ალექსის სანჩესი „ბარსელონას“ დატოვებას არ აპირებს

ალექსის სანჩესი „ბარსელონას“ დატოვებას არ აპირებს

რამდენიმე დღის წინ ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩილეს ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ლონდონის „არსენალში“ გადასვლას აპირებდა.

24 წლის სამხრეთ ამერიკელი  კატალონიურ გუნდში 2011 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. სამწუხაროდ ჩილელს ესპანური კარიერა არ აეწყო და „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ფეხი დღემდე ვერ მოიკიდა.

ესპანეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში სანჩესი მოედანზე 20-ჯერ გამოვიდა და მხოლოდ ორი გოლი მიითვალა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ჩილელისთვის ხელშეკრულების გაგრძელება ჯერ ვერ გადაუწყვეტია. ესპანური გაზეთების მტკიცებით, ამ წლის ზაფხულში სანჩესი კატალონიას აუცილებლად დატოვებს.

„არსენალის“ გარდა თავდამსხმელის გადაბირება იტალიურ გუნდებს „მილანს“, „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ სურთ.

დღეს დილით სანჩესი გამოცემა „Sport.es”-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „ბარსელონას“ დატოვებას კატეგორიულად არ აპირებს.

„კატალონიელებთან ხელშეკრულება 2016 წლამდე მაკავშირებს. გავიგე რომ კლუბის ხელმძღვანელობა თურმე ჩემი ასპარეზობით უკმაყოფილოა და რამდენიმე თვეში გასხვისებას მიპირებს. ამ ჭორებს ყურს არ ვუგდებ და ჩემს საქმეს წყნარად ვაკეთებ.

საკუთარი თავის ფასი შესანიშნავად ვიცი. თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში გარკვეულ სიმაღლეზე ვიმყოფები და უახლოეს წლებში საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლას ვაპირებ. ტრავმების გამო უწინდელი დონის მიღწევა გამიჭირდა, მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობ და სასურველ კონდიციებს მალე მივაღწევ. „ბარსელონაში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ამ გუნდის დატოვებას არ ვაპირებ.“ - განაცხადა ალექსის სანჩესმა.