თუკი რაიმე შეიძლება დავასკვნათ ამ კვლევიდან, განსაკუთრებით პარტიული რეიტინგების შედეგებიდან, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს სამჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლევების შედეგები ადასტურებს იმას, რომ თვეების განმავლობაში პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებულმა საბოტაჟმა, ოპოზიციის მარგინალიზაცია გამოიწვია.
"ზოგადად რაც შეეხება ამ კვლევებს, როგორც დღეს გამოქვეყნებულს, ასევე წინათ გამოქვეყნებულს, IRI-ს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ის ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ახორციელებენ ამ კვლევას, არ იმსახურებენ ჩვენ ნდობას. ეს არ არის მხოლოდ ნდობის საკითხი, ეს არის გამოცდილების საკითხი, უბრალოდ ჩვენ და საზოგადოებას გვაქვს გამოცდილება, რომ ეს კვლევები საბოლოო ჯამში არ ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგებს. აქედან გამომდინარე სჯობს, რომ ზედმეტად არ მივაქციოთ ყურადღება და იქიდან გამომდინარე დასკვნები არ გამოვიტანოთ. მით უმეტეს, რომ თავად NDI-ს, უფრო სწორედ CRRC-ის კვლევაში თავადვე აქვთ მითითებული, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებზე ამ შედეგებიდან გამომდინარე არ უნდა ვიმსჯელოთ, ვინაიდან თავადაც ეჭვი ეპარებათ მის სიზუსტეში. თუკი რაიმე შეიძლება დავასკვნათ ამ კვლევიდან, განსაკუთრებით პარტიული რეიტინგების შედეგებიდან, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს სამჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვათა შორის ეს ადასტურებს იმასაც, რაზეც ჩვენ ამ პერიოდში ვსაუბრობდით, რომ ეს მთელი პროცესი, თვეები საბოტაჟისა, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა პარლამენტის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში მათ მარგინალიზაციას მოიტანდა. სწორედ ამას ვაკვირდებით ჩვენ, რომ მარგინალურები ხდებიან ის პარტიები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დესტრუქციით. რაც შეეხება ამ კვლევას, ერთი შეიძლება ვთქვათ, რომ სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.