2022 წელს „პარი სენ-ჟერმენი“ პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს დამატებას ეცდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პსჟ-ს მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გადაწყვიტა, არ გაყიდოს მიმდინარე ზაფხულს ფრანგი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“. შესაბამისად, მბაპეს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მომავალ წელს ამოიწურება და ის პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
რაც შეეხება მის შემცვლელს, ალ-ხელაიფის განზრახული აქვს, პარიზულ კლუბში გადასვლა კრიშტიანუ რონალდუს შესთავაზოს. რონალდუს ტურინულ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში პსჟ მას უფასოდ დაიმატებს.
11 აგვისტოს ლიონელ მესი ოფიციალურად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ლიონელ მესიმ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში გამოდიოდა.
„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა, 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.