ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ბოლო ორი კვირაა, რაც კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ჩატარებული ტესტირების შედეგად, 12 აგვისტოს მონაცემებით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი. იმ შემთხვევაში თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, მედიკოსების თქმით, ჯანდაცვის სექტორი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს და მოვლენები შესაძლოა ძალიან მძიმე სცენარით განვითარდეს.
ექიმის და „ქართული ოცნების“ წევრის, ლადო კახაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მოხდეს საწოლფონდის მობილიზება, ქვეყანაში კვალიფიციური კადრის დეფიციტია. კახაძე მოსახლეობას მეტი სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„შესაძლოა გარეთ გახსნა ჰოსპიტალი, მაგრამ ექიმს საიდან მოიყვან? -ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ერთია ერთიანი ინფრასტრუქტურული ნაწილი, მეორეა - ეკონომიკური უზრუნველყოფა, მაგრამ მთავარია, კადრი. სამედიცინო სექტორში ასეთი ადამიანების მობილიზაცია როგორ მოხდება? - მთელ მსოფლიოში ექიმების ძალიან სერიოზული ცვეთა მიდის.
ამიტომაც არის თხოვნა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და რაც მთავარია, აცრა. ერთ თვეში ახალ ექიმს ვერ გავზრდით, შეიძლება აპარატი გვქონდეს და მომსახურე პერსონალი არ გყავდეს. ჩვენ თვითონ ხომ შეგვიძლია არ წავიდეთ, არ გავაკეთოთ.ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ერთ მუშტად შევიკრათ. გადარჩენა ნიშნავს ქმედებას ერთმანეთის სასარგებლოდ, ერთმანეთის ჯინაზე კი არა“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ „დელტა“ შტამი უფრო მარტივად გავრცელდებოდა.
„გავდივართ პიკს, ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის არის ნიშანი, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება.
მესამე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა „დელტა“ შტამს. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ექსპერტი ჯანდაცვი საკითხებში, აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ თუკი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასეთი მზარდი მატება გვექნება, შესაძლოა, იმაზე უარესი სცენარი მივიღოთ, რაც შარშან, ე.წ. მეორე ტალღის დროს გვქონდა.
„რეზერვების დამატება, რომელსაც ეყოლება ეკიპირებული პერსონალი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სიტუაცია ზღვარზეა, იმის იქით თუ არა. თუ შევძელით რეგულაციების გაკონტროლება, რეალურად ერთი კვირის თავზე უნდა დაიწყოს დაკლება.
პერსპექტივა დღეს ახალი შტამის პირობებში, რომ შემთხვევებმა დაიკლოს, არ არსებობს. ასეთივე „აფეთქება“ გვქონდა შარშან, მაგრამ დღეს გადადება უფრო მაღალია. შარშან „დელტა“ არ გვქონდა და შესაბამისად, ასეთი სისწრაფით არ ვრცელდებოდა.
შარშან ნოემბერ-დეკემბერში გაცილებით მეტი პრობლემა იყო მართვასთან დაკავშირებით. თუ ასე გაგრძელდა, „დელტა“ შტამის პირობებში, შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავვარდეთ, ვიდრე შარშან ვიყავით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება, საკმაოდ რთული იქნება პაციენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში.
„თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, რაც არ არის რთული დასათვლელი. მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის მატებასთან ერთად, გამოჯანმრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში, ეს არის ალბათ ერთკვირიანი პერიოდი, როდესაც იქნება უკვე საკმაოდ რთული პაციენტების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით კლებისკენ წასვლა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 466 326-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 412 420-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში სამჯერ მეტი საწოლია მობილიზებული, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.
გარდა ამისა, ვინაიდან ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად, ან საკმარისად არ მოვემზადეთ, საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს. გამოიკვეთა, რომ ასი ათას მოსახლეზე მობილიზებული გვაქვს დაახლოებით სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, ვთვლი, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართელოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არ არის საკმარისი და ამიტომ მოქალაქეებისგან ვითხოვთ დახმარებას და მორჩილებას, რათა ეს ვირუსი გახდეს მართვადი“, – განაცხადა ტიკარაძემ.