ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ინფორმაციას „რუბინის“ ვებგვერდი ავრცელებს. ყაზანურმა გუნდმა რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ამოიღო, რის გამოც განმარტების გაკეთება მოუწიათ და განაცხადეს, რომ მას ტრავმა აქვს.
„ხვიჩა კვარაცხელია დროებით მოიხსნა რუბინის განაცხადიდან რუსეთის პრემიერლიგაში ტრავმის გამო. სამაგიეროდ, ეს ადგილი შეივსო ახალწვეული მონტასარ ტალბით“, - წერს ყაზანური გუნდი.
ჯერჯერობით უცნობია რა სახის და სიმძიმის დაზიანება აქვს 20 წლის ფეხბურთელს. სანაკრებო მატჩებამდე კი ზუსტად ორი კვირა რჩება და საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2020 წლის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოსთან და ესპანეთთან მატჩები (2-5 სექტემბერს) ელოდება, ხოლო 8 სექტემბერს, ბულგარეთთან ამხანაგური თამაში აქვს. ხვიჩამ დაზიანება 12 აგვისტოს „რაკოვთან“ მატჩში მიიღო, მაგრამ მას შემდეგ ითამაშა კიდეც. "რუბინი" 22 აგვისტოს "ხიმკის" დაუპირისპირდება.
რუსულ მედიაში იმასაც ეჭვობენ, რომ განაცხადიდან ამოღება შესაძლო ტრანსფერს უკავშირდებოდეს. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.