„შეიძლება, ქაბულში თალიბები ჯერ კიდევ ასრულებენ პირობას, მაგრამ ღრმა პროვინციებში ოჯახები ამოხოცეს, პოლიციელებს თავები დააჭრეს“

„შეიძლება, ქაბულში თალიბები ჯერ კიდევ ასრულებენ პირობას, მაგრამ ღრმა პროვინციებში ოჯახები ამოხოცეს, პოლიციელებს თავები დააჭრეს“

თალიბების მიერ ქაბულის ელვისებური დაკავების შემდეგ უცხოურ ექსპერტულ წრეებში გაჩნდა მოლოდინი, იქნებ, ყველაფერი დაკარგული არ არის და იქნებ, რაღაც დიდი ჩანაფიქრის მომსწრენი გავხდეთ. თუ რა იქნება ეს ჩანაფიქრი და რის შესახებ მოილაპარაკეს თალიბებმა და ამერიკელებმა, ამას მომავალი გამოაჩენს, მაგრამ ამ ეტაპზე, ქაბულში მოჩვენებითი სიმშვიდის მიუხედავად, ავღანეთის პროვინციებში საშინელი ანგარიშსწორება მიმდინარეობს, კლავენ მათ, ვინც ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების სამსახურში იყვნენ, რადგან, თალიბების აზრით, ისინი ემსახურებოდნენ ამერიკას.

2001 წლის ტერაქტების გამო დასჯილი თალიბების ნაცვლად ვაშინგტონმა მოძლიერებული თალიბები მიიღო. რამდენად რთული იქნება თალიბების სამომავლოდ გაკონტროლება, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ ამერიკამ ხომ არ თქვა უარი მსოფლიო წესრიგის დამყარების ისტორიულ მისიაზე და ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგანაც ამერიკამ სამომავლოდ უარი განაცხადოს? თავის დროზე ტრამპსაც ჰქონდა ასეთი იდეა, რომ ამერიკა ადამიანურ და ფულად რესურსს არ უნდა ხარჯავდეს სხვა ქვეყნებზე საზრუნავად. თუკი ამერიკის ეს ისტორიული მისია გაუფასურდება, ხომ არ აიტაცებს ამ მისიას რუსეთი ან სხვა მძლავრი ქვეყანა და მშვიდობის დამამყარებლის მანტიას ხომ არ მოირგებს?

- ამერიკამ უკვე დიდი ხანია, დაიწყო ამ მისიის საჭიროებაზე ფიქრი. ტრამპის დროს აშკარად და მკაფიოდ მოხდა ამ პოზიციის ჩამოყალიბება. ფაქტობრივად, ბუში უფროსის შემდეგ, ობამას დროს დაიწყო პროცესი, რომ ამერიკამ არ უნდა აიღოს ყველაფერზე პასუხისმგებლობა მსოფლიოში და არის ადგილები მსოფლიოში, სადაც ამერიკას თავისი ინტერესები არ გააჩნია. სადაც არ არის დემოკრატია, იქ ამერიკის საქმე არაა, დაახლოებით ასეთი პოზიცია ჰქონდა ობამას. ტრამპი მაინც გეოპოლიტიკურად აზროვნებდა და არა ღირებულებებით, მან ჩათვალა, რომ იქ, სადაც ძლიერი სახელმწიფოების ინტერესები უფრო ახლოსაა (მაგალითად, სირიაში რუსეთი უფრო ახლოს იყო, თურქეთი უფრო ახლოს იყო, ირანი უფრო ახლოსაა), რა გვინდა ჩვენ ამ სიშორეზე, ამბობდა ტრამპი, რატომ უნდა იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები სირიაში? ასე დაიწყო სირიიდან ჯარების გამოყვანა და დაუთმეს ყველაფერი თურქეთს და რუსეთს. ასევე, ტრამპმა დაიწყო ეს პროცესი, მისი აზრით, ამერიკელებს ავღანეთში არაფერი ესაქმებათ. მართლაც ასეა, ტრილიონი დოლარი, გამაოგნებლად დიდი ციფრი, დაიხარჯა ავღანეთზე, ამ ციფრების წარმოდგენაც კი შეუძლებელია და არაფერი არ გაკეთებულა ტრილიონის საფასურად, ქვიშასა და წყალში წავიდა მთელი ეს ფული. შესაბამისად, მიხვდა ჯერ ტრამპი, შემდეგ ბაიდენი, სად ვყრით ამდენ ფულს და სად იხოცებიან ჩვენი ბიჭები, როცა ძლიერია სხვა სახელმწიფოები - რუსეთი, ჩინეთი, ირანი? ამიტომ დაიწყეს რა გაანალიზება, რაში მიდის ფული და სიცოცხლე, ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს და თალიბანთან, ყველაზე რეალურ ძალასთან, მოლაპარაკება დაიწყეს იმის თაობაზე, ავღანეთიდან რომ გამოვალთ, რა იქნება?! თალიბანმაც იგრძნო, რომ მათი დრო მოდიოდა, დაიწყო შეტევა და უბრძოლველად, სისხლის დაღვრის გარეშე განახორციელა შეტევა ისე, რომ მთელი ავღანეთი ჩაბარდა თალიბანს, რადგან მიხვდნენ, რომ ამერიკელები მიდიან.

საინტერესოა, ამერიკის დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ თალიბები დაუყოვნებლივ შევიდოდნენ ქაბულში და არა ერთი თვის დაგვიანებით, რისი მოლოდინიც არსებობდა?

- ამერიკელები დაახლოებით ხვდებოდნენ, რაც მოხდებოდა. მათთვის მთავარი იყო, ამერიკელები არ დაზიანებულიყვნენ, მინიმალურია ამერიკელთა ზიანი. ერთია, პოლიტიკოსები რას ლაპარაკობენ, მეორეა, რა ხდება სინამდვილეში. ამერიკელებისთვის მთავარი იყო, დროზე გამოსულიყვნენ იქიდან, რადგან, პრაქტიკულად, 20 წელია, ავღანეთში ვერაფერს მიაღწიეს. შესაბამისად, არც ხალხი არ ჰყავთ იმდენი, თალიბებს ახოცინონ საკუთარი მოსახლეობა და ყარონ ამდენი ფული. ასე რომ, ამერიკელების გადაწყვეტილება აბსოლუტურად გონივრულია.

ამ გადასახედიდან, თუკი ეს მისია უაზრო იყო, მაშინ ქართველი სამხედროების სისხლი რისთვის დაიღვარა? ნატოში გაწევრიანების მიზნით გვჭირდებოდა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღება, ასეთ მისიებში თუ აღარ დავჭირდებით დასავლეთს, ხომ არ შესუსტდება ჩვენს მიმართ ყურადღება?

- ჩვენ იქ მოკავშირეებთან ერთად ვიყავით, საქართველო ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის საქმიანობაში, ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო წესრიგი დამყარებაში. ის, რომ წესრიგი არ დამყარდა ავღანეთში ისე, როგორც საჭირო იყო, ეს მარტო ჩვენი ბრალი არაა. საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების მომხრეა, ამიტომ მოკავშირეებს ვეხმარებოდით. ჩვენს მიმართ ყურადღება თუ შესუსტდება, ეს მაშინ მოხდება, თუ ჩვენთან დემოკრატია არ იქნება, ვიტყვით ერთს და გავაკეთებთ მეორეს. ხოლო, თუ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო იქნება, ასეთი წერტილები მსოფლიოში ყველგან იარსებებს და ჩვენი სამხედროების ჩართულობაც საჭირო გახდება. საქართველოს ჩართულობა დასავლეთს სჭირდება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩართულობა, თუ საქართველოს უნდა იყოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. მაინც მგონია, რომ ქართველი სამხედროების ყოფნამ კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას გადაარჩინა ძალიან ბევრი ავღანელის სიცოცხლე. მათი პატრულირება, მათი საქმიანობა იმ დროისთვის გამართლებული იყო. ჩვენი იქ ყოფნით წესრიგი მყარდებოდა.

მაგრამ ქართველების გამოყვანა ავღანეთიდან დღეს რთულად ხორციელდება.

- საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროები გამოსულები არიან, მარტო დარჩნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც სხვადასხვა მისიებში მუშაობდნენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 1996-2001 წლებში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლა სისასტიკით ხასიათდებოდა, ახლაც, მათი დაპირების მიუხედავად, რომ არავის დასჯიან, თალიბების გაძლიერება ავღანეთისთვის ტრაგედიაა? ავღანელები თალიბებს არ ენდობიან და გამორბიან, მიგრანტთა ახალი კერები ჩნდება.

- ცხადია, ეს გამოიწვევს მიგრაციას, მაგრამ ავღანეთის მოსახლეობის 80%, ზუსტად პროცენტებზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება თალიბების გაძლიერებას და ხელისუფლებაში მათ ყოფნას. არის 20%, ვისთვისაც თალიბები მიუღებელია და ისინი გამორბიან, ეს 20% მცირე ციფრი არაა. უფრო მეტიც, ადგილზე მიმდინარეობს ანგარიშსწორება, შეიძლება, ქაბულში თალიბები ჯერ კიდევ ასრულებენ პირობას, მაგრამ ღრმა პროვინციებში არ სრულდება, იქ ოჯახები ამოხოცეს, პოლიციელები დახოცეს, თავები დააჭრეს, რადგან ისინი გაქცეული პრეზიდენტის სამსახურში იყვნენ, რომელიც ამერიკელად ითვლებოდა, ოდესღაც ამერიკის მოქალაქეობაც ჰქონდა და მერე დათმო. თალიბების აზრით, თუ პოლიცია ემსახურებოდა სახელმწიფოს, ის ემსახურებოდა ამერიკას. უამრავი ადამიანის, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე მოისპო მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ სახელმწიფოს სამსახურში. ეს ასე მალე არ დამთავრდება. შეიძლება, თალიბების ხელმძღვანელობა შურისძიების წინააღმდეგია, მაგრამ იმდენად ქაოტური სიტუაციაა ავღანეთში, რომ ვერავინ ვერ გააკონტროლებს, რა ხდება სადღაც მიყრუებულ პროვინციაში. იქ სრული განუკითხაობაა. ახლა დაირაზმებიან ადგილობრივი მეომრები, ბოევიკები, რაზმების ხელმძღვანელები, მათ თავიანთი ბიზნესი აქვთ, ამდენი წელი ელოდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ახლა სურვილი აისრულეს, დაიწყება ძარცვა-გლეჯა, წართმევა, საშინელება მოხდება, ჯერ მათი ეკონომიკა რა იყო, ისიც აღარ იქნება, ძირითადად დამყარებული იყო ამერიკელთა მხარდაჭერაზე, მთელი ბიუროკრატიის შენახვა, ეს ყველაფერი მიდიოდა გრანტების და ფინანსური მხარდაჭერის გზით.

ავღანეთიდან ნარკოტიკების გავრცელება, ალბათ, უფრო გაძლიერდება.

- დიახ, თუმცა ნარკოტიკების გავრცელება არ იქნება საკმარისი. ნარკოტიკები უკანონოა, ამას გასაღებაც სჭირდება. სადაც ნარკოტიკებია, იქ განუკითხაობაა და კრიმინალი მეტია. ნახევარზე მეტი ფული ნარკოტიკებიდან წავა ვიღაცების ჯიბეში. ნარკოტიკებიდან წასული ფულის დიდი ნაწილი გზაში დაიკარგება.

ბაიდენი ამბობს, რომ 20 წლის განმავლობაში ამერიკის მისიამ ავღანეთში ბევრი შეცდომა დაუშვა, მთლიანობაში თუ შევხედავთ, ეს არის ამერიკელთა ფიასკო?

- არ ვთვლი ასე, ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს და ნახეს, რომ არ გამოდის არაფერი. ვერ ყალიბდება ავღანეთში დასავლური ყაიდის ცივილიზაციური მმართველობის სისტემა. საბჭოთა კავშირი იყო და ვერ დაამყარა იქ საბჭოთა წესრიგი, ამერიკელებმაც ვერ დაამყარეს წესრიგი, იმ ხალხს თავისი წესები აქვს. არ შეიძლება, შევიდეთ ასეთ კულტურებში ჩვენი ღირებულებების უაპელაციო დაფუძნების მიზნით.

 

 

Katana . "Американское министерство финансов ввело экономические санкции против граждан России, которых Вашингтон считает замешанными в инциденте с Алексеем Навальным." - აი, რა საკითხია ახლა ამერიკაში ყველაზე აქტუალური: ნ ა ვ ა ლ ნ ი !
რა ავღანეთი, რა თალიბები, რა დაჭრილ-დახოცილი ამერიკელი თუ მოკავშირეთა ბიჭები და უაზროდ გადაყრილი ტრილიონები! .. ნავალნია ახლა ყველაზე მთავარი პრობლემა ამერიკისათვის!
3 წლის უკან