კორონავირუსი ტურიზმის მტერია, მაგრამ საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსს ტურიზმი არ მოუკლავს და საქართველოში უხვად შემოსული ტურისტები ამ ვირუსის არანაკლები გამავრცელებლები აღმოჩნდნენ. თანაც, უცხოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა მრავალფეროვანი შტამების გავრცელებას დაუდეს საფუძველი.
ისტორია მეორდება, შარშანაც სწორედ ტურისტების მოზღვავებას დაემთხვა კოვიდის აფეთქება და აჭარიდან წამოვიდა ეს ვირუსული ინფექცია.
როგორია ტურისტების წილი კოვიდის აფეთქების თვალსაზრისით?
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ტურისტების როლი კოვიდის გავრცელების საქმეში შესასწავლია, ცხადია, რისკები იყო, მაგრამ ტურიზმისგან შემოსული რისკების მინიმალიზაციის მოხდენაც შესაძლებელი იყო.
როგორც სერგო ჩიხლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჰქონდა რეკომენდაციები, რომ ჯერ მოსახლეობასთან უნდა ემუშავა ხელისუფლებას, მერე სეგმენტური მუშაობა წარემართა, ცალკე სამინისტროებთან, ცალკე პედაგოგებთან, ცალკე ტურისტულ სექტორთან.
„თავის დროზე რომ აგვეცრა ტურისტულ სექტორსა და მომიჯნავე სექტორში დასაქმებული ადამიანები, ასევე, შემოსულ ტურისტებთან მიმართებით რომ აგვეწყო კარგი პროგრამული უზრუნველყოფა, მიდევნება, თრექინგი, ვინ შემოდის, ვინ არის აცრილი, საბუთი და პისიარ ტესტი აქვს თუ არა, ეს ზედამხედველობა რომ გაგვემართა, რისკები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ეს მოდელი ჯერ კიდევ შარშან, 2020 წლის მაისში შევთავაზეთ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელისუფლებას, მაგრამ არც მაშინ გაკეთდა რამე, არც ახლა. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების რისკები ტურიზმთანაცაა დაკავშირებული. წილობრივად, რამდენი ინფიცირებული მოდის ტურისტებზე, ამას შესწავლა და კვლევები ესაჭიროება, რასაც არ აკეთებს ჩვენი სახელმწიფო“, - გვითხრა სერგო ჩიხლაძემ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი შტამების გავრცელებას ხელი შეუწყო საზღვრების გახსნამ და, განსაკუთრებით, რუსეთიდან უამრავი ტურისტის ჩამოსვლამ, რომელიც ბოლომდე არ ვიცით, მართლაც გამოკვლეული იყო, თუ ფალსიფიცირებული ცნობები ჰქონდათ.
„თავის დროზე კატეგორიულად მოვითხოვდი, ყველა შემოსული ადამიანი ან სწრაფი ტესტით შემოწმებულიყო, ან 1-2-3 დღე მაინც ყოფილიყო იზოლაციაში. მესმის, ტურისტული ბიზნესია და ძნელია ამის გაკეთება, მაგრამ იმ ტურისტებიდან, კაცმა არ იცის, რამდენმა შემოიტანა თავის ქვეყანაში გავრცელებული შტამები. ამითაც აიხსნება, რომ ასე უცბად გაჩნდა ამდენი შტამი. მანამდე, როცა „ლოკდაუნი“ იყო, არ იყო ამდენი შტამი, მაგრამ, როგორც კი გაიხსნა საზღვრები, ინდური, ბრაზილიური და ასე დაუსრულებლად ახალ-ახალი შტამები წამოვიდა“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
მისივე თქმით, ყოველთვის ასეა, თუკი ტურისტი გარედან შემოდის, ის ამატებს ახალ შტამებს, რადგან ის სხვა ქვეყნის ტურისტია, იმ სხვა ქვეყანაში კი სხვა ჰავაა, სხვანაირად მრავლდება ვირუსი. ამიტომ ჩვენი მოსახლეობის იმუნიტეტი არ არის შეჩვეული ახლად შემოტანილ ვირუსს.
„ამის ბრალიც მგონია ასეთი სიკვდილიანობა. ჩვენთან 5000-მდე ავიდა კოვიდით დაღუპულთა რაოდენობა, ეს ოჯახებისთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ სტატისტიკისთვის ჯერ კიდევ დაბალი მონაცემია. თუმცა მაინც საგანგაშოა, რომ მატულობს დაღუპულთა რიცხვი“, - გვითხრა ინფექციონისტმა.