დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ყალბი დოკუმენტების დამზადება, ბიუჯეტის კუთვნილი 84,000 ლარი საკუთარ საბანკო და „აჭარაბეთის“ ანგარიშებზე გადარიცხვის ბრალდებით, პროკურატურამ აფხაზეთის ა-რ ფინანასთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგანტოს უფროსი, ირაკლი დარსმელია დააკავა. მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ ვრცელია და ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, სხვადასხვა სსიპ-ის, მათ შორის საკუთარი სსიპ-ის კუთვნილი თანხის მითვისება. საერთო ჯამში დაკავებულმა 100 000 ლარზე მეტი მიითვისა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს შპს „მედერსა“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბერს, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ შპს „მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანში - 116 460.09 ლარი. ტრანშის მიზნობრივად გახარჯვის დასადასტურებლად, ბენეფიციარი ვალდებული იყო, სოფლის განვითარების სააგენტოში წარედგინა ბანკის მიერ დამოწმებული დოკუმენტი თანადაფინანსების თანხის, კერძოდ, 31 325 ევროს პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.
თუმცა 17 თებერვალს დარსმელიას მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლითაც, თითქოს, შპს „მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ შპს „მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460.09 ლარიდან, 2021 წლის 4 და 6 იანვარს, ორ ტრანშად, 84 000 ლარი გადაირიცხა ბრალდებულის მეგობრის საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით „მომსახურების საფასური“. ამ უკანასკნელმა კი, 29 000 ლარი და 52 000 ლარი გადარიცხა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე. ბრალდებულმა კი მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და შეიტანა სხვა ბანკში არსებულ მის პირად ანგარიშებზე და ასევე, „აჭარაბეთის“ ანგარიშზე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 29 აპრილს, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, ფუტკრის ოჯახების სახელმწიფო შესყიდვაზე. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ი/მ „ნ.ღ.“ -მა, რომელთანაც 18 მაისს, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიერ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ღირებულებით 58 800 ლარი. მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა ი/მ -მ სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ მიაწოდა 60 ერთეული ფუტკრის ოჯახი და 310 ცალი სკის პაკეტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 58 800 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა 1 ივნისს, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ და ი/მ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე, ღირებულებით 4300 ლარი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი სატრენინგო მომსახურების მიწოდების თაობაზე, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტში, ი/მ-ის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნაცვლად, ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული იქნა მისი კუთვნილი პირადი საბანკო ანგარიში, რომლის საფუძველზეც ორივე შესყიდვით გათვალისწინებული თანხა ჯამში - 63 100 ლარის ოდენობით, ჩარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. ასევე, ბრალდებულის მიერ გამოწერილი იქნა ფიქტიური ოპერაციების ამსახველი სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ინდმეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 9 183 ლარი, რომელმაც შემდეგ ეს თანხა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე შეიტანა.
გარდა ამისა, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის ა-რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ მიერ დამტკიცებული იქნა პროგრამა „მაღალეფექტური მრავალწლიანი კენკროვანი კულტურის (ლურჯი მოცვი) წარმოების განვითარების ხელშეწყობა“. პროგრამის განხორციელებაზე კოორდინაციის გაწევა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დავალებული ჰქონდა ბრალდებულს. შპს „მედერთან“ გაფორმებული იყო 2019 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ შპს -ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აიღო იჯარით 5 წლის ვადით ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების და აგრომომსახურების ცენტრის მოწყობის დანიშნულებით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, ვინაიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდებოდა ყადაღა.
სამართლებრივი საფუძვლის არქონის მიუხედავად, 2019 -2020 წლებში, შპს „მედერის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 109 775.2 ლარი. „მედერის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაუფორმა ბრალდებულის მეუღლის ძმას - ი/მ „თ.თ“-ს, საერთო ღირებულებით 72 956 ლარი. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სააგენტოს მიერ ჩარიცხული თანხიდან, 42 816 ლარი ინდმეწარმის მიერ გადარიცხული იქნა ბრალდებულის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
გამოძიება ახლა იმას არკვევს ვისთან ერთად მოქმედებდა დარსმელია და რა კავშირი აქვს ამასთან აფხაზეთის აწ უკვე ყოფილ ფინანსთა მინისტრს ივანე დოლიძეს, რომელმაც მისი ქვეშევრდომის დაკავების შემდეგ თანამდებობა მალევა დატოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ საეჭვო ტრანზაქციასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა სწორედ ფინანსთა მინისტრს და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, რომელიც ჯერჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს. for.ge-ს ინფორმაციით, დარსმელიას ბედს გაიზიარებს ექს-მინისტრი დოლიძე, რომლის ქონება საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. გამოძიებამ ამ სკანდალურ კორფციულ საქმეში დოლიძე-აბაშიძის ჩართულობა უკვე გაარკვია. როგორც for.ge-ს პროკურატურაში უთხეს, ამ საქმეზე ხმაურიანი დაკავებების სერია მალე დაიწყება. გისოსებს მიღმა საკამოდ მაღალი თანამდებობის პირები აღმოჩნდებიან.
აფხაზეთის ა-რ მთავრობის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია, თუმცა პასუხისმგებელი არ არის დევნილების სოციალურ მდგომარეობაზე. აფხაზეთი ოკუპირებულია, არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, მაგრამ არსებობს აფხაზეთის ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გარდა ამისა, არის სხვადასხვა სსიპ-ი, შპს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მთავრობის წევრებთან. მთავრობა, რომელიც არ არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების მდგომარეობის სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ბიუჯეტის თანხას „კაზინოში“ რიცხავს, ასეთი მთავრობა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, არ უნდა არსებობდეს.
„აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რა ფორმითაც გამოვიდა აფხეზეთიდან, შეიძლება სიმბოლურად დარჩეს. იმიტომ, რომ ეს შეიძლება შემდეგ ვაჭრობის საგანი იყოს, ამიტომ, მინიმალური ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, პოლიტიკური და არა სამართლებრივი. მაგრამ რაც შეეხება მთავრობას, რომელიც ახლა არსებობს, ეს ყოვლად მიუღებელია. აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ ჭამს ბიუჯეტის უდიდეს ფულს, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია.
სულ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - რა საჭიროა ამხელა ბიუჯეტიანი ორგანიზაცია, რომელიც არის სიმბოლური? სულ რომ გაუქმდეს, ამის წინააღმდეგიც არ ვიქნები. სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს უზენაეს საბჭოს და ფუნქცია შეინარჩუნონ მხოლოდ დეპუტატებმა და მისმა აპარატმა. არანაირი ეს ფეხბურთის გუნდები, რაღაცა საეჭვო ფირმები, შპს და „კაზინოში“ ბიუჯეტის ფულის გადარიცხვა, ეს არის მარაზმი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგი for.ge-ს საუბრისას აცხადებს, რომ ახლა საჭიროა რეაგირება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა გვითხრას, სად მიდის მოსახლეობის მიერ გადახდილი ფული.
„აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იკარგება ამხელა ფული. ჩნდება კითხვა - ამხელა ბიუჯეტი რატომ აქვს ამ სტრუქტურას? სერიოზული რეფორმები უნდა ჩატარდეს და სულ მცირე 70% უნდა ჩამოეჭრას ბიუჯეტი. სახელმწიფო სტრუქტურებმაც პასუხი უნდა აგონ - რაში სჭირდებათ ამხელა ბიუჯეტიანი სტრუქტურა? სიმბოლურად, აფხაზეთის დაბრუნების კონტექსტში უნდა არსებობდეს მცირე ბიუჯეტიანი ორგანო.
აფხაზეთის სტრუქტურები შეუერთონ ცენტრალურ სტრუქტურებს და განტვირთონ ეს სტრუქტურები. მერე ჩატარდეს ატესტაცია და ვინც გაივლის - დარჩეს, ვინც ვერ გაივლის, უნდა წავიდეს. როგორ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ამდენი ადამიანი მუქთახორობდეს და თამაშობდეს „კაზინოში“?! - ეს გამოგნებელია. მუქთახორების ბუდედ იქცა სტრუქტურა, რომლებიც ბიუჯეტის ფულს „კაზინოში“ აგებს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
„კაზინოში“ ბიუჯეტის თანხის ჩარიცხვა, რომ კორუფციის ბრწყინვალე მაგალითია, ამაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის ამ ფორმით შენარჩუნების იდეა ნაკარნახევი იყო იმით, რომ უნდა არსებობდეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც თავის დროზე არჩეული იქნა აფხაზეთში, რადგან ამ სტრუქტურების გაუქმება თვითონ აფხაზებში წარმოშობს განცდას, რომ საქართველო შეეგუა აფხაზეთის დაკარგვას.
„ანუ, თუ სტრუქტურები გააუქმე ე.ი. მართვის პრეტენზია არ გაქვს. მეორე მხრივ, ნაკლებად მკაფიო, მაგრამ იყო ის მოტივიც, რომ ეს ადამიანები, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობენ, საქართველოსა და ქართული პოლიტიკის მიმართ ლოიალურები იქნებიან. რომ გითხრათ, რომ ეს მოსაზრება სწორად მიმაჩნია-თქო, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ გაჩერებული წყალიც კი ფუჭდება. ეს არის გაჩერებული პოლიტიკური გუნდი, რომელთაც არც არავინ ირჩევს, არაც არავინ გადაირჩევს, არც რეალურ საქმეებს არ სთხოვენ, ანუ გუბესავით გაჩერებული პოლიტიკური გუნდია.
ნაპოლეონი რომ ნაპოლეონი იყო, იმასაც არ უყვარდა ჯარისკაცების უსაქმოდ გაჩერება, არმია დამეშლებაო. აი, ასეთი გაჩერებული ხელისუფლება შექმნა საქართველოს მთავრობამ და ის ვერ მოიფიქრა, რომ ამ ხელისუფლებას გაჩერების უფლება არ ჰქონოდა. იყო იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი არჩევნებით აქ მყოფ დევნილებს აერჩიათ მათი წარმომადგენლები, რომ დინამიკა შესულიყო ამ სტრუქტურებში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. როცა ასეთ დაგუბებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, უამრავი რამ მოხდება, მათ შორის ის, რომ ბიუჯეტის თანხას „კაზინოში“ რიცხავენ.
მკაფიოდ გაწერილი ფუნქციები ამ ხელისუფლებას არ აქვს. აფხაზეთის ხელისუფლებას ეკითხება ვინმე რამეს? არის პასუხისმგებელი იმაზე რა დღეში არიან დევნილები? - არა. მაშინ რა საჭიროა ეს მთავრობა?! შევქმენით ხელისუფლება, რომელიც არავისთვის საჭირო არ არის “, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
და რადგან ასე ებღაუჭებიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც არ აუქმებს, იმათაცა აქვთ ხეირი!.. - სხვა რითი უნდა აიხსნას, რომ ყოველწლიურად 9 მილიონს სრულიად უაზროდ ანიავებს სახელმწიფო თავისი სამარცხვინოდ მწირი ბიუჯეტიდან?!
აფხაზეთის ამ კვაზი მთავრობასა და ტუფტა სამინისტროებს თუ ვერ ვეშვებით, მაშინ ჩამოვაყალიბოთ ტაო-კლარჯეთის მთავრობაც! - რა იცი, იქნებ ხვალ ვიბრუნებთ და მერე ხომ არ დავიწყებთ მინისტრებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელთა ძებნას სანათესაოში?!