დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და მაშასადამე, სახელმწიფოს, და რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა! ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისათვის, არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე! ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი.
სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი, ვითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს წამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.