ცნობილი სახეები ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. პირველი ეს ნაბიჯი „კურიერის“ წამყვანმა გურამ როგავამ გადადგა. როგავამ დამატებით კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. „ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა, საჯაროდ უკვე ვთქვი“, - განუცხადა მან for.ge-ს.
ამიტომ, მის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებას გთავაზობთ, სადაც „რუსთავი2“-ს ექს-ჟურნალისტი აღწერს იმ მიზეზებს, რის გამოც ტელეკომპანიიდან წამოვიდა.
„მადლობა „რუსთავი 2“-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი.
ცვლილებების დროა!
მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა. მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ. ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე „პოსტსკრიპტუმი“, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით. მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს „რუსთავი 2“-ზე არ მოხდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში როგავამ.
მან ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ არხზე შევიწროვება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ის „ტვ.პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ხელისუფლებას აბრალებდა.
„გარკვეული პოლიტიკური ლიდერები, ჩემი ეთერიდან ჩახსნას ითხოვდნენ“, - განაცხადა როგავამ.
უკვე ცნობილია, რომ ცნობილი ტელესახე, ჟურნალისტურ კარიერას ტელეკომპანია „ფორმულაში“ გააგრძელებს.
გურამ როგავას შემდეგ, „რუსთავი2“ თეონა ცხომელიძემაც დატოვა. კოლეგის მსგავსად არხიდან წასვლის შესახებ საზოგადოებას მან სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა.
„როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო სამთან: მაყურებელთან, შენს რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან. დანარჩენი - მეგობრობა, პირადი ურთერთობები, პოლიტიკოსები (როცა ისინი რესპონდენტები არ არიან) მენეჯმენტიც კი, ან უმუშევრად დარჩენით გამოწვეული პრობლემები მეორეხარისხოვანია.
მივდივარ „რუსთავი 2“-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია.
17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი. მივდივარ სახლში, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომცა შესაძლებლობა როგორც წამყვანს, რეპორტიორსა და პროდიუსერს ისე გამეკეთებინა ჩემი საქმე, როგორც სწორად მიმაჩნდა - მომეყოლა ყველაფერი და ზუსტად ისე როგორც იყო“, - დაწერა თეონა ცხომელიშვილმა სოციალურ ქსელში.
მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თეონასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, მას რომელ ტელევიზიაში ვიხილავთ.
ასევე, საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრება, რომ „რუსთავი2“ არხის ტელესახემ, ნათია ლაზაშვილმაც დატოვა. ცნობილი ტელესახე ამ ეტაპზე მიუწვდომელია და უცნობია თუ სად იმყოფება ის, დატოვა თუ არა მშობლიური ტელევიზია, თუ უბრალოდ ტაიმ-აუტი აიღო.
სწორედ, საზოგადოებაში გაჩენილი ამ კითხვებით, არხის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას მივმართეთ. მისგან კი, ასეთი პასუხი მივიღეთ:
„ჰოლდინგის შექმნის შემდეგ, მენეჯმენტში ჩართული არ ვარ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით“.
„რუსთავი2“-ის ჰოლდნგის მენეჯერი, თამარ ფხაკაძემ. მან for.ge-ს მიერ პირველ სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა, კითხვის დასმნის შემდეგ გვითხრა, რომ ქალაქში არ იმყოფება, ამიტომ მან კვლავ პაატა სალიასთან გადაგვამისამართა. ამის შემდეგ, ის for.ge-ს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.
ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. რეორგანიზაციის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი2“ და „პრაიმტაიმი“ ერთ ჰოლდინგად გაერთიანდა.