„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის საქმიანობის მიმართ ნეგატიური შეფასება 11%-ით გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკული განწყობა თბილისშია.
გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. გამოკითხულთა 54%-ს არ სჯერა, რომ პარლამენტის წევრს თუ მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის მისი პრობლემის გადაჭრას შეეცდება. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ პარამენტი მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტება.
„საზოგადოებას სურს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გააკეთოს აქცენტი. სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია; საზოგადოების ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54 პროცენტი ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“, -აღნიშნულია კვლევაში.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.