IOC ოლიმპიადიდან ძალოსნობის ამოღებას გეგმავს

IOC ოლიმპიადიდან ძალოსნობის ამოღებას გეგმავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან ძალოსნობისა და კრივის ამოღებას გეგმავს. როგორც ცნობილი გახდა, აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ორივე სახეობას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით - ძალოსნობას.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან დიდი ხანია მწვავე კონფლიქტი აქვს, რაც გამოწვეულია ფედერაციაში არსებული გაუმართავი მდგომარეობით და მეტწილად, დოპინგსკანდალებით, რაც ძალოსნობაში ძალიან ხშირია.

ამასთან, ოლიმპიური ქარტია შეიცვალა და ახლა ნებისმიერ სპორტს შეიძლება გაუუქმდეს IOC-ის სრული წევრობა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი ფედერაცია არ შეასრულებს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას ან ისე მოიქცევა, რომ შელახავს ოლიმპიური მოძრაობის რეპუტაციას.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ ძალოსნობაში 2 მედალი მოიპოვა, ისევე როგორც 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე. 2000, 2004, 2008 წლის ოლიმპიადებზეც ძალოსნობაში საქართველოს ასპარეზობა უმედლოდ არ დაუსრულებია.