„ვართ კი მზად, ძლიერ მონარქებს, მათ შორის, დავით აღმაშენებელს ადამიანური კუთხით შევხედოთ და არა მითოლოგიზირებულად?!“

„ვართ კი მზად, ძლიერ მონარქებს, მათ შორის, დავით აღმაშენებელს ადამიანური კუთხით შევხედოთ და არა მითოლოგიზირებულად?!“

ავით აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა რომ ერთი კარგი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას იმსახურებს, ამაზე არავინ დავობს. უფრო მეტიც, სხვა ქვეყანას რომ ჰყოლოდა ასეთი მეფე, არაერთ ფილმს გადაიღებდნენ მასზე, ქვეყნის გამაერთიანებელი ნიჭიერი სტრატეგისა და მონანიე ქრისტიანის შესახებ, რომლის მიერ დაწერილ საგალობელშიც „გალობანი სინანულისანი“ ვლინდება მეფე-პოეტის მიერ თავის დამდაბლების სურვილი, რადგან დავით აღმაშენებელი საკუთარ თავს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ ადარებდა და მიაჩნდა, რომ არ არსებობდა ცოდვა, რომელიც მის სულს არ ამძიმებდა.

დავით აღმაშენებლის რთული და დრამატული ცხოვრება ნებისმიერი ქართველი ხელისუფალისთვის ახლობელი ხდება, როცა ისინი ხელისუფლების ზენიტში არიან. ზენიტში კი არა, მიხეილ სააკაშვილი დღესაც იმეორებს, „აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მაგრამ იგი 5 საუკუნე არავის გახსენებია, მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მასზე ბევრად უფრო მალე გამიხსენებენ“...

ჯერ კიდევ 2004 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ წაახალისებდა პატრიოტული გრძნობების გაღვივებას და დავით აღმაშენებელზე ბლოკბასტერის გადაღებას მიესალმებოდა. იმხანად კითხვაც დაისვა, ვის უნდა შეესრულებინა დავით აღმაშენებლის როლი - სააკაშვილს, თუ ჟვანიას?!

„ხელები შორს დავით აღმაშენებლისგან“, - ყველას ახსოვს გურამ შარაძის მაშინდელი შეძახილი, რომელიც ამბობდა, რომ ამ წმინდანად შერაცხილი მეფის გაბითურების უფლებას არავის მისცემდა, არც ქართველ მწერლებს, რომელთაგან ერთ-ერთმაც მეფე თამარის სარეცელში „შეაღწია“ და ჩვენი დიდებული მეფე ქალი შეურაცხყო; ამ უფლებას არ მისცემდა არც ირლანდიელ რეჟისორს, რომელიც მეფე დავითზე ფილმის გადაღებას აპირებდა.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ფილმის სცენარის ავტორს დათო ტურაშვილს მიაჩნდა, რომ ამ ფილმს მთელი მსოფლიო ნახავდა და ბუმი იქნებოდა საქართველოს სანახავად. დიდი აჟიოტაჟის მიუხედავად, ფილმის გადაღება იმ პერიოდში ვერ მოხერხდა.

დღესაც თეა წულუკიანის ინიციატივით, კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას და კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. ფილმის სცენარსა და პროექტში სამინისტრო 20 ათას დოლარს გადაიხდის. ფილმი დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავს მიეძღვნება.

რატომ ახსენდებათ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება ნებისმიერი ხელისუფლების დროს - ეს ძლიერების დემონსტრირებაა, თუ პატრიოტული გრძნობებით სპეკულირება?

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება პირდაპირ გამოცხადდა, როგორც სახელმწიფოს დაკვეთა. რატომ მაინცდამაინც დავით აღმაშენებელი? კინომცოდნის აზრით, ეს ძალიან აშკარაა, თუ რატომ მოესურვებათ ხოლმე ხელისუფალთ ასეთი მითოლოგიზირებული ისტორიისა და მითოლოგიზირებული გმირების გახსენება.

თეო ხატიაშვილის აზრით, თავისთავად, დავით აღმაშენებელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა, მაგრამ ნებისმიერი სხვა ისტორიული პერსონის მსგავსად, საქართველოში მას დამატებული აქვს მითიური შარავანდედი, რომელიც სიძლიერესთან, ძალაუფლებასთან, საქართველოსთან, როგორც ძლიერ ქვეყანასთან, ასოცირდება.

„სწორედ კრიზისულ სიტუაციაში ახსენდებათ ხოლმე ხელისუფლებებს ასეთი ძლიერი იმიჯები. მათ სურთ, თავიანთი კრიზისი გადაფარონ პროპაგანდისტული ტექსტებით. ასე მოხდა სტალინის ეპოქაშიც ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღება. ფაქტობრივად, იმავე პერიოდში ყველა რესპუბლიკაში მსგავსი ისტორიული ფილმები შეიქმნა, რაც პირდაპირ სტალინური დაკვეთა იყო. გარდა იმისა, რომ ეს ახასიათებს კრიზისულ სიტუაციებს, ეს უკავშირდება ჩვენი ხელისუფლების რიტორიკასაც, რომელიც აგებულია ცრუ პატრიოტულ სენტიმენტებზე და ძალიან კონსერვატიული ღირებულებების მქონეა. თავისთავად, დავით აღმაშენებლის წინააღმდეგი არავინ არის, აქ საუბარია მითოლოგიზების სურვილზე. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ვერ გამოუვათ. ჯერ ერთი, ფინანსები, რაზეცაა ლაპარაკი, არასაკმარისია. ძალიან მასშტაბური ფილმი აქვთ იდეაში, რასაც ეს ფინანსები არ ყოფნის და, თუ საერთოდ გადაიღეს, კარიკატურული ფილმი გამოვა“, - აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.

მანვე გაიხსენა, რომ სააკაშვილსაც ჰქონდა ეს იდეა და ვერ განხორციელდა, რადგან არ არის ასე მარტივი. საერთოდ, თანამედროვე კინოში (და არა მარტო კინოში) ისტორიის სხვაგვარი წაკითხვა ხდება. სწორედ მითოლოგიაა მოცილებული. თეო ხატიაშვილის თქმით, ძალიან საინტერესოა დავით აღმაშენებელი, როგორც ფიგურა და წინააღმდეგობრივი პიროვნება.

„ვისურვებდი, ვიღაცამ შეძლოს ოდესმე და ისე აჩვენოს დავით აღმაშენებელი, როგორც ადამიანი. ის რომ ძლიერი მეფე იყო, სულაც არ ნიშნავს, რაღაც გამოქანდაკებული ძეგლი და რკინის ადამიანი გახლდათ. „გალობანი სინანულისანიც“ ამიტომ დაწერა დავით აღმაშენებელმა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ასეთი მეფე დავითის წარმოჩენა არ სურს, ხელისუფლებას კი არა, საზოგადოების დიდ ნაწილსაც ეს არ უნდა. ხალხს ურჩევნია სწორხაზოვნად ნასწავლი, ბრტყელი, სადღეგრძელოსნაირი მითებით იცხოვროს და, როგორც კი შეეხები მითს, უკმაყოფილება მოდის ხოლმე. გავიხსენოთ ლაშა ბუღაძის მცდელობა, თამარისთვის შეეხედა, როგორც ქალისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, თავის ქალურობას სწირავს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ძალიან დიდ ვნებათაღელვასთან იყო დაკავშირებული. წარმომიდგენია, ვინ გაბედავს დავით აღმაშენებელი არაკანონიკურ შარავანდედში წარმოაჩინოს“, - ამბობს კინომცოდნე.

ამასთან, ადასტურებს, რომ ასეთი წინააღმდეგობრივი პიროვნებების გადაღება რთულია კინემატოგრაფიაში. თუმცა თანამედროვე კინოში ეს ტენდენცია არსებობს, რომ ძლიერ მონარქებს, თუნდაც ქალ მონარქებს შეხედონ ადამიანური კუთხით. რაც უფრო დიდი ასოებითაა ჩაწერილი ცალკეული მონარქი ისტორიაში, მით უფრო მეტ ცოდვასთან, მეტ სისასტიკესთანაა დაკავშირებული, სამწუხაროდ, ისტორიულად ასეა, ასე განვითარდა კაცობრიობის ისტორია, რომ ძლიერი სახელმწიფოები ყოველთვის სისასტიკის ხარჯზე იქმნებოდა. რამდენად გვინდა, ამას გავუსწოროთ თვალი ქართველებმაც და ის სისასტიკეც ვაჩვენოთ, რაც ძლიერი მონარქებისთვის იყო დამახასიათებელი და რატომაც დაწერა დავით აღმაშენებელმა „გალობანი სინანულისანი“, ეს უკვე მსჯელობის საგანია. მთავარია, რომ დავით მეოთხე აღმაშენებელი არ გაურბოდა არაფრის აღიარებას, მაგრამ ისტორიამ უკვე მითოლოგიური შრეები მიანიჭა მას და ის უკვე იდეალიზირებულ, გაკერპებულ ხატად იქცა.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფილმების გადაღება პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდებათ. სააკაშვილიც აპირებდა ასეთი ფილმის გადაღებას. დღესაც შეიძლება ითქვას, რომ გადაიყრება ძალიან ბევრი ფული და ქართველების გარდა ამ ფილმს არავინ ნახავს.

„მე მგონი, ამას იყენებენ არჩევნებისთვის. ვინმეს ახსოვს დავით გარეჯის თემა? არადა, არჩევნების წინ კითხვაზე, „გარეჯი საქართველოა თუ არა“, დაფიქრებაც უკვე ღალატი იყო. სად წავიდა ეს თემა? როცა სააკაშვილი ლაპარაკობდა დავით აღმაშენებელზე, ესეც იყო პროპაგანდა. გაიხსენეთ, ამერიკელებმა რომ გადაიღეს ფილმი 8 აგვისტოზე, ვინ უყურებს ამ ფილმს საერთოდ? მსოფლიო კინოს კატალოგში რომ მოიძიოთ, ნახავთ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ამ ფილმს და ყველაზე ცოტა ადამიანი უყურებს. ეს ყველაფერი პროპაგანდისტულია და, თუ სახელმწიფოს ბიუჯეტით კეთდება, ძალიან ცუდია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ მილიონი სხვა საქმე აქვს ქვეყანას და, სანამ საქართველოს ყველა სოფელში 24-საათიანი წყალმომარაგება არ იქნება, ყველა სოფელში არ იქნება გაზი, ინტერნეტი, მანამ ასეთ პროპაგანდისტულ ფილმზე ლაპარაკიც არ შეიძლება. რომელ ქვეყნის აღორძინებაზეა საუბარი და რა დროს დავით აღმაშენებელია?!

Aburjga Tasmanieli თეო ხატიაშვილი დაშტამპული დასავლური მოდური ტრენდებით აზროვნებს და მეტყველებს - "საერთოდ, თანამედროვე კინოში (და არა მარტო კინოში) ისტორიის სხვაგვარი წაკითხვა ხდება. სწორედ მითოლოგიაა მოცილებული. თეო ხატიაშვილის თქმით, ძალიან საინტერესოა დავით აღმაშენებელი, როგორც ფიგურა და წინააღმდეგობრივი პიროვნება." ეს ქალბატონი ვერასდროს გამოვა აკვიატებული დასავლურობის ჩარჩოდან. ამიტომ ასეთი ხალხის აზრი არ გვაინტერესებს! არ ვჭირდება კიდევ ერთი შინაგანად წინააღმდეგობრივი, დანერვოზებული სირის ნახა ეკრანზე, ისიც დავით აღმაშენებელის სახით! გმირი მეფე იყოი და გვინდა გმირი! აი ძეგლი რომაა ისეთი! გალობანი სინანულისანი დავითს არ დაუწერია! მიშამ დაწერა სააკაშვილმა!
2 წლის უკან