მიმდინარე სეზონის დასასრულს მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო თანამდებობას დატოვებს. კულუარული ცნობით, „ერთადერთი“ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“, „მანჩესტერ სიტიში“ ან ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.
მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს „განსაკუთრებულთან“ გამოთხოვება არ სურთ.
გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის პირველობის 30-ე ტურში, „რეალი“ – „ლევანტეს“ შეხვედრის წინ, „სამეფო გუნდის“ ფანები მოურინიოს მხარდასაჭერად მადრიდის ქუჩებში ხალხმრავალ აქციას მოაწყობენ.
რამდენიმე საათის წინ, ჟოზე მოურინიო გამოცემა „AS”-ს ესაუბრა და „რეალის“ თაყვანისმცემლებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
„გულშემატკივრებს თხოვნით მივმართავ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს დაგეგმილი ღონისძიება არ ჩაატარონ. დადის ხმები, რომ სეზონის ბოლოს მადრიდს დავტოვებ. პირდაპირ გეტყვით, მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ. ჩემს უახლოეს მიზანს ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატების მიღწევაა.
დიდია ალბათობა, რომ ამ პრესტიჟული შეჯიბრების მოგების შემდეგ სამუშაოდ კვლავ „რეალში“ დავრჩე.
6 აპრილს „ლევანტეს“ ვმასპინძლობთ. გულშემატკივრების მოსალოდნელმა აქციამ შეიძლება ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედოს. ამ მიზეზის გამო, ჩემი მხარდასაჭერი მანიფესტაციის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი გახლავართ.“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.