ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემაზე, რომლებიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონეზე ვერ გადაწყდება.
FAO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით მსოფლიოში მოსალოდნელია სასურსათო კრიზისი. FAO აფრთხილებს ქვეყნებს - „COVID-19- ის პანდემიის დროს არ დაავიწყდეთ, რომ სასურსათო კრიზისიც ისეთივე რისკებს შეიცავს, როგორც თავად ეპიდემიური აფეთქება“.
საქართველოში სასურსათო უსაფრთხოება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. სოფლის მეურნეობის განვითარების დღევანდელი დონე მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული დადებითი ძვრებისა, ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. „გაეროს“ რეზოლუციის შესაბამისად ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ ითვლება თუ მოხმარებული პროდუქტის 20%-ზე მეტი იმპორტირებულია. საქართველოში - სურსათის 70%-ზე მეტი იმპორტია.
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირველი, განსაკუთრებული და შეუცვლელი ფაქტორი ნიადაგია. ნიადაგის გამოფიტვა, მისი დეგრადაცია - ეს უდიდესი პრობლემაა ქვეყნისთვის და, პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლება, ესაა ძირითადი, რაზეც დგას ყველა სოფლის მეურნეობის წარმოება.
როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეისათვის საქართველოში ნიადაგებთან დაკავშირებით?
ნიადაგის, როგორც სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების დაცვა სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგნად ითვლება, რაზეც მიუთითებს 1994 წელს მიღებული საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“ და 2003 წლის კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა- გაუმჯობესების შესახებ“. აღნიშნული კანონები მოუწოდებს მთავრობას აქტიური როლი შეასრულოს ნიადაგების კონსერვაცია-გაუმჯობესების საქმეში.
სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლებიდან დაწყებული ნიადაგი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღღების მიღმა დარჩა და დღეისათვის მნიშვნელოვანი ფართობები უჭირავს დეგრადირებულ ნიადაგებს, რომლებიც ს/ს სავარგულების 35%-ზე მეტს შეადგენს; სახნავი ფართობის 70-80% ღარიბია საკვები ელემენტებით, რაც ს/ს კულტურების დაბალ და უხარისხო მოსავალს განაპირობებს. ამიტომ არის, რომ ჩვენს მცირე მიწიან ქვეყანაში მიწის მნიშვნელოვანი ფართობები დაუმუშავებელი და დაუთესავია. 1990 წელს მთლიანი ნათესი ფართობი 701,9 ათას ჰექტარს შეადგენდა; 2014 წელს - 274,9 ათასს; 2015 წ. - 263,7 ათასს; 2016 წ. – 240 ათასს; 2017 წ.-220,3 ათასს; 2019 წელს - 206,7ათასს. როგორც მოტანილი ციფრებიდან ჩანს ნათესი ფართობი ყოველწლიურად მცირდება. ამრიგად, ათასობით ჰა მიწა დაუთესავი, მიტოვებული, გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ მყოფია. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნი არ არიან ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ ვერანაირი რეფორმა სოფლის მეურნეობის დარგში ვერ იქნება წარმატებული თუ არ დავიწყეთ იგი პირველ რიგში ჩვენი დეგრადირებული ნიადაგების, ჩვენი მიწის ფონდის მოწესრიგებით.
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხორბლის წარმოების მაჩვენებელია.
ამ თვალსაზრისით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა - ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ხორბლის კულტურის წარმოშობის ერთ-ერთი პირველადი კერაა, და სადაც, პურის მოყვარული და მისი მოხმარებითაც გამორჩეული ხალხი ცხოვრობს, მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 10-15%-ს ვაწარმოებთ. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პურით ცდილობს შეივსოს დღიური რაციონი. პურპროდუქტების ნაწარმი კვებაში ენერგეტიკული ღირებულების 60-62%-ს შეადგენს, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს ციფრი 15%-ს არ აღემატება.
შემოტანილმა, უმეტეს შემთხვევაში უხარისხო, საფურაჟე მარცვალმა, მთლიანად დაიპყრო ჩვენი შიდა ბაზარი.
პურით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია, მით უმეტეს, თუ მას შესაბამისი რესურსი გააჩნია. ეს პრობლემა ყველაზე უფრო „მოკლევადიან“ გადაწყვეტას ექვემდებარება. საქართველოში იმის რეალური შესაძლებლობებია, რომ საკუთარი წარმოების მარცვლით 70-80%-იანი უზრუნველყოფის საკითხი უახლოეს წლებში გადაიჭრას. იგი თავისი მნიშვნელობით სიღარიბის დაძლევის ტოლფასია.
ამჟამად მიტოვებული, დაუთესავი ათასობით ჰექტარი (300-400 ათასზე მეტი ჰა) სახნავი მიწის გაკულტურება, სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, მაღალმოსავლიანი სელექციური ჯიშების გამოყენება წარმატებით გადაწყვეტს ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის ამოცანას.
საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდა უნდა მოხდეს:
1) ნათესი ფართობის - 160-180 ათას ჰა-მდე გაზრდით;
2) გენეტიკის მიღწევებისა და 3) აგროტექნოლოგიის დახვეწისა და გაუმჯობესების ხარჯზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინტენსიური მიწათმოქმედებაა.
ამრიგად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რეზიუმეს სახით აღვნიშნავთ შემდეგს:
- საქართველომ მიწის დეგრადაციასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა აღიაროს. დაუმუშავებელი, მიტოვებული, გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ მყოფი ნიადაგების ნაწილი ზოგი დამლაშებული (205 ათასი ჰა), ზოგი ეროზირებული,(1 მილიონამდე ჰა), დაჭაობებული (220 ათასი ჰა ) ძლიერ მჟავე (37ათასი ჰა), ზოგი სასარგებლო წიაღისეულის ღია წესით მოპოვების შედეგადEწყობიდან გამოსული ნიადაგებია (10 ათას ჰა-ზე მეტი). ასეთი ნიადაგების გაკეთილშობილება სპეციფიკური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს და იგი დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემაა, ამიტომ, ფინანსური დანახარჯები პირველ ეტაპზე მიწაზე საკუთრების მიუხედავად სახელმწიფომ უნდა აიღოს.
- ხორბლის წარმოება აღიარებული უნდა იქნეს სტრატეგიულ მიმართულებად. მიწის ფონდის მოწესრიგების მიზნობრივი პროგრამის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება მომზადდეს და წარმატებით განხორციელდეს მიზნობრივი პროგრამა „მარცვალი“, რომელიც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საძირკველია.
- ზემოაღნიშნული უმნიშვნელოვანესი პრობლემების წარმატებით გადაჭრა მეცნიერების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.
გასული საუკუნის 40-იან წლებში განსაზღვრეს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების პრობლემებზე ორიენტირებული ინსტიტუტის დაარსების აუცილებლობა, და 1946 წელს დაარსდა „საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ს/კ ინსტიტუტი“, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მეცნიერთა ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში. ანალოგიური სამეცნიერო დაწესებულება არსებობს როგორც მაღალ განვითარებულ, ისე, განვითარებად ქვეყნებში. ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაც იგი გაუქმდა (2010-2011წ.წ.) საქართველოა.
ქვეყნის დღევანდელმა ხელისუფლებამ, განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა გამოაცხადა, აუცილებლად მიგვაჩნია, აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული - „ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის“ აღდგენა, რომლის ძირითადი მიზანი იქნება: - საქართველოს მიწის ფონდის ამჟამინდელი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა; მისი დაცვისა და შენარჩუნების გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მომზადება; დაბალნაყოფიერი, პრობლემური ნიადაგების (ეროზირებული, ჭარბტენიანი, დამლაშებული და ა.შ.) ნაყოფიერების აღდგენა - გაუმჯობესება, როგორც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი.
მართალია, 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნა სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“, სადაც ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია „ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური“, მაგრამ, იგი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვერ შეასრულებს დარგობრივი ინსტიტუტის ფუნქციებს.
„სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა“, - ასე მიაჩნიათ ევროპაში.