საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. 17 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. 14 აგვისტოდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერდა. ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, შიდა და გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ეს ყველაფერი გამომდინარეობს დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან, რომელიც კვლავ კრიტიკულად ფასდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთ შეზღუდვად ე.წ. კომენდანტის საათის შემოღება განიხილება, თუმცა, აღნიშნული ამ ეტაპზე არ დასტურდება. მთავრობის ადმინისტრაციაში For.ge-ს უთხრეს, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი არ განხილულა.
„საბჭო რასაც განიხილავს და რა გადაწყვეტილებებსაც იღებს, ამის შესახებ პრესრელიზს ვავრცელებთ და დანარჩენს, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება მაქსიმალურად ეფექტურად გატარდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსჯელობები გაგრძელდება ვინაიდან, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს... საბჭოს გადაწყვეტილებით, შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება, რომ ე.წ. მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა მოხდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა თვლის, რომ მნიშვნელოვანი იყო უფრო მკაცრი შეზღუდვები 2-3 კვირით ადრე შემოეღო სახელმწიფოს იმისათვის, რომ დღეს ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილური ყოფილიყო.
„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრი რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ერთბაშად უნდა განხორციელებულიყო და დროში არ გაწელილიყო, რადგან მაინც გვიწევს, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები შემოვიღოთ. ამის გაწელვა და ეტაპობრივად შემოღება იმდენად ეფექტური არ არის.
ჩემი აზრით, დაგვიანებულია ეს რეაგირება, თუმცა, ამ ეტაპზე, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა გზა არ რჩება. ასეთი დინამიკით, რაც გვაქვს დღეს, ჰოსპიტლები გადავსებულია და უკვე შესაძლებელი იყო, სამედიცინო სექტორის კოლაფსამდე მივსულიყავით.
ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებით, სამედიცინო პირბადის ტარების უფრო მეტად გამკაცრების ფონზე, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება, მაგრამ უფრო ადრე, რომ შემოგვეღო, არ მივიდოდით იმ რეალობამდე, რაშიც ახლა ვართ.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დინამიკა გვექნება. თუ არ გვექნება ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება, შესაძლებელია ეს პროცესი გახანგრძლივდეს, უფრო დიდხანს დაგვჭირდეს ამ რეგულაციებით ცხოვრება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისში არსებულ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია და ჯანდაცვის სისტემა „დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს“.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში რთული და დაძაბული ეპიდსიტუაციაა, ისევე როგორც გლობალურად, ევროპის ქვეყნებში.
„ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელი, როგორიც არის ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე გვქონდა მაისის ტალღის პიკზე, 17 მაისს და დაახლოებით 97%-ია იმისა, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკზე. აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 50 ათას გადასცილდა. საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.
ჯანდაცვის სისტემა მუშაობს დაძაბულობის ზღვარზე, საჭიროა სულ უფრო მეტი აქტიურობა ორი მიმართულებით. ესენია - რეკომენდაციების დაცვა, დაემატა პირბადის ტარების სავალდებულოობა გარე სივრცეში, ყველგან, გარდა იმისა, თუ ვარჯიშობთ კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე. ასეთ შემთხვევაში არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით. განსაკუთებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები. მეორე მთავარი მიმართულება არის კიდევ უფრო მეტი აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ანტირეკორდი ჯერჯერობით მოსალოდნელი იყო. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საკმაოდ რთული ვითარების გამო, სასურველი იქნება ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
„ანტირეკორდი ჯერჯერობით მოსალოდნელი იყო, ვინაიდან 80% შედეგის დადგომა შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ 2 კვირის შემდეგ იქნება განხილვაში. რეგულაციები შემოღებულია სულ რამდენიმე დღეა და აქედან გამომდინარე, შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია.
ვაქცინაციის მაჩვენებელი არის ძალიან კარგი ვინაიდან პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ვაქცინაციის კალენდარს და ვმუშაობდით ჩვენს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოს მოსახლეობისთვის გათვლილი იყო, რომ დღიური ვაქცინაცია უნდა ყოფილიყო 20 ათასი დღეში, თუმცა ჩვენ აქაც გვაქვს რეკორდი და უკვე 2 კვირის მანძილზე 25 ათასს ვაჭარბებთ ვაქცინირებულების რაოდენობით. ეს არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ აღმავალ ტალღაზე და არის საკმაოდ რთული ვითარება, სასურველი იქნება ეს შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.