„დელტა“ შტამი ცირკულირებს, პრაქტიკულად ყველა ინფიცირდება“

„დელტა“ შტამი ცირკულირებს, პრაქტიკულად ყველა ინფიცირდება“

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი რეკორდი დამყარდა, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი, რაც კოვიდისტორიის მანძილზე არ ყოფილა. თუკი მოსახლეობა დაწესებულ რეგულაციებსა და წესებს არ დაიცავს, მედიკოსების ნაწილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმებას ელოდება. მათივე თქმით, ქვეყანა დღეს ე.წ. მეოთხე ტალღას ებრძვის და ერთგვარი პიკი შესაძლოა, ერთი თვე გაგრძელდეს.

სპეციალისტები არცთუ დამაიმედელ პროგნოზსს აკეთებენ, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სექტორი არსებულ ვითარებას უმკლავდება, თუმცა, თუკი კორონავირუსის ახალი შემთხვევების აღმასვლა გაგრძელდება, ქვეყანამ მოსალოდნელს შესაძლოა, ვერ გაუძლოს და საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს უკვე, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის „დელტა“ შტამი ცირკულირებს. მისივე თქმით, თუკი საზოგადოება რეკომენდაციებს არ დაიცავს, ეპიდვითარება გაუარესდება. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ერთგვარ პიკს ებრძის, რომელიც შესაძლოა, ერთი თვე მაინც გაგრძელდეს.

„ეპიდვითება გაუარესდება თუ ასე გაგრძელდება, რადგან ამ 5700 ადამიანს კონტაქტი აქვს სხვებთან, იმათ კი სხვასთან. შესაბამისად, ძალიან ცუდი რეალობის წინაშე ვდგავართ. ასე თუ გაგრძელდება, რა გვეშველება არ ვიცი. წარმოუდგენელია, ამას ვერავინ მოუვლის. ძალიან რთული სიტუაციაა და ყველას მეტი სიფრთხილე მართებს. მოსახლეობამ უნდა დაიცვას რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა მეტად გართულდება და ვერ მოერევა ჩვენი ჯანდაცვის სექტორი. ამ ეტაპზე ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ თუ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა იქნება, გართულდება.

ფაქტია, რომ უკვე „დელტა“ შტამი ცირკულირებს, სიმპტომებითაც ჰგავს. კონტატიუზორობის მაღალი ხარისხი და გადადმებლობა მხოლოდ „დელტა“ შტამს აქვს. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში ვიღაცას მაინც არ ემართებოდა, ახლა პრაქტიკულად ყველა ინფიცირდება.

ვაქცინაცია შეამსუბუქებს და დამძიმებისგან გამორიცხავს. ბინაზე იქნება შესაძლებელი გადატანა ამ დაავადების. ვაქცინაცია ხელს შეუწყობს შემცირებას, მაგრამ ეს ერთი თვე მაინც ძალიან მძიმე პიკი გვაქვს და შემდეგ, ვფიქრობ, კლებისკენ წამოვა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა თვლის, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ე.წ. მეოთხე ტალღა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე შარშანდელი შემოდგომა, როდესაც ქვეყანა „მეორე ტალღას“ ებრძოდა. გოგინავა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ვითარება შესაძლოა, უკონტროლო გახდეს.

„ეს სამწუხაროდ მოულოდნელი არაა, იმ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რაც იყო, შესაძლოა 5000 და კიდევ უფრო მაღალი ციფრებიც დაგვიფიქსირდეს. ახლა ვიმყოფებით პიკში, დავარქვათ ამას მეოთხე ტალღა. რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ასეთი მაღალი შემთხვევები დაფიქსირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები იქნას შესრულებული, ასევე ის რეგულაციები, რაც გუშინ ამოქმედდა, აღსრულება იქნეს მკაცრად გაკონტროლებული. ამასთან, ვაქცინაციის პროცესი უნდა წავიდეს სწრაფი ტემპით.

თუ ამ წესებს დავიცავთ და ეს რეგულაციები შესრულდება, ალბათ, ორი კვირაში ეპიდსიტუაცია დაიწყებს სტაბილიზაციას, მაგრამ მანამდე, შეიძლება ასეთი მაღალი შემთხვევები დაფიქსირდეს. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას, მაგრამ თუკი ახალი შემთხვევები 4-5 დღეში დაიწყებს კლებას, ჰოსპიტალური სექტორი მზად არის იმისთვის, რომ გაუძლოს ამას. თუმცა, თუკი ეს გახანგრძლივდა და კვირების განმავლობაში გაგრძელდება, ამით შესაძლოა, ჰოსპიტალებში ადგილები აღარ დარჩეს.

ახალი შემთხვევების რაოდენობით გადავაჭარბეთ შარშანდელ პიკს, ამიტომ მძიმე სურათია, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, უფრო მობილიზებულია საწოლფონდი. პაციენტების კლინიკებში მოთავსება ჯერ ისე არ ჭირს, როგორც შარშან, როდესაც „მეორე ტალღა“ იყო. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, შარშანდელზე ცუდი სიტუაცია გვაქვს. შარშან სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდა და ამის ფონზე, ეპიდსიტუაციამ სწრაფად დაიწყო გაუმჯობესება. წელს „ლოკდაუნი,“ როგორც დაანონსდა, არ იგეგმება. ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია „ლოკდაუნისა“ და მკაცრი შეზღუდვების გარეშე მოგვიწევს, რაც ბევრად უფრო რთული საქმეა. ძირითადად „დელტა“ შტამი ცირკულირებს - ქეისების, ალბათ 80%, „დელტა“ შტამით არის გამოწვეული“, - განაცხდა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 9 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება;

ამასთან, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება; შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც შესაბამისი უწყებები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება.

trampi იმ კვირასი ქორწილი უნდა გადამეხადა... ცოლი მესამედ მომყავდა...
გადავიფიქრე...აღარც ქორწილს გადავიხდი და პირველსაც ზედ მივაყოლებ
3 წლის უკან