„ამგვარი რამ არ მახსოვს და არც ყოფილა ისტორიაში, რომ თანამედროვე ტექნიკისა და მედიცინის პირობებში რომელიმე ვირუსული თუ ინფექციური დაავადება ამდენ ხანს მიმდინარეობდეს, ასეთი გავრცელება და მაღალი სიკვდილიანობა ჰქონდეს. კორონავირუსის ახალ-ახალი შტამები იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ბევრმა მეცნიერმა ბრალდება წაუყენა ჩინეთს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი, ან ხელოვნურად გაძლიერებული ვირუსი“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე.
კორონავირუსის მაღალი დადებითობის მაჩვენებლის მიუხედავად, ექსპერტები არჩევნების შემდეგ ელიან „ლოკდაუნს“, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. თქვენ როდის ელით?
- არჩევნების შემდეგ რა მოხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნები გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ვერ გააგებინებ, რომ საჭიროა დისტანციის დაცვა, პირბადე. მიმაჩნია, რომ საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელი და საარჩევნო პროცესში მონაწილე ადამიანები, ვინც უშუალოდ ადმინისტრაციას წარმოადგენს, უკლებლივ უნდა აიცრას, ან დადასტურებულად უნდა იყოს უარყოფითი კოვიდტესტზე, რომ მათ კიდევ ცალკე არ მოახდინონ ინფექციის გავრცელება. სამწუხაროდ, წინ მიდის ეპიდემია, მას გააჩნია შტამები, მრავალფეროვნება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აქტიურად განვითარდა იგი და ინფიცირების ამდენი შემთხვევა გვაქვს. მეორე მომენტიცაა, აშკარად ვატყობ, თითქოს მოსახლეობა შეეჩვია ამ ვირუსს, ხშირად ნახავთ, რომ არასწორად, ან საერთოდ არ იყენებენ პირბადეს.
იმდენი გვეძახეს, ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლოთო, რომ, ალბათ, ადამიანები „გაუშინაურდნენ“ ვირუსს.
- ვირუსთან თანაცხოვრებას რაც შეეხება, ეს არ არის გრიპის ჩვეულებრივი ვირუსი, თუმცაღა, გარკვეულწილად, გრიპის ტიპის დაავადებას ხშირად იწვევს, მაგრამ უკვე აშკარად იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ბევრმა მეცნიერმა პირდაპირ წაუყენა ბრალდება ჩინეთს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი, თუ ხელოვნურად გაძლიერებული ვირუსი.
ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს, რადგან ბუნებრივ ვირუსთან შედარებით სრულიად არაპროგნოზირებადია.
- ამაშია საქმე, არაპროგნოზირებადია როგორც კლინიკურად, ასევე, არაპროგნოზირებადია იმითაც, კიდევ რამდენ შტამს შექმნის. შტამის შექმნა საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, ალბათ, არაფერს ნიშნავს, მაგრამ მუტაციის დროს შეიძლება შეიცვალოს მისი ანტიგენური სტრუქტურა და გარკვეული ვაქცინები უკვე კარგავდნენ ძალას, ამიტომ უშუალოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაა თავიდან საჭირო. ამითია ეს ვირუსი საშიში. ამგვარი რამ პირადად მე არ მახსოვს და არც ყოფილა, ალბათ, ისტორიაში, რომ ამდენი ხანი მიმდინარეობდეს თანამედროვე ტექნიკისა და მედიცინის პირობებში რომელიმე ვირუსული თუ ინფექციური დაავადება, ასეთი გავრცელება და მაღალი სიკვდილიანობა ჰქონდეს.
უცხოეთში ანტივაქსერული მოძრაობა ძლიერდება, საქართველოშიც დამაფიქრებელ განცხადებებს აკეთებენ ცალკეული ჰომეოპათები, რომ ეს ვაქცინები ექსპერიმენტულია და 2023 წელს დასრულდება ამ ვაქცინების გამოცდა. ზოგიერთებს კითხვებს უჩენს ისიც, რომ საქართველოში ერთჯერადად აცრილი 13 ადამიანი გარდაიცვალა და ორჯერადად აცრილი 2 ადამიანი დაიღუპა.
- იცით, რამდენი აუცრელი ადამიანი გარდაიცვალა? პირდაპირ გეტყვით, იმ ჩვეულებრივმა ვაქცინებმა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში შეჩვეულები ვიყავით, რამდენი ბავშვის სიკვდილი გამოიწვია? მე გახლდით ჩუღურეთის რაიონის მთავარი ინფექციონისტი, ჩემს დროს გარდაცვალების ფაქტები იშვიათი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იყო ძალიან სერიოზული გართულებები, ტვინის ანთება, ენცეფალიტეტიც კი ფიქსირდებოდა ხოლმე. ვაქცინა წამალი არ არის, ეს არის უცხო ცილა, რომელიც შეგვყავს იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეული. ბევრი ადამიანი ადვილად იღებს ამას, მაგრამ არიან ადამიანები, ეს ერთეული შემთხვევებია, რომლებიც ჰიპერმგრძნობელობით ხასიათდებიან. ამ შემთხვევაში უკვე ერის გადარჩენაზეა საუბარი, ქვეყნის გადარჩენაზე. ეს ის შემთხვევა არაა, თუ მოიყვან ცოლს, ინანებ, არ მოიყვან და მაინც ინანებ. შეიძლება, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ რამდენიმე ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, მაინც უნდა გავრისკოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ახლა მე თვითონაც ვიცრები, მიუხედავად იმისა, რომ გადატანილი მაქვს კოვიდი და ჩემი მშობლებიც ასაცრელად ჩაწერილები არიან. თუ არ აცრი და ასაკოვან ადამიანს დაემართება ვირუსი, იქ უკვე ძალიან დიდი შანსია, ცუდად წავიდეს საქმე. ამიტომ საკუთარ თავს თუ არ ვუფრთხილდებით, ვიფიქროთ ახლობლებზე.
დაბოლოს, ხუთ ადამიანზე მეტის თავშეყრის შემთხვევაში, ღია სივრცეში პირბადის გამოყენება რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, თანაც ასეთი სიცხის პირობებში?
- პირბადის ღია სივრცეში გამოყენებას მთლად ვერ დავეთანხმები. არის ხალხი, რომელსაც უჭირს ამ სიცხეში პირბადით სიარული. მეც მათ რიგს განვეკუთნები. თუ უცხო ადამიანთან ერთად დგახართ რიგში, დისტანციის დაცვა უნდა მოხდეს და პირბადე გვეკეთოს. ღია სივრცეში რატომ უნდა ვიდგე ვიღაცებთან? თუ მეგობრებთან ვდგები, გავიკეთებ პირბადეს, მაგრამ, როცა მარტო მიდიხარ ქუჩაში, მაშინაც პირბადე გეკეთოს, არ მიმაჩნია ადეკვატურად. ყოველ შემთხვევაში, ამის დაძალება, ალბათ, არ იქნება სწორი.