„ბევრი ადამიანი იზოლაციაშია აგარაკებსა და სოფლებში, ოჯახის წევრები ერთმანეთს თვითონვე უვლიან, იციან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის, თვითგადარჩენის ინსტინქტიც მუშაობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ექსპერტი დევი ტაბიძე.
ამ გადმოსახედიდან რამდენად სწორად მართა ხელისუფლებამ საქართველოში კოვიდპანდემია და იმ ფონზე, როცა მსოფლიოში კორონავირუსის კლების ტენდენციაა, რატომ ავიდა კორონავირუსის გავრცელების ციფრები ასეთ მასშტაბზე?
- კოვიდპანდემია მთელი მსოფლიოსთვის ახალი ხილი იყო, მწარე ხილი, რომელმაც გამოიწვია ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემები მთელ დედამიწაზე, არც ჩვენ არ ვიყავით გამონაკლისნი. ჩვენთვისაც ეს ყველაფერი პირველი იყო. მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, სახელმწიფო არ იყო მზად და არც ჰქონდა ამის გამოცდილება, ამიტომ თავიდანვე მოხდა თან ამ პროცესის მიმდინარეობა, თან სწავლება. არც გაიდლაინი, არც პროტოკოლი, არც მკურნალობა არ არსებობდა. კლინიკებს არ ჰქონდათ ამ ტიპის პაციენტის მართვის გამოცდილება. მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საერთოდ ექიმ-ინფექციონისტი საშტატო ერთეულში არ ჰყავდა. ნელ-ნელა დარეგულირდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის ის, რა ფორმითაც უნდა წარმართულიყო მართვა. მართვა ვერ განახორციელა ვერც ევროპამ და ვერც ვერავინ. დღესაც ლიდერობს აშშ კოვიდინფექციის სტატისტიკით. მკურნალობა დღესაც არ არის, რადგან არ არსებობს კონკრეტული მედიკამენტი. ერთი-ორი მედიკამენტი გამოჩნდება, რომელიც კვლევის პროცესშია და შედეგს ვიღებთ ერთი თვის შემდეგ, თუ რა იქნა გამოყენებული სხვა ქვეყნებში. მეოთხე ტალღამ ცუნამივით გადაგვიარა, ეს ზუსტად იმის შედეგია, რომ ადრე მოხდა შეზღუდვების მოხსნა, არაფრით არ შეიძლებოდა ნიღბების მოხსნა, დიდი ფორმატის შეხვედრები.
არჩევნები ახლოვდება და კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ. როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის გაკონტროლება?
- ამ პროცესს აუცილებლად გაკონტროლება სჭირდება. უნდა იყოს სპეციალური რეგულაცია, ვალდებულება უნდა აიღოს ქვეყანამ, რომ პოლიტიკოსების შეხვედრების გამო ახალი საარჩევნო კლასტერები არ მივიღოთ. ერთხელ ვთქვი და პასუხად მივიღე, რომ ჩემი რეკომენდაცია სწორი იყო, რომ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ადამიანი არ უნდა შეკრიბონ.
მაინც რამდენი ადამიანი უნდა შეიკრიბოს?
- დაახლოებით, ყველაზე მეტი, 50 ადამიანი, რადგან შედარებით მარტივად შეიძლება მათი დისტანცირება, ისინი უნდა ისხდნენ ერთმანეთისგან მოშორებით, უნდა იყვნენ ნიღბებში. მე არ ვიცი, ტესტირებას მოსთხოვენ ამ ხალხს, თუ პისიარის ცნობას, მაგრამ გარკვეული დაცვის მექანიზმი უნდა იყოს.
ტრანსპორტის აკრძალვა ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობას დააწვა. წინა ლოკდაუნის პერიოდში გავრცელდა უცხოური კვლევა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადამდებლობა იყო მხოლოდ 1%. თუკი ასეთი მცირეა ვირუსის გადადება ტრანსპორტში, რა საჭირო იყო ტრანსპორტის აკრძალვა?
- არავინ იცის, რამდენი პროცენტია გადამდებლობა ტრანსპორტში, იმის არ იყოს, 5 კაცი სადაც იდგება, ნიღაბი უნდა გაიკეთოთო, 5 კი არა, 2 ადამიანიც რომ ელაპარაკება ერთმანეთს, ნიღაბი აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ტრანსპორტს უნდა ემუშავა, მაგრამ უნდა ყოფილიყო ამ რეგულირებების სერიოზული მონიტორინგი. მგზავრები მაშინვე იკეთებდნენ ნიღაბს, როცა ავტობუსში ასულ და სპეცტანსაცმელში ჩაცმულ მონიტორებს დაინახავდნენ. ასევე ხდებოდა მეტროში. ავტობუსებში რომ ისხდნენ კონდუქტორები, ამას თავისი შედეგი მოჰქონდა. სახელმწიფო ტრანსპორტით არა მარტო ღარიბები, არამედ ბევრი ადამიანი სარგებლობს და დიდი პრობლემა შეექმნა ტრანსპორტის აკრძალვის გამო მოსახლეობას. ამას ემატება ვაქცინაციის პროცესი. სანამ ასე არ გართულდა სიტუაცია, ყოველდღიურმა გარდაცვალებამ 50 ადამიანს არ მიაღწია და დასნებოვნებამ 5 ათასს არ გადააჭარბა, მანამდე ხალხმა ვერ გაიგო, რომ საშიშია ეს ვირუსი.
სხვათა შორის, შეზღუდვების მესამე დღეს თითქოს დაიკლო კორონავირუსის შემთხვევებმა, 2 676-მდე ჩამოვიდა დასნებოვნების ციფრი. ამ საიმედო მონაცემს რით ახსნით?
- სიმართლე გითხრათ, ამ მონაცემით დიდად კმაყოფილი არ ვარ, რადგან დაიცალა ქალაქი, ადამიანები გაიქცნენ სოფლებში, რეგიონებში, აგარაკებზე და რაოდენობრივად ცოტა ადამიანმა ჩაიტარა ტესტირება. შესაბამისად, რაოდენობა ცოტა გამოვიდა, ხვალ შეიძლება კიდევ უფრო ცოტა შემთხვევა იყოს, მაგრამ, როცა 4 სექტემბერი მოვა და ადამიანები უკან დაბრუნდებიან, მაშინ გამოჩნდება რეალური ციფრი. ეს რომ ყოფილიყო გაგანია პერიოდში, როცა ავტობუსები, მიკროავტობუსები მოძრაობდნენ და გადაჭედილი მანქანები იყო, მაშინ კარგი მონაცემი იქნებოდა 2676 შემთხვევა. ძალიან ბევრი ადამიანი იზოლაციაშია აგარაკებსა და სოფლებში, ოჯახის წევრები ერთმანეთს თვითონვე უვლიან, იციან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის, თვითგადარჩენის ინსტინქტიც მუშაობს.
ვაქცინაციაზე მისულ ადამიანებს ექიმები ცალკეულ შემთხვევაში უარს ეუბნებიან. ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს, ამ ექიმების შესახებ მათ მიაწოდონ ინფორმაცია. იქნებ, ექიმს პაციენტისთვის სიკეთე უნდა და ზედმეტად მიიჩნევს ვაქცინაციას? ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდების შემდეგ ხომ შეიძლება მედიკოსები უფრო ფრთხილნი გახდნენ, უაპელაციოდ ყველანი ვაქცინის გასაკეთებლად გაგზავნონ და ამან უარესი შედეგი გამოიღოს?
- თუ ექიმი შეგნებულად უარს ეუბნება პაციენტს ვაქცინაციაზე და სამედიცინო შეცდომას აქვს ადგილი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მეორეა, რომ სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს, რომ ცალკეული ადამიანისთვის ვაქცინაცია უკუჩვენებას მოიტანს, თუ ადამიანი ალერგიულია და ა.შ. თითოეულ ქეისს შესწავლა და დამტკიცება სჭირდება. ამიტომ უნდა ავიცრათ, მოვამზადოთ ორგანიზმი იმისთვის, რომ მინიმალურად, 50/50%-მდე მაინც გვქონდეს ორგანიზმი ბრძოლისუნარიანობისთვის მზადყოფნაში. რაც შეეხება ნიღაბს, მინიმუმ, ერთი წელი, შეიძლება, ორი წელიც მოგვიწიოს ნიღბით სიარული. ვერავინ ვერ გააკეთებს პროგნოზს, 2022 წელს რა იქნება და 2023 წელს. ჩუტყვავილას, ყივანახველას, თუ ნებისმიერი ინფექციური პათოლოგიის დროს, ყველგან ნიღაბი მუშაობს.