მექსიკელ პოლიციელებს „დონ კიხოტის“ წაკითხვა დაავალეს

მექსიკელ პოლიციელებს „დონ კიხოტის“ წაკითხვა დაავალეს

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემამ „El Mundo” ერთი სახალისო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ მექსიკის დედაქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობამ თავის თანამშრომლებს თვეში ერთი წიგნის წაკითხვა დაავალა.

ის, ვინც ამ ბრძანებას არ შეასრულებს, პრობლემები დაემუქრება და სამსახურში დაწინაურებაშიც ხელი შეეშლება.

მეხიკოში დანაშაულის დონე მსოფლიოს ყველა დედაქალაქთან შედარებით ყველაზე მაღალია. აქაური პოლიცია ძალიან კორუმპირებულად, არაკომპეტენტურად და მოუქნელად მიიჩნევა.

მეხიკოს მერისა და პოლიციის მაღალჩინოსნების ამ გადაწყვეტილებით, „წიგნიერი“ წესრიგის დამცველები თავიანთ საქმეს უკეთ გაართმევენ თავს.

იმ წიგნებს შორის, რომელთა წაკითხვაც პოლიციელებს ურჩიეს, სერვანტესის „დონ კიხოტი“, ოქტავიო პასას „მარტოობის ლაბირინთი“ და ანტუან სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცია“.

თუმცა, აქ ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი. მექსიკელი პოლიციელების დიდი ნაწილი პრაქტიკულად გაუნათლებელია: ყოველ მეხუთეს საშუალო სკოლაშიც კი არ უვლია.

მაგრამ მერს არც ეს აფერხებს. მან უკვე გასცა სპეციალური განკარგულება, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარ პოლიციელებს სპეციალური გაკვეთილებით უზრუნველყოფს.