საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მალის ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს , –ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე პოლკოვნიკმა ანდრე ევრარიმ განუცხადა.
მისივე თქმით, მალის მისიაში ჩართვის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის კონტინგენტის ნაწილი.
"როგორც თქვენ იცით, საფრანგეთი მიეკუთვნება ევროკავშირს, თუმცა მე ევროკავშირის სახელით ვერ ვისაუბრებ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თქვენ მიესალმებით, რომ საქართველო ჩაერთოს ევროპის მისიაში. მალიში რამდენიმე ოპერაცია გვაქვს. გვყავს საფრანგეთის კონტინგენტი, აფრიკის კონტინგენტი და ევროკავშირის კონტინგენტი. ასე რომ, საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროკავშირის კონტინგენტის ნაწილი. როცა ევროკავშირისა და აფრიკის კონტინგენტი სრულად იქნება დისლოცირებული ადგილზე, საფრანგეთიც შეუერთდება მათ. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამ ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს", -განაცხადა ანდრე ევრარიმ.
საქართველოს მალის მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირველად "ბრიუსელის ფორუმზე" გააკეთა. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს და ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში.
ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია.