ჰოლანდიური მედია ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსის" პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტს, მერაბ ჟორდანიას შეხვდა.
შეხვედრის მიზეზიც განმარტებულია: "ჩელსი" არნემელთა მთავარი მეგოლით, ვილფრედ ბონის ტრანსფერითაა დაინტერესებული.
კლუბების პრეზიდენტების შეხვედრას წინ უძღოდა ფეხბურთელის აგენტის ვიზიტი "სტემფორდ ბრიჯზე".
ინგლისური მედია ბონის სატრანსფერო ღირებულებას 12 მილიონ გირვანქად აფასებს. ჰოლანდიური საიტები კი იუწყებიან, რომ კოტდივუარელი ბონი მაძღარ რუსულ კლუბებსაც სურთ და შესაბამისად, 12 მილიონ გირვანქაზე მეტსაც იხდიან.
თუ ტრანსფერი განხორციელდა, ეს ჟორდანიას წარმატებაც იქნება, ვინაიდან, სანამ ჟორდანია არ გახდებოდა "ვიტესის" მფლობელი და ამ გუნდს ფეხზე არ დააყენებდა, ვილფრედ ბონი ძვირად ღირებული თავდამსხმელი არ გახლდათ, ახლა კი 26 გოლით ლიდერობს ერედივიზიონის მეგოლეების სიას.
ჟორდანია აბრამოვიჩის მეგობარია, აბრამოვიჩს კი მჭიდრო კავშირები აქვს მდიდარ რუსულ კლუბებთან - ფასის გარდა, ბონის ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებელი, ალბათ, ეს იყო.
ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "ჩელსის" დამდეგი სეზონიდან ჟოზე მოურინიო დაუბრუნდება, ხოლო ბონი "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი დროგბა გახდება.
ჟორდანიას "ვიტესი" კი პირველი ხმაურიანი, ძვირიანი გასხვისებისთვის ემზადება.