„ქართული ოცნების“ ღირებულებები არის ევროპული მიმართულება, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ასევე, ჩვენი ქვეყნის ღირსების, ტრადიციების ერთგულება და შენარჩუნება“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყვარელში, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სახელმწიფოს პოლიტიკის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეული ადგილობრივი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებსა და ჩართულობაზე.
„ილია ჭავჭავაძე იყო იმ ევროპული ღირებულებების შემომტანი ქვეყანაში, რომლისკენაც მიისწრაფის ჩვენი ქვეყანა. ადამიანი, რომელმაც განუსაზღვრა მომავალი საკუთარ ქვეყანას, ეს არის ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯები, ევროპული ფასეულობების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და დამკვიდრება ჩვენს კულტურასა და ყოველდღიურობაში. ამავე დროს, ის იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა - მამული, ენა, სარწმუნოება. ის ამბობდა, რომ ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები არის გასაფრთხილებელი, შესანარჩუნებელი და ამის პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს.
სახელმწიფოს პოლიტიკის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეული ადგილობრივი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებზე და ჩართულობაზე. შესაბამისად, ბატონ როსტომს დიდი მადლობა გუნდური მუშაობისთვის, თანამშრომლობისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ბატონ გივის მინდა, ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.