ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი 2021 წლის სეზონის დარჩენილ დროს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ესპანელმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ნადალს ფეხის ტრავმა აქვს და საკუთარ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა 2021 წელს დაგეგმილი ყველა ტურნირი გამოტოვოს.
"სამწუხაროდ უნდა გამცნობოთ, რომ 2021 წლის სეზონის დარჩენილ პერიოდში ვეღარ ვითამაშებ. აღნიშნული ფეხის ტრავმა გასულ სეზონშიც მაწუხებდა. ამის გამო გამოვტოვე ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირები, როგორებიცაა აშშ-ს ღია პირველობა, უიმბლდონი, ოლიმპიადა და სხვა ბევრი ტურნირი." - განაცხადა ნადალმა.
როლან გაროსზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ნადალმა რამდენიმე ტურნირი გამოტოვა და პირველად ვაშინგტონის ტურნირზე გამოჩნდა და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. ამის შემდეგ კი რაფა ტორონტოს მასტერსიდან მოეხსნა.
"ტორონტოდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღე ვფიქრობდი. მჭირდებოდა საუბარი ჩემ ოჯახთან, გუნდთან, ექიმებთან, რათა გამერკვია თუ რა ხდებოდა. მაგრამ ფეხი კვლავ მაწუხებდა. გასულ წელს ამ ტრავმის გამო ვერ ვვარჯიშობდი და ვერც სათანადოდ ვემზადებოდი, რომ მაღალ დონეზე მეასპარეზა, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა ახლა დარწმუნებული ვარ 100 პროცენტით გავივლი რეაბილიტაციას და შემეძლება მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ვიბრძოლო." - აღნიშნა ესპანელმა.
მიმდინარე სეზონი ნადალმა 24 გამარჯვებით და ხუთი მარცხით დაასრულა. 2021 წელს რაფამ ბარსელონას ტურნირი და რომის მასტერსი მოიგო.