმოიწიოს. ასეთი არასტანდარტული, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, სამწუხაროდ, ახასიათებთ ოპოზიციონერებს. მათი ძირითადი საბაბი და მოტივი გასაგებია - საკუთარი კვლევები ნახეს, რომ იქ სახარბიელო მდგომარეობა არ არის და მიზეზებს ეძებენ. ოპოზიციას არც არჩევნების გადადება უშველის, არც გადმოწევა და არც თარიღის შეცვლა. ოპოზიციამ ის მარცხი უნდა მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს და ამის შემდეგ 3 წელი კარგად დაჯდეს და იმეცადინოს საზოგადოებასთან ერთად. 2024 წლისთვის თუ კარგად მოემზადება, საზოგადოებამ შეიძლება გადახედოს რაღაც გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ცრუ ინფორმაციების გაგზავნა იქნება თუ კოვიდის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის, არ უშველით, რადგან საზოგადოება პოლიტიკურად საკმაოდ გაიზარდა და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება - გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება.