ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში რუსეთი არაოფიციალურ სამხედრო დანაყოფებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს არ მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდება, არ იქნება მოულოდნელი ეს ქვედანაყოფები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც ვიხილოთ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი დაჯგუფება „ვაგნერის ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.
რას წარმოადგენს ე.წ. „ვაგნერის ჯგუფი“, რა მიზნებს ისახავს, როგორია მისი შემადგენლობა, ვის ემორჩილება და საბრძოლო მოქმედებების რა „ისტორია“ გააჩნია?
ფართო საზოგადოებისთვის „ვაგნერის ჯგუფის“ არსებობა ათიოდე წლის წინ, ყირიმის მოვლენების შემდეგ გახდა ცნობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ნახევარკუნძულზე მისი ოფიციალური შენაერთები არ მოქმედებდნენ. ამ დროს უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფების განიარაღებას, ასევე სამხედრო ობიექტების დაცვას მაშინ ჯერ კიდევ უცნობი სამხედრო დაჯგუფება აწარმოებდა.
მოგვიანებით „ვაგნერელების“ სახელმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გაიჟღერა. „გასაიდუმლოებული“ დანაყოფი დონეცკის აეროპორტისთვის გაჩაღებულ ბრძოლებში მონაწილეობდა, მისი წარმომადგენლები სათავეში ედგნენ ე.წ. „ადგილობრივ მოხალისეებს“, მოგვიანებით კი დებალცევოსთან გამართულ სისხლიან დაპირისპირებაშიც მიიღეს მონაწილეობა. უფრო მეტიც. უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელის, გენერალ ვასილი გრიშჩაკის თქმით, „ვაგნერის ჯგუფის“ ორმა წევრმა უშუალო მონაწილეობა მიიღო მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
2015 წლის ზაფხულიდან კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულ „ვაგნერის ჯგუფს“ უკვე სირიაში ვხვდებით. იმ პერიოდში რუსული სამხედრო შენაერთები სახმელეთო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ, მაგრამ არა „ვაგნერელები“. მათ ქალაქ პალმირას გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება მოუწიათ. იყო მსხვერპლიც. თავდაპირველად სირიაში მყოფი 1000-კაციან შენაერთში ცხრა მებრძოლი დაიღუპა, ცოტა ხანში კი მათი რიცხვი 40-60-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც რუსმა დაქირავებულებმა ქალაქის მისადგომები ისლამისტი მებრძოლებისაგან გაათავისუფლეს, უშუალოდ დასახლებულ პუნქტში სირიის ოფიციალური სამხედრო შენაერთები შევიდნენ. რასაკვირველია, გამარჯვებულის სახელი სირიულ მხარეს ერგო, რუს მეომრებზე კი სიტყვა არსად თქმულა.
მოგვიანებით რუსი დაქირავებული მებრძოლების კვალი დაფიქსირდა სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. გამოცემა „The Bell“-ის ცნობით, 100-მდე დაქირავებული მებრძოლი სუდანის სამხედრო რაზმს წვრთნიდა.
2018 წლის 30 ივლისს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ისინი ამ ქვეყანაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობას იძიებდნენ.
2020 წლის მაისში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელთ აღმოჩნდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის კომიტეტის ანგარიში, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარეს, ტრიპოლიში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ, „ვაგნერის ჯგუფის“ 1200-მდე წევრი იბრძოდა. ანგარიშში ნახსენებია ის ფაქტიც, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის წევრები ლიბიაში 2018 წლიდან იმყოფებიან.
გასულ წელს „ვაგნერელები“ ბელარუსშიც გამოჩნდნენ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „BELlTA“-მ გაავრცელა ცნობა, რომ ბელარუსის სამართალდამცავმა ორგანოებმა, მინსკის მახლობლად, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მებრძოლები დააკავეს.
ბელარუსი სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ დაკავებულები, არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის იმყოფებოდნენ, მაგრამ არსებობდა ვარაუდი, რომ საქმე უფრო რთულ სცენართან ჰქონდათ და მზარდი ოპოზიციური მოძრაობის ფონზე, ლუკაშენკომ ამ ფორმით წინასაარჩევნოდ მკაცრი კონტროლის მექანიზმის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.
ბოლო ინფორმაციით, „ვაგნერის ჯგუფის“ ნაწილი ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება.
რუსეთის ხელმძღვანელობა გასაიდუმლოებულ სამხედრო ქვედანაყოფს დიდი ხნის მანძილზე ვერ დამალავდა.
2016 წლის 9 დეკემბერს, მოსკოვში, „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით კრემლში საზეიმო ოფიციალური მიღება გაიმართა. რამდენიმე დღეში რუსულ მასმედიაში ამ ღონისძიების ამსახველი ფოტოსურათები გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელ დიმიტრი უტკინთან, მის მოადგილე ვადიმ ტროშევთან და ამ ქვედანაყოფის ორ ოფიცერთან იყო გამოსახული.
რუსულმა ვებ-გვერდმა „ფონტანკა. რუმ“ გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ეს კერძო სამხედრო კომპანია რეალურად არსებობდა. მისი მთავარი დისლოკაციის ადგილი კრასნოდარის ოლქის სოფელი მოლკინოა, სათავეში ვინმე დიმიტრი უტკინი უდგას, დაფინანსებით კი რუსი მილიარდერი ევგენი პრიგოჟინი ეხმარება.
საინტერესოა დიმიტრი უტკინის პიროვნება. ეს უკანასკნელი პროფესიონალი სამხედროა. კარიერის განმავლობაში ვიცე-პოლკოვნიკის ჩინამდე მიაღწია. 2013 წლამდე ფსკოვის ოლქში დისლოცირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, „გრუ“-ს სპეციალური ქვედანაყოფის მეთაური გახლდათ. ამავე წელს თადარიგში გავიდა და მუშაობა კერძო სამხედრო კომპანიაში „Moran Security Group MSG“ დაიწყო. ეს კომპანია აწარმოებს საზღვაო ხომალდების დაცვას მეკობრეებით სახიფათო რეგიონებში. მოგვიანებით „MSG“-ის ბაზაზე ე.წ. „კორპუსი“ ჩამოყალიბდა, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის დასაცავად გაემგზავრა. ამ კორპუსის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ დიმიტრი უტკინი გახლდათ.
სირიიდან დაბრუნების შემდეგ, 2014 წელს ვიცე-პოლკოვნიკმა თავისი კერძო სამხედრო ქვედანაყოფი შექმნა, რომელიც „ვაგნერის ჯგუფის“ სახელით არის ცნობილი. მისი პირველი საბრძოლო ნათლობა ყირიმში შედგა.
დაქირავებულთა „სამსახურში მიღება“ სერიოზულ დონემდეა აყვანილი. თითოეული ახალწვეულის ბიოგრაფია განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. სამხედრო რაზმში ჩარიცხულ ყოველ ახალ მებრძოლს სპეციალური ხელწერილის დაწერა უწევს, სადაც აღნიშნავს, რომ ამ სამსახურის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავს. თავდაპირველად მებრძოლები ანაზღაურების სახით თვეში 240 ათას რუსულ რუბლს იღებდნენ. მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია, რომელიც 40 ათას ევროს შეადგენს. საბრძოლო ოპერაციებში ჭრილობის მიღებისას „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლები მკურნალობას რუსეთის სახელმწიფო სამხედრო ჰოსპიტალებში გადიან. გამოცემა „delfi.lv“-ის მტკიცებით „ვაგნერის ჯგუფში“ ძირითადად რუსები, ჩეჩნები, ოსები და აფხაზები ირიცხებიან. იყო დრო, როდესაც მათ რიგებში სერბი ეროვნების რამდენიმე მებრძოლიც იბრძოდა. ამავე გამოცემის ხელთ არსებული მასალებით, რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს „ვაგნერის ჯგუფის“ შენახვა წელიწადში 50 მილიონი რუბლი უჯდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათ საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებს იმ რეგიონებში, სადაც არ სურს რომ რუსული კვალი ოფიციალურად დაფიქსირდეს.
როდესაც ამ კერძო სამხედრო დაჯგუფების შესახებ რუსულ მასმედიაში მასალები გამოქვეყნდა, სირიაში ერთ-ერთ მოკლულ ისლამისტ მებრძოლს ჯიბეში ამ წერილების ქსეროასლები უპოვეს. რასაკვირველია, ამ ფაქტით რუსული ძალოვანი სამსახურები აღფრთოვანებულები არ დარჩენილნან. ამის მიუხედავად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერის ჯგუფის“ არსებობა ოფიციალურად მაინც არ აღიარა. ბოლო დროს ამ სამხედრო დაჯგუფებაში მოხალისეების აყვანა უფრო გამკაცრდა, შემცირდა თვიური ანაზღაურებაც და მებრძოლები უკვე 160 ათასს ღებულობენ.
მას შემდეგ, რაც რუსულ მასმედიაში „ვაგნერის ჯგუფის“ შესახებ ინფორმაციები გაჟღერდა, ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი უტკინი იატაქვეშეთში გადავიდა. გამოცემა „sputnikipogrom.com“-ის ინფორმაციით, უტკინი ამჟამად კრასნოდარის ოლქის სოფელ მოლკინოში იმყოფება.
როდესაც „ვაგნერის ჯგუფის“ ლიბიაში ყოფნის ფაქტი ოფიციალურად გასაჯაროვდა, აშშ-მა უტკინსა და პრიგოჟინს სანქციები დაუწესა, მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი ამ კავშირს დღემდე უარყოფს.
ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი რამდენიმე რეგიონში გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ხშირად ოფიციოზი თავისი რეგულარული ჯარების ცხელ წერტილებში ყოფნას კატეგიორიულად უარყოფს. ამ მისიას დაქირავებული კერძო სამხედრო ქვედანაყოფები ასრულებენ - ყირიმი, უკრაინა, სირია, ლიბია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. საინტერესოა, უახლოეს მომავალში „ვაგნერის ჯგუფსა“ და სხვა მის მსგავს შენაერთებს რომელ რეგიონებში ვიხილავთ. არ არის გამორიცხული რომ საქართველო - რუსეთის ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში უტკინისა და პრიგოჟინის მებრძოლები ჩვენს ქვეყანაშიც ვიხილოთ.