თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის - როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ჩვენ ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი მთელი მსოფლიო მოისმენს, - ამის შესახებ ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართავდეთ დღეს ტრიბუნიდან. თქვენ ხართ სიამაყე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. შედეგი, რაც თქვენ მოიტანეთ, ძალიან სჭირდება საქართველოს - გამარჯვებები, გამარჯვებები და კიდევ ერთხელ გამარჯვებები. 8 მედალი ნამდვილად ისტორიული შედეგია. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ გაცილებდით, მაშინ ერთადერთი სურვილი იყო - იქნებ ჩვენივე შედეგი გაგვეუმჯობესებინა. თქვენ ეს შეძელით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. იყო ძალიან ბევრი ემოცია, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება და ამის შემოქმედები ხართ თქვენ. თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის - როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ჩვენ ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი მთელი მსოფლიო მოისმენს. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვერდში გვიგულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ, საქართველო კიდევ ბევრჯერ ვასახელოთ“, - განაცხადა კუჭავამ.