კაპიტან გიგაურის მანდოლინა

კაპიტან გიგაურის მანდოლინა

წიგნიც არის და ფილმიც, „თავებზე მონადირე“ ქვია. მთავარი გმირი ერთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც სხვადასხვა კომპანიებისთვის მენეჯერების შერჩევით არის დაკავებული. დაწვრილებით სწავლობს კანდიდატების ბიოგრაფიას: რა უყვარს, რას ვერ იტანს, რა კიდია და რას ვერ იკიდებს, რა განათლება აქვს მიღებული - რომელიმე სერიოზულ აუდიტორიაში იჯდა თუ რაღაც ტილიანი სერთიფიკატის ასაღებად რომელიღაც ენჯეოშნიკურ სემინარზე ღლაბუცობდა, რა გამოცდილებას ფლობს, როგორ ურთიერთობს ადამიანებთან და ა.შ.

ჰოდა, ეს ტიპი (მგონი, ჯონათანი ქვია) ხშირ-ხშირად ახსენებს სიტყვას „რეპუტაცია“. ერთ მომენტში მენეჯერობის მაძიებელს კედელზე ჩამოკიდებული ფერწერული ტილოსკენ მიახედებს და ეუბნება, შეხედე, ნაგავია, მაგრამ მილიონზე მეტი გადავიხადეთ, რადგან ამის ავტორს დიდი მხატვრის რეპუტაცია აქვსო.

მოკლედ, ჯონათანი რეპუტაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აწვება და მართალიც არის, რეპუტაცია ყველაფერია.

რამდენიმე დღის წინ „კრისტალსპორტზე“ (სპორტული საიტია) ასეთი სათაური გამოვარდა: „ბორდოს“ ფეხბურთელმა მატჩის დროს გონება დაკარგა და უსულოდ დაეცა“, სტატიაში კი ამოვიკითხე, რომ „...გონება მაშინ დაკარგა, როდესაც „მარსელი“ ჯარიმის დასარტყმელად ემზადებოდა. საბოლოოდ  ნიგერიელი ფეხბურთელი  მალევე წამოდგა, თუმცა შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მე-13 წუთზე შეცვალეს“.

უსულოდ დაეცა, მაგრამ მალევე წამოდგაო!!!

ახლა, ამის დამწერს როგორი რეპუტაცია ექნება, თქვენი არ ვიცი და, ჩემ თვალში? რა თქმა უნდა, ცუდი. უფრო სწორად - არანაირი. ერთხელ 2007-ის ბოლოს „პრესა.გე“-ში გამოსაქვეყნებლად სტატია მომიტანეს, 7 ნოემბრის დარბევას ეხებოდა. ავტორი წერდა: „რუსთაველზე დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ შსს-ს ავტომანქანები და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდნენ“.

მანქანები არაადამიანურ ხმებს გამოსცემდნენო!!! აბა, რა რეპუტაცია უნდა ქონდეს ამის დამწერს? - არანაირი. ჰოდა, მას შემდეგ არც მინახავს და არც გამიგია, რომ ვინმეს ენახოს.

მოკლედ, კარგი რეპუტაციის არქონა რაღაცით გავს ბონდო დოლაბერიძის საყვარელ ოლიმპიურ სისტემას - „წააგე, წადი სახლში“.

ჰოდა, იქნებ მითხრას ვინმემ, ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ რატომ არ მიდიან სახლში? სახლი არ აქვთ?

„კაპიტან კორელის მანდოლინა“ ხომ გახსოვთ? უბრალო კაცი, მეთევზე-მებადური, ბერძნებთან საომრად მიდის და სოფელში საცოლეს დატოვებს, თვითონ ომობს, საცოლეს კი მის არყოფნაში იტალიელი აფიცერი შეუყვარდება.

ეკა გიგაურის საქმეც ეგრეა - მთელი 2005, 2006, 2007... წლები ხალხი ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა, ხოლო ეკატერინე გიგაური ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო გამიჯნურებული. აღნიშნული სამინისტრო, შეგახსენებთ, იყო ახალაიები, კოდუები, მასტერა-მაიმუნები, მეგის ქარდავები და კასტილიან და უკასტილო სადისტთა მთელი ჯოგი. ამ სიყვარულის ნაყოფი კი გახლდათ კაპიტნის რიგგარეშე წოდება ქალბატონ გიგაურისთვის.

„სამი კაკალი კონკიასათვის“ კი არა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ეგ ფილმი ეკა გიგაურის შესახებ რომ გადაეღოთ, ერთ კაკალში ხელკეტი და ბორკილები იქნებოდა, მეორეში - მხუთავი აირი, მესამეში კი - მაიორის რიგგარეშე წოდება.

ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ქ-ნ ეკას რეპუტაცია აქვს შესაბამისი. რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაცია უკვე ერთი წელია ჯიუტად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მისი თანამშრომლები და წევრები არიან ჩვეულებრივი დებილები, რომლებმაც არ იციან ელემენტარული არითმეტიკა და რთული წინადადებიდან უჭირთ აზრის გამოტანა.

მთელი ერთი თვის განმავლობაში უმეორებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, დიპლომატები და სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიები, გაიგეთ, ხალხო, რომ ორჯერ ორი ოთხიაო, ოთხიო!!! მაგრამ, ნათქვამია, „აკაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო“ და, „სამართლიანი არჩევნები“ მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში იმეორებდა, რომ ორჯერ ორი არის ხუთი, მხოლდ ხუთი და არაფერი ხუთის გარდა.

ბოლოს თქვეს, დებილები ვართო. რა ვიცი... ვერ შევეკამათები, უბრალოდ, დავამატებ, რომ ასევე არიან პროვოკატორები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოეწვიათ.

ყოველივე ამის შემდეგ, ვკითხულობთ: „ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას“.

მიხვდით, ხომ? ამ გაუნათლებელმა პროვოკატორებმა სხვების კვალიფიკაცია და სანდოობა დაიწუნეს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ის, რაც განცხადებაში ამის შემდეგ არის აღნიშნული: „საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული...“

ანუ, ჩვენო და სახალხო დამცველიო.

ნინო ლომჯარიას რეპუტაციაზე არაფერს ვიტყვი, როგორც შუა თითისგან არ გამოვა სალამური, ისე არ გამოვა მოქალაქე ლომჯარიასგან უფლებადამცველი, ხოლო ზემოთხსენებული ორი ორგანიზაციისგან - სამოქალაქო საზოგადოება.

ე.ი. რა გამოდის? შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც სხვა ორგანიზაციებთან ერთად შეიყვანეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები და ამ ორმა ჯგუფში დანარჩენების ყოფნა გააპროტესტა: ამათ აქ რა უნდათო, რა დამსახურებსთვისო, რა განათლებისთვისო, რა გამოცდილებისთვისო, რა სანდოობისთვისო...

და იმ დანარჩენებში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც გაიკვირვებდა და კორექტულად მაინც იტყოდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, არის თავად ამ პროცესის დისკრედიტაცია, რადგან მათი სანდოობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განათლება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და, საერთოდ, თუ საქმე რეპუტაციაზე მიდგება...

აქ კი მე უნდა ვიკითხო: მართლაც, როდის მიდგება საქმე რეპუტაციაზე?

მუდმივად უნდა შეახსენონ ხოლმე, რომ ერთს ძალადობაში აქტიურად მონაწილეობა რიგგარეშე წოდებით დაუფასდა, ხოლო მეორე მთელი ერთი თვის განმავლობაში გულმოდგინედ ცდილობდა სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას.

 

 

 

 

Katana . და რა გახდა, ერთხელ ოფიციალურად მოითხოვოს სათანადო უფლებამოსილმა პირმა თუ უწყებამ, რომ გასაჯაროვდეს - რომელი ენჯეო საიდან და ვის მიერ ფინანსდება?!
დაიდოს სია, დაიდოს დამფინანსებელი და... თანხაც! - რატომაც არა?
თუკი ყველა ოფიციალური პირის დეკლარაცია ხელმისაწვდომია, რატომ უნდა იყოს დამალული იმ არასამთავრობოების შემოსავლის წყარო და ოდენობა, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ მათ უკითხავად სიზმარი არ უნდა ნახოს მთავრობამ?!
დაიდება და ნათელი გახდება, ვინ ვისი დავალებით ფუთფუთებს და ვისი დაფინანსებით ამღვრევს წყალს!
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ეკა გიგაურისა და 'სამართლიანი არჩევნების" დაფინასება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ - ერტი ერტში "ავღანური სინდრომია" და უცილობლად ხელს უწყობს საქართველოში თალიბანის, ე.ი. ნაცების რევანშს.
3 წლის უკან