ისრაელი საქართველოში მის მიერვე შექმნილი კოვიდპრეპარატის გამოცდას აპირებდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მედიკამენტი სანდოდ არ ჩათვალა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი თავად არ მოიხმარს ამ პრეპარატს, რადგან ისრაელში არ არის საჭირო რაოდენობით კოვიდ-19-ით მძიმედ ინფიცირებული პაციენტი, იქაური მოსახლეობის 59%-ზე მეტი აცრილია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისრაელის ბიოლოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა. ფარმაცევტული კომპანიის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა წინამორბედებზე უფრო ეფექტური იქნება „დელტა“ და სხვა ვარიანტების მიმართ.
რატომ უნდა გამოიცადოს პრეპარატები საქართველოში?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი დევი ტაბიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს თავი დაანებონ, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა, ყველა ქვეყანამ თავად გამოსცადოს თავისი პრეპარატი.
„აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ დაიწყეს საქართველოში ისრაელის ვაქცინის გამოცდა. ნებისმიერი ქვეყანა არ უნდა ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში და არ უნდა მოსთხოვო კვლევა მანამ, სანამ, მინიმუმ, ერთწლიან საკვლევ პერიოდს არ გაივლის ახლად შექმნილი პრეპარატი და ისრაელი თვითონვე არ დაადასტურებს თავის მონაცემებს. არ მესმის, ჩვენ რატომ უნდა ვიყო კვლევის ობიექტები? რატომ საქართველო? თვითონ გამოიყენონ თავიანთი ვაქცინები, ჩვენ თავი დაგვანებონ. ნებისმიერი ვაქცინის შედეგს მოგვიანებით გავიგებთ. თანაც, ახალი შტამები და ახალი ვირუსები, რაც გინდათ, ის დაარქვით, დელტა, გამა, ბეტა, თუ ალფა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ვეღარ ეწევა იმ აცრილებს და ის ვაქცინები ამ ახალ ვირუსებთან მუშაობს თუ არა, ისიც არ ვიცით“, - აცხადებს დევი ტაბიძე.
მისივე თქმით, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ ვიცოდეთ, რომელი ვაქცინა რას აკეთებს, თორემ ვაქცინა რომ აუცილებელია, ამაზე ზედმეტია საუბარი. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რა ვაქცინაც არის, ის უნდა გავიკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რისი არჩევანი გვაქვს. ნებისმიერი ვაქცინა გვიცავს, როგორი წარმოებისაც არ უნდა იყოს. ამიტომ ორგანიზმს უნდა მივცეთ საშუალება, გამოიმუშაოს ბრძოლისუნარიანობა.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ ნებისმიერი წამლის გამოცდა, საბოლოო ჯამში, ხდება ადამიანებზე. ამიტომ, თუ რომელიმე ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, გამოსცადოს საკუთარი პრეპარატი სხვა ქვეყანაზე, ამაში პრობლემური არაფერია. მთავარია, ეს იყოს ნებაყოფლობითი.
„ყოველმა ადამიანმა, ვინც ასეთ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს, უნდა იცოდეს, რაში ღებულობს მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ხელს მოაწერდა გარკვეულ დოკუმენტს, რომ მე ვიცი, რასთან მაქვს საქმე, თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო პრეპარატის გამოცდაში. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დადის კონკრეტულ ადამიანზე და მის ნებაზე, უნდა, მიიღოს მონაწილეობა ექსპერიმენტში, თუ არ უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამოგვიძახებენ და ძალით გაგვიკეთებენ ვაქცინას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.
ეს კარგად ხო არი?!
საერთოდ, რატომ უნდა შესთავაზო საქართველოს, - მოდი, იყავი საცდელი ბაჭიის როლშიო?!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არის ეს შეურცხმყოფელი?!
თუ გინდა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე დაითანხმო რომელიმე კერძო პირი, მაშინ ხელშეკრულება უნდა დაუდო, რა ფასად სთავაზობ ამ სარისკო საქმეში ცდისპირად ყოფნას და თუ ჯანმრთელობის რაიმე დაზიანება მიიღო (მეცნიერულად სავარაუდო ვადაში), მაშინ რამდენს გადაუხდი კომპენსაციის სახით! - თუ ვინმეს უღირს, მისი ნებაა!
აბა, ეგრე სად არის - რაღაც წამალი გამოვიგონე, მაგრამ ჩემზე ვერ გამოვცდი - მეშინია და მოდი, შენზე გამოვცდი და შევხედავ, მოგარჩენს თუ მოგკლავსო!
აგვიგდეს?!