„The Rolling Stones” გლასტონბერის ფესტივალზე დაგვემშვიდობება

„The Rolling Stones” გლასტონბერის ფესტივალზე დაგვემშვიდობება

გლასტონბერის ფესტივალი დიდ ბრიტანეთში წლის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებათა რიცხვს ეკუთვნის. ადგილობრივი მელომანები მასზე დასასწრებად თადარიგს დიდი ხნით ადრე იწყებენ.

“ინგლისის ვუდსტოკად” მონათლული გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის ისტორია შორეულ 1970 წელს იწყება.

ერთ დღეს, პატარა დასახლება გლასტონბერიში მცხოვრებ მაიკლ ივისის ახალი იდეა დაებადა. ამერიკული ვუდსტოკით მოხიბლულმა, პროფესიით ფერმერმა მაიკლმა, საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მომავალი მუსიკალური ღონისძიების ჩატარებისთვის გამოყო და იგი “გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის” სახელით მონათლა.

ახალმა წამოწყებამ ბრიტანელ მუსიკის მოყვარულებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და რამდენიმე წელიწადში უსაზღვრო პოპულარობასაც მიაღწია.

მიმდინარე წლის ფესტივალი 28-30 ივნისს გაიმართება და მასში დაახლოებით 200-მდე მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი, დაახლოებით 135 ათასი ცალი უკვე გაყიდულია.

გუშინ პოპულარული ჯგუფი „The Rolling Stones”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ მიკ ჯაგერი და მისი კოლეგები „გლასტონბერის“ ფესტივალზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

საინტერესოა, რომ მუსიკოსები გლასტონბერის სცენაზე პირველად გამოვლენ.

ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამ გამოსვლის შემდეგ „The Rolling Stones” საკონცერტო მოღვაწეობას საბოლოოდ შეწყვეტს და თაყვანისმცემლებს ოფიციალურად დაემშვიდობება. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კიტ რიჩარდსის მოულოდნელი ავადმყოფობაა.

„The Rolling Stones”-ის გარდა, მუსიკალურ ფესტივალზე შემდეგ ცნობილ ჯგუფებს ვიხილავთ: „Mumford & Sons”, „Arctic Monkeys”, „The Smashing Pumpkins”, „Portishead”, „Public Enemy”, „Hurts”, „The Hives” და „Primal Scream”.