რაში მდგომარეობს თალიბების მოულოდნელი წარმატება, რა მოელის ავღანეთს?

რაში მდგომარეობს თალიბების მოულოდნელი წარმატება, რა მოელის ავღანეთს?

თალიბების დაჯგუფებების მოულოდნელი ელვისებური წარმატება; ქაოსი ქაბულში; „მეორედ მოსვლა“ ადგილობრივ აეროპორტში; „შოკირებული“ მსოფლიო პოლიტიკოსები - ავღანეთში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები მსოფლიოს თვალთახედვის არეში აღმოჩნდა.

მიმდინარე წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანაზე გააკეთა განცხადება. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან საჯარისო შენაერთების გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ავღანეთი სრულ „თალიბანიზაციას“ ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ ექსტრემისტული დაჯგუფების სწრაფი წარმატება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. წინასწარი გათვლებით, თალიბების სამხედრო შენაერთებს ქაბულზე სრული კონტროლი მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში უნდა დაემყარებინა, მაგრამ სინამდვილე უფრო დაუნდობელი აღმოჩნდა.

ავღანეთში განვითარებული პროცესები რამდენიმე კითხვის ნიშანს ტოვებს: აშშ-მა და თალიბანმა ასეთი რა მოილაპარაკეს? რაში გაცვალეს და გაწირეს ამდენი მილიონი ავღანელი? რატომ შეატოვეს თალიბანს 30 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობა? რა საჭირო იყო ამდენი წელი ომი, მსხვერპლი და ხარჯი?

ან ქართველ სამხედროებს რა უნდოდათ ავღანეთში? ავღანური „კამპანიის“ განმავლობაში ხომ 32 დაგვეღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაიჭრა. ვერაფერი ვერ გაამართლებს ჩვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს, დაღუპულ და დასახიჩრებულ ქართველ მეომრებს!

უპირველეს ყოვლისა ყველას აინტერესებს რა „საიდუმლო იარაღი“ გამოიყენეს „აჯანყებულმა“ თალიბების დაჯგუფებებმა? ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ადგილობრივი სამთავრობო ძალების გაძლიერებისთვის შეიარაღებაში ამერიკულმა მხარემ 83 მილიარდი დოლარი დახარჯა, მთლიანად ქვეყნის აღორძინებაში კი - ტრილიონ დოლარზე მეტი. ავღანეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა კბილებამდე შეიარაღებულ 300 ათასს სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, როდესაც თალიბების დაჯგუფებების საერთო რიცხვი მხოლოდ და მხოლოდ 60 – 70 ათასს არ აღემატებოდა.

ურემი რომ გადატრიალდება ყველა დამნაშავის ძებნას იწყებს. გამოცემა BBC-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, 300 000 სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ ქაღალდზე არსებული ციფრია. ავღანეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში მძლავრი კორუფცია მძვინვარებდა. ამერიკული მხარე თითო ძალოვანის შეიარაღება-მომზადებაში გარკვეულ თანხას იხდიდა, რომელიც ადგილობრივი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ილექებოდა, სამაგიეროდ ოფიციალური სტატისტიკა სულ უფრო მეტ სიმაღლეებს იპყრობდა. ცნობილი გახდა, რომ ავღანელი რიგითი ძალოვნები ხელფასებს თვეობით ვერ იღებდნენ. რასაკვირველია, მათი ბრძოლისუნარიანობა და ოფიციალური სამთავრობო სტრუქტურების მიმართ ერთგულება დიდ ეჭვს იწვევდა.

სამთავრობო სტრუქტურები ვახსენე და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 2019-2020 წლებში ჩატარდა. გაგიკვირდებათ და ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პროცესში ქვეყანაში მცხოვრები 30 მილიონი ადამიანიდან მონაწილეობა მხოლოდ 2-მა მილიონმა მიიღო. უცხოელი დამკვირვებლების მტკიცებით, ზედიზედ მეორედ არჩეულმა აშრაფ ღანიმ წარმატებას საარჩევნო ბიულეტენების მასობრივი გაყალბებით მიაღწია. მის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა კი დაუფარავი კორუფციის ბუნაგი აღმოჩნდა.

დემორალიზებული ძალოვანი სტრუქტურები, კორუფციული მთავრობა - ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა თალიბების მოულოდნელი და ელვისებური გამარჯვების საქმეში. ამას უნდა დავუმატოთ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება ქვეყანაში მყოფი უცხოური მისიების წინააღმდეგ. გავიხსენოთ ამ მრავალტანჯული ქვეყნის ისტორია. კისერმოტეხილი ბრიტანელები (ორჯერ!), საბჭოთა კავშირი და ახლა აშშ სამარცხვინოდ გამოისროლეს ავღანეთიდან!

თითქმის 20 წელი საერთაშორისო დახმარება, ამდენი მსხვერპლი, ამხელა რესურსი, ჩინებულად შეიარაღებული სამთავრობო ჯარი და ... ვერშემდგარი სახელმწიფო.

მთავარი დამნაშავე კი, ალბათ, ავღანელი ხალხია. ვუყურებთ ქაბულის აეროპორტში თავმოყრილ იმ ასეულობით ათასს ადამიანს, რომლებსაც თალიბების მმართველობის პირობებში ცხოვრება არ სურთ. ბუნებრივია, გებადება კითხვა: კი ბატონო, კორუმპირებული მთავრობა, ჯარი და პოლიცია, მაგრამ ლამის, მილიონამდე ხართ, ქვეყნის დატოვება ყველა შესაძლო წესით რომ გსურთ, რატომ მიიყვანეთ საქმე აქამდე? რატომ არ მოსთხოვეთ პასუხი მთავრობას, რატომ არ გაუწიეთ წინააღმდეგობა იგივე თალიბანს, მით უმეტეს, 1996-2001 წლების მწარე გამოცდილება თვალწინ გიდგათ?!

სახელმწიფოს სხვა ვერ აგიშენებს. უცხოელი შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ დახმარება არ ნიშნავს, რომ საქმეს ვინმე შენს მაგივრად გააკეთებს. დახმარება ვერ იქნება მუდმივი! ავღანეთის მთავრობას ლამის, ათი წელია აფრთხილებდნენ, რომ მეკავშირეები ავღანეთს დატოვებდენ, დახმარებას გამოყენება უნდა, მთავრობის დასახმარებლად უზარმაზარი რესურსი იყო მობილიზებული, როგორც ფინანსური, ასევე განათლება-ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება. ეს რესურსი ავღანეთის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააქრო.

აშშ და მისი მოკავშირეები10 წლის წინ გამოვიდოდნენ თუ 10 წლის შემდეგ, შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა. თვითონ ავღანელმა ხალხმა არ ისურვა, რომ სახელმწიფო შეექმნა. რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ იქ? კიდევ რამდენი ფული უნდა ჩაყრილიყო, რამდენი პოლიტიკური, დიპლომატიური და ადამიანური რესურსი უნდა დახარჯულიყო? ამერიკას მობეზრდა კორუფციაში ფულის ჩაყრა და მერე ამ ფულის მითვისების დროს ავღანელი ჩინოვნიკების კომფორტის დაცვა, საკუთარი და კოალიციის ჯარისკაცების სიცოცხლის ხარჯზე.

ავღანეთმა კი სახელმწიფოდ ქცევის ისეთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, არც მანამდე რომ არ ჰქონია და არც მომავალში აღარ ექნება. ავღანეთმა კორუფცია და „ავღანური კაი ბიჭობა“ ამჯობინა. იტყვით, ხალხმა რა დააშავა, თუ ავღანელი ჩინოვნიკები ქვეყნის შენების ნაცვლად ჯიბეებს ისქელებდნენო. ხალხმა ის დააშავა, რომ პასუხი არ მოსთხოვა უპასუხისმგებლო მთავრობას და ზოგადად, პოლიტიკოსებს...

თალიბებმა უახლოეს მომავალში „ავღანეთის ისლამური საამიროს“ ჩამოყალიბება დააანონსეს და მოსახლეობისათვის ქცევის ახალი კოდექსი შეიმუშავეს.

თალიბანის გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი წესები:

ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება.

სისხლის აღება გაუქმებულია. ამიერიდან ყველა დავა ისლამური შარიათის სასამართლოში გადაწყდება, აღარ იარსებებს დავების გადაწყვეტის სხვა ლეგიტიმური გზა, გარდა შარიათის სასამართლოსა.

„ჩვენ ვიწვევთ ინჟინრებს, ექიმებს და სხვა პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან ავღანეთის აღსადგენად. ჩვენ მათ მაღალ ხელფასებს ვთავაზობთ.

ამიერიდან მკითხაობა, სასიყვარულო შელოცვები, მრავალღმერთიანობა სასტიკად დაისჯება.

ახალგაზრდა ბიჭების მიმართ ძალადობა ისჯება სიკვდილით. ავღანეთის ისლამური საამირო მკაცრად დასჯის გარყვნილების პროპაგანდისტებს.

ქალებს შეუძლიათ სახლიდან თანხმლები პირების გარეშე გავიდნენ, მაგრამ ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ხდება.

ავღანეთის ისლამური საამირო კრძალავს პროცენტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, ყველა ვალები და პროცენტები გაუქმებულია“.

საკითხავია თავად თალიბები მომავალში ამ კანონებს როგორ დაიცავენ. ამ „ქცევის კოდექსმა“ კი ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლების არც თუ მცირე ნაწილის დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით იმ პუნქტში, სადაც ქალებზე იყო საუბარი. ასე რომ, ფრთხილად იყავით თანამემამულეებო. თალიბანი ეძახეთ თქვენ და ამ დაჯგუფებას ჩვენს ქვეყანაში არაერთი, ჯერ, ფარული მომხრე გააჩნია.

 

 

 

 

 

Katana "ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი სამთავრობო ძალების გაძლიერებისთვის შეიარაღებაში ამერიკულმა მხარემ 83 მილიარდი დოლარი დახარჯა, მთლიანად ქვეყნის აღორძინებაში კი - ტრილიონ დოლარზე მეტი.
ავღანეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა კბილებამდე შეიარაღებულ 300 ათასს სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა..."
-----------------------
ეს მილიარდები სულ ავღანელი კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში არ დაილექებოდა. ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, "ატკატების" სახით აღმოჩნდებოდა ამერიკელი საქმოსნების ხელში.

ეს ამხელა არმიაც, ცხადია, "მკვდარი სულებით" იქნებოდა გაბერილი და ითვალე ახლა ავღანეთის მთა-გორებში, რამდენი იყვნენ სინამდვილეში და რითი აღჭურვილები...

რაც შეეხება "აღორძინებას", რა ვიცი, ქაბულში გადაღებულ ამ ჯგლეთა-უბედურების კადრებში რამდენჯერმე მოვკარი თვალი "ვოლგებს" (გაზ-24) და "მასკვიჩებს"... ესენი თუ ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი ტრანსპორტით გადადგილდებოდნენ, აბა, ამერიკელებმა რა ააღორძინეს, ნეტავი, ყაყაჩოს პლანტაციები?
3 წლის უკან