„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს ესპანეთის ლა ლიგაში დიდებული დებიუტი ჰქონდა და „ხეტაფესთან“ თავის გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში (1:0) დაეხმარა. 20 წლის ქართველის გარჯა შეუმჩნეველი არ დარჩენია Marca-ს, რომელმაც მას ცალკე სტატია მიუძღვნა საინტერესო სათაურით: „ისწავლეთ მისი სახელი: მამარდაშვილი, „მესტალიას“ ახალი გმირი“.
„ისწავლეთ მისი სახელი: მამარდაშვილი, „მესტალიას“ ახალი გმირი. ქართველმა მეკარე ვალენსია ფეხზე დააყენა რამდენიმე სეივით და განსაკუთრებით მატჩის ბოლოს. ჩაიწერეთ მისი სახელი და სწრაფად ისწავლეთ მისი გვარის გამოთქმა. ბიჭი აქ დასარჩენადაა. სილესენისა და ხაუმეს არყოფნა გამოიყენა და გიგანტი გახდა.
პრესეზონის დროსაც თავი გამოიჩინა, მაგრამ „მესტალიაზე“ სადებიუტო თამაშში გმირი გახდა, 93-ე წუთზე კი დაუჯერებელი სეივით ოვაციები მიიღო და სავსებით დამსახურებულად. რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და საჯარიმოში მაღალ ბურთებზეც კარგად ითამაშა.
3-4 მომენტი იყო, როცა პუბლიკა ისე რეაგირებდა, როგორც არცთუ ისე ხშირად. ბოლოს კი სასწაული შეძლო, როცა მიჩელი უკვე გოლს ზეიმობდა და სტადიონი გაჩუმდა. საოცნებო დებიუტისა და მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ თანაგუნდელები მასთან ერთად ზეიმობდნენ. აი, რისი თქმა გვინდა: მა-მარ-დაშ-ვი-ლი“, - წერს ცნობილი გამოცემა.
ზუსტად იგივე პათოსი ჰქონდა ლა ლიგის ტვიტერის გვერდსაც, სადაც მამარდაშვილზე ორი პოსტი გამოქვეყნდა. ერთი ასეა დასათაურებული: "მესტალიას ახალი გმირი ჰყავს", ხოლო მერე ასე: "აქ არის მომავალი".
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ მეოთხე ქართველია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა, ხოლო პირველი ქართველი მეკარე ტოპლიგაში.
ამხანაგური მატჩების ჩათვლით მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარი მეხუთე დაიცვა და ოთხჯერ მოედანი გოლგაუშვებლად დატოვა. გიორგიმ ბოძებული შანსი დიდებულად გამოიყენა და ეჭვგარეშეა, რომ იასპერ სილესენის დაბრუნების შემდეგაც, სამწვრთნელო შტაბის სათვალავში ნამდვილად იქნება. აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 21 აგვისტოს, „გრანადას“ ესტუმრება, რომელთანაც სხვათა შორის, მამარდაშვილს 2020 წელს, სწორედ სტუმრად ნათამაშები აქვს და თანაც, ძალიან მაღალ დონეზე.