ყაზანის „რუბინის“ რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე „კრილია სოვეტოვს“ შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.
ლეონიდ სლუცკიმ ის თამაშში 56-ე წუთზე ჩართო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა თავის გუნდს სეზონში მეოთხე თამაში ვერ მოაგებინა. რუსმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ განმარტა, თუ რატომ დატოვა ჩვენებური თავიდან სათადარიგო სკამზე.
„აშკარა იყო, რომ დაღლილი გახლდათ. ნუ დავივიწყებთ, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამ რეჟიმში ორი თამაშის შემდეგ მესამეს ვერ ითამაშებდა. მსგავს რთულ მინდორზე, როცა მუდმივად ფეხებში ურტყამენ, მთელი ყურადღება მასზეა გადატანილი, უბრალოდ ვერ გაუძლებდა, რომ კიდევ ერთხელ ეთამაშა“, - აღნიშნა სლუცკიმ.
თუმცა, ლეონიდ სლუცკის მაინც მოუწია ქართველი ფეხბურთელის გამოყენება და 35 წუთით დატვირთა. მატჩი „რუბინმა“ ვერ მოიგო (1:1) და მიმდინარე სეზონში პირველად დაკარგა ქულები. ყაზანელები ოთხი ტურის თავზე 10 ქულით ლიდერობას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ერთად იყოფენ და 22 აგვისტოს, „ხიმკის“ ესტუმრებიან.