NBA-ს საზაფხულო ლიგაში „მილუოკი ბაქსი“ „დენვერ ნაგეტსს“ დაუპირისპირდა და ამ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელების დაპირისპირება შედგა. სანდრო მამუკელაშვილმა „ბაქსის“ რიგებში ითამაშა, გიორგი ბეჟანიშვილმა - „დენვერის“.
მამუკელაშვილი თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო და 22 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანდრო შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ თანაგუნდელ დმიტრიკ ტრაისს ჩამორჩა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკელაშვილი დაასახელეს.
„დენვერის“ მაისურით გიორგი ბეჟანიშვილმა პარკეტზე 7 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 2 ქულა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
თამაშს რაც შეეხება, დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც „დენვერმა“ უკეთ ჩაატარა (25:19) და საბოლოოდ 94:87 იმარჯვა.
ამ შეხვედრით ორივე გუნდმა საზაფხულო ლიგა დაასრულეს. მამუკელაშვილმა "მილუოკიში" თავის გამოჩენა ნამდვილად შეძლო, რაც ზრდის იმის შანსს, რომ NBA-ში შანსი მიეცეს, ხოლო ბეჟანიშვილს "დენვერთან" კონტრაქტი არ აქვს და არც თავის გამოჩენისთვის მისცემია დიდი სათამაშო დრო.