თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაში გადავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას, როგორც ცნობილია, მოქმედი მერი, კახა კალაძე დაუპირისპირა. კალაძის შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი for.ge-თან ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედი მერი უკონკურენტოა და მას ვერავინ დაამარცხებს. ამილახვრი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა მელიას გაცვეთილ პოლიტიკოსად თვლის, რომლის სიტყვასაც არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების ვინაობა ასე თუ ისე ცნობილია, როგორ აპირებთ მათთან შებრძოლებას, რა გეგმა გაქვთ?
- კახა კალაძე არის უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში გაკეთებული საქმით დაამტკიცა, რომ ისტორიაში საუკეთესო მერი ყველაზე დიდ პრობლემებს შეეჭიდა, რაც თბილისში არსებობდა და მათი გადაჭარა დაიწყო. ამიტომ, ყოველივე ეს და საზოგადოების განწყობები, კვლევები გვაჩვენებს, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს არათუ ნიკა მელიასთან, სხვა ვინც არ უნდა დადგეს კანდიდატად. მათ არანაირი რეალური შანსი არ ექნებათ. კახა კალაძის მიერ გაკეთებული საქმე, პლუს მისი პიროვნული თვისებები და პოლიტიური წარსული ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეალისტურ პროგრამასთან ერთად, რომელიც თავიდან ბოლომდე პოზიტიური იქნება, მოქმედი მერი და მისი საკრებულოს გუნდი პირველივე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.
აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია და თვლით თუ არა კახა კალაძის მიმართ საბოტაჟად „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცვას?
- „თბილსერვის ჯგუფში“ ყველაფერი კარგად არის - ხელფასები გაეზარდათ, ფორმები იკერება და შეიცვალა ტექნიკა. დიახ, როგორც ჩანს, და ამის მოკვლევაც მიმდინარეობს, რომ შესაძლოა, ეს იყო ინსცენირებული რამდენიმე ადამიანის მხრიდან. თუმცა, ყველა პრობლემა აღმოფხვრილია და „თბილსერვის ჯგუფში“ რაიმე სიღრმისეული პრობლემა არ არსებობს, შესაბამისად მერია და მისი შესაბამისი სამსახურები გამართულად მუშაობენ, რათა მოემსახურონ ჩვენს დედაქალაქის მაცხოვრებლებს.
გასაგებია, რომ კახა კალაძემ დედაქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ კონკრეტულად ოპონენტებს რას დაუპირისპირებთ, რადგან მერობის ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება?
- ჩვენ გვექნება პროგრამის 6 თემატური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას - დაწყებული სოციალური საკითხით, სპორტი, კულტურა, განათლება ორგანული დაგეგმარება, გარემოს დაცვა, სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ. შესაბამისად, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს რეალისტურ გეგმებს გავაცნობთ. ამიტომ, წინასწარ ამაზე საუბარი არ გამოვა. უახლოეს მომავალში დაიწყება თემატური გეგმის პრეზენტაციები და თავად კახა კალაძე გააცნობს დედაქალაქელებს იმ დაპირებებს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესრულდება და თითოეულ მოქალაქამდე მივა ის შედეგი, რომელსაც დავპირდებით.
ექსპერტების აზრით, თუკი გიორგი გახარია კახა კალაძეს არჩილ არველაძეს დაუპირისპირებს, მაშინ მეორე ტური იქნება, თუმცა მეორე ტურში არველაძის ხმები კალაძესთან წავა და ის მელიას დაამარცებს, ამ მოსაზრებაზე რა აზრის ხართ?
- არაფრის მომცემ ჭორებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ. გახარიამ ვინც არ უნდა დააყენოს, არანაირი შანსი არ ექნება და რა ხმები საით გადავა-გადმოვა, ეს უფრო ჭორებია, ვიდრე სიმართლე.
ანუ, თქვენ პირველივე ტურში ელით გამარჯვებას და მეორე ტურს გამორიცხავთ?
- ორი აზრი არ არის, რომ პირველივე ტურში კალაძე გაიმარჯვებს - ამას ყველაფერი მოწმობს.
წინასაარჩევნო კამპანიის გამართვა პანდემიის ფონზე და რეგულაციების ფონზე მოგიწევთ. ამას როგორ დაარეგულირებთ?
- მთლიანად საარჩევნო კამპანიისას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კოვიდ რეგულაციები ჩვენი მხრიდან სრულად დაცული იქნება, რომელიც მოიცავს დისტანციას, პირბადეს და ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ აიცრან. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა, რომ ყველა ავიცრათ, რათა ეს პანდემია საბოლოოდ დავამარცხოთ.
გასაგებია, რომ კახა კალაძეს უკონკურენტოდ თვლით, მაგრამ იქნებ გვითხრათ, მაინც უშუალო კონკურენტად ვის თვლით?
- კახა კალაძისთვის რეალური კონკურენტი არ არსებობს. ვინც დღეს არის დასახელებული, გაცვეთილი პოლიტიკოსია - ნიკა მელიას სიტყვას არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია. ბოლო პერიოდში მან არაერთხელ გადათქვა საკუთარი მოსაზრებები და შემდგომ, სხვა ქმედებები განახორციელა. დღეს, არანაირი რეალური კონკურენტი არ არსებობს. შესაბამისად, ვხედავთ, რომ გარდა ერთი კანდიდატისა, ოპოზიცია ჯერ ვერ ასახელებს სხვა კანდიდატებს იმიტომ, რომ საგონებელში არიან ჩავარდნილი, რადგან არ იციან კახა კალაძეს ვინ დაუპირისპირონ, რადგან ყველა მარცხისთვის განწირულია.