სავარაუდო მეტსახელები

სავარაუდო მეტსახელები

გაგიკვირდება, ზოგს ისეთი თიკუნს მოუგონებენ ხოლმე. მაგალითად, მეტრანახევრიანი „ამბალა“, ორმეტრიანი “პუსკა“, ან, სულაც, 150-კილოიანი „ჩხირო“ და... მოკლედ, ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ყველამ ვიცით, ყველას გაგვიგონია და გვიცინია.

აბა, რა გითხრათ, არ მგონია, რომ წყნარი ოკეანე მთლად წყნარი იყოს, უმალ - პირიქით, ისეთი გაბრაზება და აბობოქრება იცის, რომ მტრისას!

შავი ზღვა არ არის შავი, ხანდახან კი სულაც თეთრად გვეჩვენება.

მაგრამ, ეს სახელები, მეტსახელები თუ რაც არის, მათში ხშირად ირონია იგრძნობა, პირდაპირ გეუბნება, ასე კი მქვია, მაგრამ სულ მთლად ტუტუცი თუ არ ხარ, პირიქით უნდა გაიგოო. დრო რომ გადის, სულ მთლად ტუტუცებიც კი ხვდებიან, როგორ უნდა აღიქვან და როგორ უნდა გაიგონ. 2003-ის ბოლოს ვერა, მაგრამ 2004-ის დასაწყისში ყველა ტუტუცმა იცოდა, რასაც წარმოადგენდა „თავისუფლების ინსტიტუტი“, 2005 წლის დასაწყისში კი ეს უკანასკნელი ტუტუციც კი მიხვდა.

აი, ამ ნარატივში ასეთი არაადექვატურობა და არარელევანტურობა იგრძნობა, რომ მაბნევს, სენსიტიურობის ნასახიც კი არ არის, არადა, რომ კითხო, იმპლემენტაციაზე აქვთ პრეტენზია მაგ ამბივალენტურებს! აბა, სად - ბოკერია-ახალაიები და სად - თავისუფლება! სად ჭიჭე-ვაშაძე და სად - „სტატეგია აღმაშენებელი“! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთმა „ექსპერტმა“ ის ჭუჭუყლაპია მაქარაშვილი თვით მერაბ კოსტავას შეადარა...

და როგორც „ბეღურების გადაფრენის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „ასე არ შეიძლება! ასე არ შეიძლება!!!“

ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას რამე სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს სახელების და მეტსახელების დარქმევა-მიკუთვნების პროცესს და აუცილებლობის შემთხვევაში, საქმეში თვითონ ჩაერევა, დაარქმევს სახელს და ამით დაამთავრებს.

აღნიშნული სტრუქტურის სათავეში კი, პირადად მე, რეზო ამაშუკელს ვხედავ.

ჯერ მარტო „კოზლაში აყვავებული ბროწეული“ რად ღირს...

ერთი სიტყვით, საჭიროა მთავრობასთან არსებული სტრუქტურა, რომელიც დაიწყებს და არ გაჩერდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, გულზე ხელები დავიკრიფოთ. საჭიროა სამოქალაქო ინიციატივა, აქტიურობა, განხილვა, ბ-ნ რეზო ამაშუკელისთვის იდეების მიწოდება, აუცილებლობის შემთხვევაში - კვლევები, გამოკითხვები, პლებისციტები და რეფერენდუმებიც კი.

„ჩემი მაღალი“, „ჩოყლაყი“, „სურენა“, „მთავარსარდელი“... - ყველა ხალხურია. ხალხი აკვირდება კანდიდატის გარეგნობას, აღზრდას, განათლებას, მეტყველებას, ქცევას და შემდეგ არქმევს სახელს. დაკვირვება აუცილებელია, ასჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ დავარქვათ.

ჯობს, ახლავე შევუდგეთ საქმეს. როგორც „ბრილიანტის ხელის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „რკინა სალაროს სიახლოვეს უნდა გამოჭედო“.

არსებობს ასეთი ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს „არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ უწოდებს. კანონმდებლობის მიხედვით, ის ნამდვილად არასამთავრობო ორგანიზაციაა, იურიდიული ფორმაა ასეთი, თუმცა, რეალურად, 2012 წლამდე სამთავრობო იყო და დღეს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა კვლავ სამთავრობო ორგანიზაციად იქცეს. რაც შეეხება „სამართლიანს“ და „არჩევნებს“, 2020-ის არჩევნებში პარალელური დათვლის გაყალბებამ, უკანასკნელ ტუტუცსაც კი თვალნათლივ დაანახა, რომ ამ კანტორისთვის „სამართლიანობა“ მხოლოდ აბრაა, სამართლიანად ჩატარებული ყოველი არჩევნები კი - მორიგი ნაბიჯი, რომელიც მას ფინანსურ უფსკრულთან აახლოვებს. ფინანსური უფსკრული, ანუ როცა მიღებული გრანტების რაოდენობა მცირდება, მცირდება, მცირდება და ბოლოს აღმოაჩენ, რომ კაპიტან გრანტს თავისი შვილები სრულიად უპატრონოდ ყავს მიტოვებული - უკვე დიდები ხართ და საკუთარ თავს თვითონ მიხედეთო, ამათ კი, როგორ უნდა მიხედონ საკუთარ თავს, როცა არც ხმა აქვთ, არც სმენა და არც სინდისი. შრომა მაგათ არ იციან და ბრძოლა, არც დამოუკიდებლად ფიქრი და აზროვნება, წერითაც მხოლოდ პროექტს თუ დაწერენ გრანტის მოსაპოვებლად, მაგრამ გრანტსაც რომ აღარავინ აძლევს?!

ეს არის ფინანსური უფსკრული, ყველანაირი უფსკრული - აღარც ფული, აღარც ცნობადობა. წავიდა ის დრო, როცა შენ, უვიცს, ინტერვიუს გართმევდნენ, გეძახდნენ პირდაპირ ეთერში, გეკითხებოდნენ აზრს, როდესაც შენ, აღმაშფოთებლად უტვინო, იყავი ტრენერი და ატარებდი ტრენინგებს, ასამდე ვერ ითვლი, მაგრამ განდობდნენ ორი მილიონი ამომრჩევლის დათვლას... განდობდნენ, რა - ფულს გიხდიდნენ დათვლაში, საკუთარ ცხვირს იქით ვერ იყურები, მაგრამ მონიტორინგს მაინც შენ ატარებ.

აი, ბოლო: “ISFED-მა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის 2 ფაქტი; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების / წასვლის იძულების 7 ფაქტი; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის / მუქარის / ხელის შეშლის 2 ფაქტი; სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების 2 ფაქტი; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 4 შემთხვევა; ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის და ძალადობის 5 ფაქტი. ამასთან, გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩვლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია“.

სავარუდო... სავარაუდო... სავარაუდო...

დაჯექი და ივარაუდე. არც წერა-კითხვის ცოდნა გჭირდება, არც საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლება, არც ოთხი კლასის დამთავრების დამადასტურებელ საბუთს მოგთხოვს ვინმე. გუდაურში ჩატარებული ორდღიანი ტრენინგი და ბაკურიანში გამართული სამდღიანი სემინარიც კმარა. ივარაუდე კატასტროფა და დატკბი ცხოვრებით.

მეგობრებო, ძმებო და დებო, თანამოქალაქენო, თანამემამულენო, თანამოაზრეებო და თანამეინახენო-ც, „უძინართა მზის“ ერთ-ერთმა პერსონაჟმა მთხოვა, რომ თქვენთვის მეკითხა: „ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?!“

თან საქმე: „სამართლიანი არჩევნები“ რომ არანაირი სამართლიანი არჩევნები არ არის, ეს ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ არც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა სახალხო დამცველი. ცოტაც და, ლომჯარიაც დაუბრუნდება თავის ბუდეს, ანუ იმ დაჯგუფებას, რომელიც საკუთარ თავს „არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ უწოდებს.

ჰოდა, რომ დაუბრუნდება, იმ დროს უკვე სხვა სახელი უნდა ერქვას.

ერთად მოვიფიქროთ.

P.S. მაგრამ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ რომ გლიჯავს, ეგრე სხვა არაფერი.

 

 

 

 

 

amo კარგია
3 წლის უკან
მამია სანადირაძე მთავარსარდელის საქათმეა მათი ნამდვილი წოდება
3 წლის უკან
trampi მინდია უგრეხელიძემ ასოებს დააარქვა დივერსანტები ....
ჰოოდა ზუსტად ასახავს კიდეც ამ არასამთავრობოების ნამდვილ არსს
3 წლის უკან